მძიმე დღეა. მით უმეტეს, თუ ამ დღის სიმძიმეს ზურგს მერკური-სატურნის კვადრატიც გაუმაგრებს. რაც მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ზემდგომებსა და ხელქვეითებს შორის გარკვეული დაპირისპირებების ალბათობას მოასწავებს. თუმცა, ეს ასევე შეიძლება იყოს ე.წ. "მამათა და შვილთა" ომიც და ამ ორშაბათს, ისე როგორც არასდროს იზრდება უთანხმოების ალბათობა ასაკით უფროს, ხანდაზმულ ნათესავებთან.
შესაბამისად, სასურველი კი არა აუცილებელიც კია კვირა მაქსიმალური დიპლომატიით, ლოიალურობითა და ტაქტიანი ქმედებებით დაიწყოთ. ასე კონფლიქტებსაც აირიდებთ თავიდან და ასაკით უფროსი ადამიანების, ან სულაც ზემდგომების პატივისცემასაც იოლად დაიმსახურებთ.
სამაგიეროდ, კვირის დასწყისში თქვენს მიერ გამოჩენილი სიმშვიდისა და წინდახედულების "ბონუსად" 27 სექტემბერს რეალურად მოგეცემათ საშუალება საკუთარი, ყველაზე ორიგინალური და უტოპიური იდეებით გაიბრწყინოთ როგორც სამსახურში, ისე მეგობრების წრეში. ეს კარგი პერიოდია მოკლევადიანი, საქმიანი მოლაპარაკებების დასაგეგმად და სამომავლო გეგმების დასაწყობად.
28 სექტემბერს არ არის სასურველი გრძელვადიანი მივლინების ან მოგზაურობის დაწყება. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოელებთან მოლაპარაკებებისას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დღეს შესაძლოა იყოს შეფერხებები ავიარეისებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ოდნავ ზემოთ გაჟღერებული რჩევა, რომ თავი აარიდოთ რამდენიმე დღით მაინც გრძელვადიან მივლინებებს ძალაში რჩება.
კვირის ბოლოს ცაზე პლანეტარული განლაგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადანაცვლებების მომსწრეც გავხდეთ, როგორც ლოკალურად, ისე მსოფლიო პოლიტიკის კუთხით. პლანეტა პლუტონი დირექტიული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მასებით მანიპულირების მოთხოვნილება გადამწყვეტ ფაზაში შევა ამ ეტაპიდან.
30 სექტემბერს ვენერასა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტების გამო აუცილებელია საკმარისზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ პირადი ურთიერთობების კუთხით. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, ნუ მისცემთ საკუთარ თავს ილუზიების შექმნის ან საყვარელი ადამიანის (თუნდაც ძალზე არგუმენტირებული მიზეზით) მოტყუების ნებას.
30 სექტემბერსვე მერკური ლოგიკური და პრაქტიკული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან, დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული, უახლოესი ერთი თვის მანძილზე ადამიანებში მოიმატებს ლოიალურობა, სირბილე, მოლაპარაკებისა და შეთანხმების უნარი. ამიტომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, როგორც არასდროს ისე, მომგებიანი პერიოდი დგება მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაგეგმად.