მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
"ვაბამთ" მერწყულს
მერწყულის ზოდიაქოს ორი პლანეტა მართავს - ექსცენტრიკული ურანი და პირქუში სატურნი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები, ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები, თუმცა საკმაოდ პრინციპულები და თავისნათქვამები არიან.
წესი პირველი და უმთავრესი - იყავით საინტერესო, მან ვერასოდეს უნდა "ამოგხსნათ".
მერწყული მამაკაცი ბუნებით დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოყვარულია. ამიტომ იგი ყველაზე ძნელად იღებს გადაწყვეტილებას ქორწინების შესახებ. მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ურთიერთობა ყოველგვარი საბუთისა და შტამპის გარეშე. თუკი თქვენ იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც მასსავით არ ანიჭებს მნიშვნელობას ოფიციალურობას ურთიერთობაში გაგიმართლათ, - მერწყულის სახით ერთგულ და საინტერესო მეორე ნახევარს შეიძენთ. ამ კაცთან ურთიერთობისას უნდა იცოდეთ, რომ იგი ხშირად უცნაურად იქცევა. გააჩნია საკუთარი წესები ცხოვრებაში, რომელსაც არავის და არაფრის დიდებით არ დათმობს.
იგი ჯიუტი და პრინციპულია. თუმცა იშვიათადაა აგრესიული. უბრალოდ, რა სახის ზეწოლაც არ უნდა განახორციელოთ მასზე, ვერასოდეს აიძულებთ რაიმეს გაკეთებას თქვენ სასარგებლოდ, თუკი თავად არ ჩათვლის საჭიროდ ამის ჩადენას. მერწყულს მოსწონს ურთიერთობები, რომელიც პირველ რიგში კარგ მეგობრობას ეფუძნება. ქალში იგი არამხოლოდ საყვარელს, არამედ მეგობარს და კარგ თანამოაზრეს ეძებს. ამიტომ თუკი თქვენი ურთიერთობა ზუსტადაც რომ მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული გაცილებით მეტი შანსი გაქვთ ამ კაცთან სერიოზული ურთიერთობის გასაბმელად. ერთგულების საკითხში მერწყული ნაკლებად განეკუთვნება მოღალატეთა რიცხვს. თუმცა იგი ჰაერის ნიშანია, შესაბამისად, ადამიანებთან კომუნიკაცია მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა. შესაბამისად, ნუ ჩაუთვლით მას ქალებთან მეგობრობის უნარს ფლირტად ან ღალატად.