ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირის შესახებ. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობასაც ასვამს თავის არცთუ უმნიშვნელო კვალს. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს ასევე პლანეტარული გავლენაც. ამჯერად, მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ, იმის შესახებ, თუ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად ავად ყოფნის მიმართ.
ვერძი
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებს, როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. გავრცელებული მეთოდი ნებისმიერ დაავადებასთან ფსიქოლოგიური მეთოდით ბრძოლის შესახებ, სავარუდოდ ვერძებმა მოიგონეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი, არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო, ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. გარდა ამისა, ვერძები არც მოტეხილობებისა და უბედური შემთხვევებისგან არიან დაზღვეული. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი, ვისაც უშუალოდ თავის ტრამვა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.
კურო
კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ისინი არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოებს სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ, კუროს შესაშურ მადასთან და გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი, რაც შეეხება ყელს და სახმო იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტისა და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი სახმო იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანდიტან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.
ტყუპი
ტყუპი ჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან, აქედან გამომდინარე, მათთვის არცთუ იშვიათადაა დამახასიათებელი მოუსვენარი ხასიათი, ნერვოზულობა და სხვადასხვა სახის ფობიები. გარდა ამისა, ტყუპის ზოდიაქო ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს "კურირებს", ასტროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქიალური ასთმა და ჰაერის უკმარისობა. თუმცა, ვირუსულ ინფექციებთან ერთად, ბევრი ტყუპი ასევე კიდურების ამოვარდნილობისკენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობებისკენაცაა მიდრეკილი.
კირჩხიბი
კირჩხიბთა უმრავლესობა გამომდინარე იქიდან, რომ ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენაა მიდრეკილი, ხშირად საკუთარ დაავადების გამომწვევი თავადაა გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე. კიბო მთვარით იმართება, მთვარე კი თავის მხრივ სითხეების მფარველია. ამიტომ არაერთი კირჩხიბი იტანჯება ალკოჰოლ ან ნარკოტიკდამოკიდებულებით. ამასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქო საჭმლისმომნელებელ სისტემას და ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობასაც განაგებს, აქედან გამომდინარე კირჩხიბებს მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა მართებთ სწორედ ამ კუთხით.
ლომი
ლომის სისუსტე გულია, ამ ადამიანებს, როგორც წესი, უგულოდ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. გულით უყვართ, გულით სძულთ, გულით პატიობენ. აქედან გამომდინარე, სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ლომი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ოპტიმიზმითა და თავისებური უდარდელობით არ აღიქვამდეს ნებისმიერი სახის დაავადებას. ამიტომ უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი, რომლითაც ლომებს მფარველი პლანეტა მზე აჯილდოებს, ძალზე ხშირად ხდება მათთვის ურთულესი დაავადებების დამარცხების საფუძველი და საბოლოო გამოჯანმრთელების მიზეზი.
ქალწული
ზოდიაქოს ე.წ. ჯანმრთელობის სახლის დიასახლისი ქალწული, როგორც წესი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას, ხშირ შემთხვევაში მკაცრ კონტროლზე აქვს აყვანილი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კვების რეჟიმი, დასვენების და მუშაობის საათები. გარდა ამისა, ნებისმიერმა საშუალო სტატისტიკურმა ქალწულმა, ზეპირად იცის ამა თუ იმ მედიკამენტის ანოტაცია, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. შესაბამისად, ქალწული, რომელსაც გართულებული ან ქრონიკულ სტადიაში გადასული სენი გააჩნია, ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც აწუხებთ კონკრეტული დაავადებები - კერძოდ კი კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია ცხოვრების მანძილზე.
სასწორი
სასწორი პლანეტა ვენერას მფარველობაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ ზედმეტი წონის საკითხს და თირკმელების გამართულად მუშაობის რიტმს არეგულირებს. ამასთან ერთად, სასწორების უმრავლესობისთვის დამახასიათებელ ტკბილეულის სიყვარულსაც თუ გავითვალისწინებთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორებასთან დაკავშირებული პრობლემები არცთუ იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. თუმცა, თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნება, ხშირად ეხმარება სასწორებს იმაში, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებს დროულად მიხედოს, თავი ხელში აიყვანოს და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე ორგანიზმი ჩვეულ, ჯანსაღ რიტმში დააბრუნოს.
