ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
რჩევები მორიელს
ალბათ ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით, რომ რჩევის მიცემა მორიელისთვის, რომელიც სასიყვარულო "ფიასკოს" შედეგად იტანჯება, საკმაოდ რთული რამაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს, შუალედური პოზიცია თითქმის არაფრის მიმართ არ გააჩნიათ ამ ქვეყანაზე, მათ შორის არც პირადი ურთიერთობებია გამონაკლისი. ამიტომ მორიელების უმეტესობას ყოველთვის ან უზომოდ უყვარს ვინმე, ან დასანახავად ეზიზღება.
ამასთან ერთად, უდიდესი სიყვარულიც კი, მათ შემთხვევაში ხშირად გადაიზრდება ხოლმე დაუფარავ სიძულვილსა და სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობაში. მორიელს უბრალოდ არ შეუძლია აიტანოს ის რომ, არათუ უღალატეს, არამედ მეორეხარისხოვან პერსონად მიიჩნიეს ან ყურადღება მოაკლეს. კიდევ ერთი, ყველაზე დიდი მტერი მორიელის სასიყვარულო კავშირისა არის ეჭვიანობა. მართალია, როგორც წესი, მორიელი იშვიათად იწყებს ეჭვიანობას უმიზეზოდ, მაგრამ ეს არ ცვლის სიტუაციას. იმიტომ რომ თუნდაც სავსებით სამართლიანად გამოხატული მისი ეჭვიანობა, პარტნიორისთვის ხშირად აუტანელი და სულის შემხუთველი ხდება. რაც საბოლოოდ მაინც იწვევს იმას, რომ ურთიერთობა მთავრდება.
აი, როცა ურთიერთობა მთავრდება (მით უმეტეს პარტნიორის ინიციატივით) მერე იწყება მორიელის შურისძიება. არ იფიქროთ, რომ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მისაღები "მშვიდობიანად დავიშალეთ" ან "მოდი, მეგობრებად დავრჩეთ" უშველის მორიელთან დაშორებისას გაჩენილ საფრთხეს, საფრთხე კი რეალურად არსებობს მისი ყოფილისთვის.
მორიელი არ პატიობს შეურაცხყოფას და ვინმეს მხრიდან მისი პერსონის ჯეროვნად არდაფასების მომენტს. ამიტომ ყოფილის მიმართ დაგეგმილი მისი შურისძიება, არა ერთი ან ორი შესაძლოა რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. მორიელს გასაოცარი მოთმინება გააჩნია, თუკი საქმე შურისძიებას ეხება. თუმცა, ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მაქსიმალურად ურჩევენ ხელი აიღონ ყოფილზე ჯავრის ამოყრის მოთხოვნილებისგან.
არავინ დავობს იმას, რომ მიტოვებულის როლში ყოფნა თავმოყვარეობისთვის მძიმე დარტყმაა, მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მორიელის ნიშანი ყველაზე მეტადაა მიდრეკილი ქრონიკული ან ქრონიკულისკენ მიმავალი სხვადასხვა ტიპის დაავადებებისკენ. წყენას, ბოღმას და ბრაზს, რომელსაც იგი წლობით ატარებს, გარეგნული გულგრილობის ნიღბის უკან მის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების გამოწვევა შეუძლია. ასე რომ ძვირფასო მორიელებო, გიღირთ კი ერთჯერადი შურისძიება ამად?