ცნობილია, რომ მოვლენებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით - სამყაროში, ცაზე პლანეტების მნიშვნელოვანი კონფიგურაციები და გადაადგილებები განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შავი მთვარის ტრანზიტი სხვადასხვა ზოდიაქოში. თითქმის ერთი წლის მანძილზე ზემოხსენებული შავი მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში იმყოფებოდა რის ხარზეც არაერთგზის ვიხილეთ რელიგიური თუ იდეოლოგიური დაპირისპირებების ბუმი ყველგან. უკვე 9 ნოემბრიდან კი შავი მთვარე თხის რქის ნიშანში გადადის, სადაც იგი აგვისტოს დასაწყისამდე დარჩება და ამჯერად უკვე იმ თემებში გამოიწვევს გაუგებრობებს და ცდუნებებს, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის ითვლება პრიორიტეტულად.
ეს თემებია: მაღალი ეშელონები, პოლიტიკა, ძალაუფლება ზოგადად, საკუთარი კარიერული გეგმების ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებზე გადაბიჯების ხარჯზე მიღწევის სურვილი, ხელქვეითებისა და დაბალი იერარქიის მქონე ადამიანებთან ქედმაღალი დამოკიდებულების მოთხოვნა და ა.შ. შავი მთვარე თხის რქაში ეს არის ცდუნება ძალაუფლებით და თანამდებობით. ამიტომ ამ პერიოდიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი დადგება ძალაუფლების ბოროტად ან გადამეტებულად გამოყენების ცდუნების წინაშე. ზემოხსენებული ტენდენციები განსაკუთრებით აქტიური დეკემბრის მეორე ნახევარში იქნება, როცა მოხდება მზისა და შავი მთვარის აქტიური შეერთება თხის რქის ნიშანში. არ არის გამორიცხული საზოგადოებამ იხილოს ხმაურიანი სკანდალებიც, რომელიც გარკვეული მაღალჩინოსნების გამოაშკარავებას მოჰყვება თან.
ნუ დაგავიწყდებათ, შავი მთვარე თხის რქაშია და იუპიტერი მორიელში, რაც არაერთი უკეთური საქციელის გამოაშკარავებას შეუწყობს ხელს... მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ სარბიელზე გაზაფხულზეც. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული ბევრმა ადამიანმა სახელი "სკანდალური პოპულარობით" გაითქვას. ხოლო მაისის თვეში, შავი მთვარისა და პლუტონის შეერთების ხარჯზე არ არის გამორიცხული, ბევრმა სერიოზულ ფინანსურ სარგებელსაც გამოჰკრას ხელი თანამდებობრივ ნიადაგზე. თუმცა, ამ წარმატების ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.