გემოვნების გარშემო დაობს, არადა ფრთიანი ფრაზა "გემოვნებაზე არ დაობენ" სულ ტყუილად არის მოგონილი. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ჩაცმის სტილსა და მიდრეკილებებს სამოსში. ამიტომ შოპინგზე როცა მიდიხართ, ყოველთვის ისეთი ადამიანი გაიყოლეთ, რომელსაც თქვენ ზოდიაქოს ნიშანთან ჰარმონიული თავსებადობა გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შორის უთანხმოებაც ზუსტად გემოვნების გამო მოხდება.
მაინც როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩაცმულობაზე. ასტროლოგები საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობენ.
ვერძები მოდას კი არ მისდევენ, მოდა იქეთ მოსდევს ხშირად ამ ხალხს... ცხადი და მკაფიო მაგალითია სარა ჯესიკა პარკერი, ანა დელორუსო და ვიქტორია ბექჰემი. ვერძს უყვარს წითელი, მკვეთრი ჟოლოსფერი ფერები. სამოსში ექსპერიმენტებს არ ერიდება.
კუროს პრაქტიკულობა ხიბლავს. მაგრამ ხარისხი მისთვის უმთავრესია, ამიტომ იგი ხშირად გვხვდება ე.წ. "ბრენდომანთა" სიაში, იმიტომ რომ ბრენდის გარანტიით მას შეუძლია ხარისხიანი სამოსი იყიდოს. მოსწონს რბილი ტონალობები. ხშირად იცვამს ტრიკოტაჟის და ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსს.
ტყუპს ჰაეროვნება სამოსის არჩევისასაც ეტყობა. იგი ყველანაირი ტიპის სამოსს იხდენს. უყვარს ღია ფერები და ნებისმიერ ასაკში ატარებს "თინეიჯერულ" ტანსაცმელს. მისთვის მთავარია სამოსი კომფორტული და მკვეთრი იყოს. გიჟდება სასაცილო ნაწერებითა და პრინტით გაწყობილ სამოსზე.
კირჩხიბს ე.წ. "დრეს-კოდის" ტიპის სამოსისკენ აქვს მიდრეკილება. ამ ადამიანებს უყვართ კლასიკური სამოსი ან კონკრეტული დეტალები, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. ისინი სიამოვნებით ატარებენ დედის ან ბებიის ნაქონ კაბას, შარფს ან ჩანთას ულტრათანამედროვე სამოსთან ერთად.
ლომს სიკაშკაშე მოსწონს ყველაფერში, მათ შორის იმიჯის კუთხითაც. ძალიან ბევრი ლომი ზუსტად რომ სამოსით ცდილობს მიიქციოს ხალხის ყურადღება. ლომებს უყვართ სექუინებით გაწყობილი, ბრჭყვიალა ან ბზინვარე ფაქტურის სამოსი. ტყავის კაბა ან შარვალი მათი გარდერობის განუყრელი კომპონენტია.
ქალწულს მინიმალისტური დამოკიდებულება აქვს სამოსთან მიმართებაში. ამ ადამიანებს არ უყვართ უხამსობა, ზედმეტობა და ვულგარული იმიჯი. ამიტომ ყოველთვის აცვიათ სადად, მაგრამ ხარისხიანად. ქალწული ხარისხის ამოცნობის დიდოსტატია. შესაბამისად, მისი იმიჯი ყოველთვის შედგება მაღალი კლასის და ფაქტურის ტანისამოსისგან, რომელიც შესაძლოა თვალს არ ჭრიდეს სიმკვეთრით, მაგრამ სოლიდურად გამოიყურება.
სასწორი ფერებისა და აქსესუარების მოყვარულია. მოსწონს სხვადასახვა ტონალობის ფერებით დაკომპლექტებული სამოსის ტარება. იგი ხშირად ეტანება მოჩითულ ან დაპრინტულ ტანსაცმელს. მისის სისუსტეა ბაფთები და აქსესუარები.
მორიელი სამოსშიც ისევე იდუმალი უნდა იყოს როგორც ხასიათის თვისებების გამომჟღავნებისას. ამიტომაც უყვართ მორიელებს შავი ფერი, ტყავისა და მეტალის აქსესუარები კი მათში მმართველი პლანეტების მარსის და პლუტონის აგრესიულ ენერგიას გამოხატავს. ხოლო მუქი სათვალე გარშემო მყოფთა სათვალთვალოდ სჭირდება.
მშვილდოსანი კომფორტს ანიჭებს ყველაზე დიდი მნიშვნელობას. ამიტომ ხშირად შეხვდებით სპორტულად გამოწყობილს, ჯინსებითა და ბოტასებით. შესაძლოა კაბაზეც კედები ამოიცვას, იმიტომ რომ გადაადგილებაში ქუსლიანი ფეხსაცმელი უშლის ხელსაც და ნერვებსაც. ნაკლებად ხმარობს მაკიაჟს.
თხის რქა კონსერვატორული და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. მას არ უყვარს თამამი ექსპერიმენტები, თუმცა კარგად იცის, რა არის მოდაში და როგორ ატაროს სამოსი ისე, რომ დასაცინი არ გახდეს საზოგადოებაში არც ჩამორჩენილობის, არც ულტრათანამედროვეობის გამო. მოსწონს კლასიკური სტილის პიჯაკები და ფეხსაცმელები.
მერწყული თხის რქის სრული ანტიპოდია. იგი თავადაა მოდისა და სტილის კანონმდებელი საზოგადოებაში. არასოდეს ერიდება თამამ ჩაცმულობას, აქსესუარებსა და დეტალებს, რომელიც ერთი შეხედვით უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ხალხს. მერწყული ჩაცმულობით ყველაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ ინდივიდუალიზმს.
თევზები
დახვეწილი და რომანტიკული დამოკიდებულება აქვს სამოსის მიმართ. უყვარს ნაზი, ქალური ელემენტებით გაწყობილი კაბები. ნებისმიერ გარდერობს უმატებს საკუთარ შტრიხებს, რომელიც ხშირად აქსესუარების საინტერესო კომბინაციით გამოიხატება. ძალიან უყვარს ჩანთებისა და ხელთათმანების კოლექციონერობა.