მორიელი
გამომდინარე იქიდან, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა პლუტონი (ეპიდემიური დაავადებების რისკი) და მარსი (საერთო სასიცოცხლო ტონუსი) მართავს, მორიელებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს. გარდა ამისა, მძაფრი ემოციებით გამოწვეული სტრესული სიტუაციები, რომელსაც მორიელები ცხოვრებაში არაერთგზის (ხშირად გამიზნულად და შეგნებულადაც კი) განიცდიან, ბევრჯერ ხდება მათთვის ქრონიკული დაავადებების დაწყების მიზეზი. ამასთან ერთად, გადამეტებული რისკის სიყვარული და მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ დააყენოს, ბევრ მორიელს აქცევს უბედური შემთხვევის ან ავტო-ავარიის მსხვერპლად. თუმცა, სიცოცხლისუნარიანობა, მორიელებს ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელბზე მეტად ახასიათებთ, აქედან გამომდინარე ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ბევრ მათგანს ქრონიკული დაავადების დამარცხებაც კი წარმატებით შეუძლია.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების უმრავლესობისთვის ცხოვრება გამუდმებული ფათერაკებისა და რისკის ქვეშ მიედინება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ წარმატების მომტან პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ სასწულებრივად დააღწიონ თავი, ნებისმიერი სახის პრობლემასა და სირთულეს. მშვილდოსნის ზოდიაქო, სიმბოლურად ღვიძლის გამართულად მუშაობის საკითხზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათად აწუხებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მიზეზიც ხშირადაა გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რაც ბევრ მშვილდოსანს ახასიათებს.
თხის რქა
თხის რქა ერთ-ერთი უმთავრესი "დამსჯელი" პლანეტის - სატურნის მფარველობის ქვეშაა, სიმბოლურად სწორედ სატურნის მდებარეობის მიხედვით ადგენენ ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში დაავადების ალბათობას და მისი განვითარების გზებს. თუმცა, სატურნის გავლენა ზოგადად თხის რქებზე, ყოველთვის როდი ვლინდება ნეგატიური კუთხით. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ თხის რქაში შეინიშნება. თუმცა, სატურნის რაობიდან გამომდინარე, თხის რქების უმრავლესობა ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს, ამიტომ ბავშვობის ასაკში მოწუწუნე და ავადმყოფი თხის რქა, შესაძლებელია უკვე ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადამიანად მოგვევლინოს, ყველაფერი მის ხასიათში სატურნული თვისებების სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული (დარდსა და პესიმიზმს ქრონიკული დაავადებები მოსდევს, ოპტიმისტურ მიდგომას კი - წლობის მანძილზე გაკაჟებული ჯანმრთელობა).
მერწყული
მერწყულის ზოდიაქო და მისი მმართველი პლანეტა ურანი - სიმბოლურად ნერვულ სისტემის მდგრადობასა და ვენური სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულების უმრავლესობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულება გააჩნია, მათ დიდ ნაწილს ხშირად ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის ფობია აწუხებს, რომელიც თავის მხრივ ნერვულ ნიადაგზე წარმოიქმნება. თუმცა, ურანის ამოუცნობი და ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებად იკიდებს ხანგრძლივი დროით ფეხს და თუ მაინც იკიდებს, იგი ქრონიკულ ფორმებში იშვიათად გადადის.
თევზები
აი, რაც შეეხება, ზოდიაქოს რკალზე რიგითობის მიხედვით ყველაზე ბოლოს განლაგებულ თევზების ზოდიაქოს, თუ მათი მფარველი პლანეტა ნეპტუნის ილუზორულ ბუნებას გავითვალისწინებთ, ასევე იმასაც, რომ ნეპტუნი ყველაზე ხშირადაა ე.წ. ფსევდო-დაავადებების სიგნიფიკატორი ამა თუ იმ პიროვნების რუკაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თევზების ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ხშირად მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება თავად ცხოვრების მიმართ. აქედან გამომდინარე, ასტრო-დიაგნოზი თევზებისთვის მარტივზე- მარტივია, შევცვალოთ აღქმა - შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.