და მე პირადად, ხშირად დავკვირვებივარ, რომ სახლებს თავისი "აურა" და ენერგეტიკული მიკრო-კლიმატი გააჩნიათ. ფენ-შუის მიხედვით კი არსებობს 7 ოქროს წესი იმისა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სახლი საიმისოდ, რომ თქვენს ბინაში მუდამ სიმყუდროვე და კომფორტული გარემო სუფევდეს. დღეს ამ შვიდ წესს გაგაცნობთ:
წესი პირველი - არასოდეს გააერთიანოთ სამზარეულო და მისაღები ოთახი. მისაღებ ოთახში აკუმულირდება ოჯახის იღბლისა და დოვლათის პოტენციალი. ამიტომ მისი გაერთიანება სამზარეულოსთან თქვენს ფინანსურ შემოსავალს შეამცირებს და ნაცვლად სოლიდური გამომუშავებისა, მოგიწევთ "წვრილ-წვრილი" შემოსავლით ირჩინოთ თავი.
წესი მეორე - დაუყოვნებლივ მოიშორეთ თავიდან ნებისმიერი ნივთი, რომელიც ძველია, გამოუყენებელი (და მხოლოდ "ვაი და რა ხდებას" პრინციპით ინახავთ), გატეხილი ან გაფუჭებული ტექნიკა; სამოსი, რომელიც მოდიდან გადავიდა ან უბრალოდ მოგბეზრდათ. მოკლედ, "წარსულს ნუ დააგროვებთ" ოჯახში. ფენ-შუის მიხედვით ეს ყველაფერი პოზიტიური სიახლეების შემოდინებას ბლოკავს თქვენს ცხოვრებაში.
წესი მესამე - ძველი, აბსოლუტურად გაურკვეველი პატრონის ხელში გამოვლილი ნივთები და სუვენირები. ნივთები, რომელთა თავდაპირველი მფლობელის ვინაობაც თქვენთვის აბსოლუტურად უცნობია შესაძლოა საკმაოდ მძიმე ენერგეტიკას ატარებდეს, რაც სამომავლოდ ავადმყოფობის ან წარუმატებლობის საწინადრია. ასეთი ნივთები განსაკუთრებით საშიშია საძინებელ, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებში.
წესი მეოთხე - შეაკეთეთ სანტექნიკა. ფენ-შუის მიხედვით, მუდმივად წყალგამდინარე ონკანი, ძველი საკანალიზაციო მილები, მორყეული უნიტაზი ოჯახში სიღარიბეს იზიდავს. გამდინარე წყალს კი თქვენი ბარაქა და ფულიც მიჰყვება.
წესი მეხუთე - ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი სარკისთვის. სარკეები მაგიურ ენერგიას ატარებენ. ამიტომ მათი განთავსება კატეგორიულად იკრძალება შემოსასვლელი კარის საპირისპიროდ. თუკი სარკეში კარის გაღება-დაკეტვის პროცესი მოჩანს, თქვენი ოჯახიდან წარმატება, ბარაქა და ჯანმრთელობა უმისამართოდ გაედინება.
წესი მეექვსე - ყურადღება მიაქციეთ კიბეებს. ოჯახში კიბე, რომლის საფეხურებს შორისაც საცარიელე ან ღია ადგილია სიღარიბის მომტანად ითვლება. ასეთი კიბეების პატრონს იშვიათად უმართლებს მსხვილ ფინანსურ გარიგებებში.
წესი მეშვიდე - შემოსასვლელ კარზე არასოდეს დაკიდოთ ე.წ. "ქარის მუსიკა", საათი ან ზანზალაკები. ფენ-შუის მიხედვით ასე თქვენ აფერხებთ დროის სვლას და ხელს უწყობთ უძრაობისა და უსახსრობის პერიოდის დადგომას საკუთარი ოჯახის ცხოვრებაში.