ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.
რატომ უნდა იამაყო შენი ზოდიაქოს ნიშნით – ლომი
"თუკი თქვენ ფრთების გარეშე დაიბადეთ, მათ ამოზრდას სამომავლოდ მაინც ნუ შეუშლით ხელს"
კოკო შანელი
ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ხალხი მზესავით თბილი, დიდსულოვანი და გულუხვია ბუნებით. ამასთან ერთად, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ ლომს გააჩნია მოთხოვნილება და ამბიცია იმისა, რომ თავადაც მზესავით ანათოს და იბრწყინოს საზოგადოებაში. თუმცა, ის თუ რამდენად ხელეწიფება მას ეს, უკვე თავად ინდივიდის აღზრდასა და ნებისყოფის დონეზეა დამოკიდებული.
რა პრიორიტეტები აქვს ლომს?
ლომს მეფური ბუნება და მბრძანებლური ხასიათი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ იმიჯია, რომლის შექმნასაც მას სიამაყე და თავმოყვარეობის მაღალი კოეფიციენტი აიძულებს. რეალურად კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საოცრად მოწყვლადი ფსიქიკა, სენტიმენტალური ბუნება და რომანტიკოსის ქვეცნობიერი გააჩნიათ. ლომი გულით იმართება. შესაბამისად, იგი ყველაფერს ამქვეყნად აკეთებს გულით – უყვარს გულით, შრომობს გულით, მტრობს გულით.
ლომებს დიდი სასიცოცხლო პოტენციალი და ამტანი ორგანიზმი გააჩნიათ. მათ უზომოდ უყვართ ზოგადად სიცოცხლე, ასტროლოგები სხვაგვარად ლომებს "ადამიან-დღესასწაულს" უწოდებენ, იმის გამო, რომ ამ ხალხის ხასიათში დაუშრეტელი ოპტიმიზმი, სულის სიძლიერე და ნებისყოფა ფიგურირებს მუდამ. მართალია, იგი გულჩვილი და რომანტიკულია პერიოდულად, მაგრამ როგორც მტერს, ბადალი არ ჰყავს პრინციპულობაში, ხოლო როგორც მეგობარი, დაუფასებელი განძია ნებისმიერისთვის. ისეთი რომლის იმედიც შეგიძლიათ თვალდახუჭულმა იქონიოთ ძნელბედობისას. სიმამაცე ზოგადად, ორივე სქესის ლომების სავიზიტო ბარათია ცხოვრებაში.
როგორც წესი, დაქვემდებარებულის როლში ყოფნას ლომების დიდი ნაწილი ვერასოდეს ეგუება. ისინი მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად და კმაყოფილად როცა საშუალება გააჩნიათ სხვებს უპატრონონ, რჩევები მისცენ და დაეხმარონ გასაჭირში. ლომის თვითშეფასება ერთორად მაღლდება მაშინ, როცა იცის, რომ გარშემო მყოფები მასში საჭირო და შეუცვლელ ადამიანს ხედავენ. ეს გრძნობა ლომში თანდაყოლილ სიზარმაცესაც კი ეფექტურად ებრძვის.
კატასავით კომფორტის მოყვარულს, ხშირად სტიმულს სწორედ საზოგადოების მხრიდან წამოსული მუხტი აძლევს საიმისოდ, რომ ღუმელთან ზარმაცად წამოწოლილი ფისუნიიდან ფაფარაშლილ, მრისხანე და ძლიერ ჯუნგლების მბრძანებლად იქცეს. თუ ლომის თავმოყვარეობა შელახულია, მისი მეფური ბუნება ყოველთვის მონახავს გზას საიმისოდ, რომ საკუთარი სიძლიერე საზოგადოებას ნათლად დაუმტკიცოს ახლო მომავალში.
შემთხვევითი როდია, რომ ლომის ნიშნის ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა – მოდის კანონმდებელმა, კოკო შანელმა საკუთარი არისტოკრატული წარმომავლობაც კი შეთხზა საიმისოდ, რომ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად დაბალი სოციალური ფენის შვილობას ხელი არ შეეშალა მისთვის. თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ფაქტში ის გახლავთ, რომ კოკომ არამარტო შეთხზა მითი, საკუთარი გენეოლოგიის შესახებ თავადაც უპირობოდ დაიჯერა და გაითავისა იგი. შესაბამისად, მისი "ცისფერსისხლიანობა" არც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ არასოდეს.
ლომის უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, მას ძალა შესწევს თავად იყოს საკუთარი ბედის მჭედელი და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ჭეშმარიტი მეფის ან დედოფლის სტატუსი მოიპოვოს საზოგადოებაში ხანგრძლივი ვადით ან სამუდამოდ.