უმთავრესი, რითაც მერწყული ბავშვი გამოირჩევა, უზომო ცნობისმოყვარეობაა. გარდა ამისა, მას უზომო სიჯიუტეც ახასიათებს. თუმცა, კუროსგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ პროტესტს არასასურველი კერძის მირთმევის მიმართ, სწორხაზოვნად გამოხატავს – "არ მინდა და მორჩა"; პატარა მერწყული ამ კერძს უბრალოდ მაგიდის ქვეშ დამალავს ან უკეთეს შემთხვევაში, ფანჯრიდან გადაისვრის. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, თქვენ კარის ზღურბლზე მდგარი, მოთხუპნული უცნობისთვის მოგიწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა თემაზე – რატომ "ბინადრობენ" თქვენს აივანზე "მფრინავი თეფშები".
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი შვილი ცოცხალი კითხვის ნიშანია. მას ყველა და ყველაფერი აინტერესებს თავის გარშემო. შესაბამისად, მისი თვალთახედვის არეს ტექნიკა და ელექტრო ხელსაწყოები მაქსიმალურად მოარიდეთ. თორემ ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ იგი მათი მუშაობის პრინციპით აუცილებლად დაინტერესდება და შეეცდება პრაქტიკულადაც გაარკვიოს, როგორ მუშაობს ტელევიზორი, რატომ ადუღებს წყალს ჩაიდანი და სად ან როგორ მიდის მტვერსასრუტის მიერ ხალიჩიდან აღებული მტვერი.
კარგი იქნება თუ თქვენს პატარას, ადრეული ასაკიდან მიაბარებთ საბავშვო ბაღში, მერწყულისთვის თანატოლებთან კონტაქტი ჰაერივით აუცილებელია! თუმცა, მანამდე, საიმისოდ რომ თანატოლებთანაც პატარა ტერორისტივით არ მოიქცეს, ეს მოუსვენარი და ბუნტის მოყვარული არსება, შესაბამისი სიმკაცრით და ლოგიკური ახსნა-განმარტებებით უნდა მიაჩვიოთ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ მაინც სცადეთ.