მშვილდოსანი იმდენად მოუთმენელი ბუნების პატრონია, რომ თქვენი შვილი სირბილს თუ არა ხოხვას მაინც, სხვა თანატოლებზე ბევრად ადრე ისწავლის. მაგრამ თუკი ეცდებით, მიზნისკენ "სახოხავ" გზაზე გადაეღობოთ, ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლისთვის დამახასიათებელ ისეთ ღრიალს მორთავს, უმალ დაუთმობთ გზას ამ პატარა მოხეტიალეს. რაკიღა მშვილდოსანი იუპიტერის მფარველობის ქვეშ დაიბადა, მიუხედავად იმისა რომ ხიფათიანია და მისი უყურადღებოდ დატოვება წამითაც არ შეიძლება, ხშირად გაოცებას ვერ დამალავთ ისეთი ოსტატობით აარიდებს თავს სერიოზულ ტრამვებს. თუმცა, თუ მაინც მოახერხა და ერთი–ორი სოლიდური კოპით დაიმშვენა შუბლი, ამასაც ღირსეულად ატარებს და გულამოსკვნილი ღრიალის შემდეგ, ისეთი გადამდები ღიმილით გაგიღიმებთ, მასზე გაბრაზება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
პატარა მშვილდოსანს ძალიან უყვარს ცხოველები. შესაბამისად, მისი მხრიდან, თქვენი სახლის მინიზოოპარკად გადაკეთების მცდელობას არაერთგზის ექნება ადგილი. მშვილდოსანს ასევე ძალიან იზიდავს ხალხმრავლობა. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ სახლში სტუმრების მოსვლისას, თქვენი შვილი "ყირაზე დადგეს" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნება. გარშემო მყოფთა აღტაცება და სიცილი რომ გამოიწვიოს, ეს პატარა არსება მონდომებით შეასრულებს სხვადასხვა ტრიუკს. იქნება ეს სავარძლის თავიდან გადმოხტომა, თუ კარადაზე აცოცება ფისოს ჩამოსაყვანად. ამიტომ, თქვენი შვილის "ცეცხლოვანი ენერგია" რომ როგორმე დააბალანსოთ, აჯობებს იგი პატარა ასაკიდან დააინტერესოთ სპორტის რომელიმე სახეობით ან ცეკვით. მერწმუნეთ, ეს საუკეთესო გზაა საიმისოდ, რომ სახლში ნივთების რაღაც ნაწილი მაინც გადაგირჩეთ მთელი.