თუ ვისაუბრებთ, ოთხი ძირითადი სტიქია არსებობს, რომელშიც სამ-სამი ზოდიაქოს ნიშანია გაერთიანებული. ზუსტად ეს სტიქიები განაპირობებენ იმას, თუ როგორია ამა თუ იმ ინდივიდის ხასიათი, ემოციური დონე თუ პასუხისმგებლობის გრძნობა. სტიქია განსაზღვრავს ასევე იმასაც, თუ ვისთან ურთიერთობა უფრო გიადვილდებათ - თანასტიქიელები უკეთ უგებენ ერთმანეთს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავად შეგიძლიათ გაეცნოთ ასტროლოგიის ე.წ. "ანა-ბანას".
სტიქია ცეცხლი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის ქვეშ ფეთქებადი, გამორჩეულად ენერგიული და ნოვატორული აზროვნების მქონე ნატურები იბადებიან. თავისუფლებისმოყვარეებსა და ამაყებს, განსაკუთრებული პიროვნული შარმი და მომხიბვლელობა გააჩნით. მათ შორის ბევრი თავისი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი გვხვდება, ცეცხლის სტიქიას უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე განეკუთვნება. სამწუხაროდ, უკიდურესობებით აღსავსე ბუნება, ზოგჯერ მათ არა მარტო სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის, არამედ დიქტატორის და სადისტის ხასიათსაც უყალიბებს.
სტიქია წყალი: კირჩხიბი, მორიელი, თევზები
ემოციური, ძალზე მგრძნობიარე ნატურები. აქვთ საოცრად განვითარებული ინტუიცია, ადამიანთა გამჭოლ ხედვის და გარდასახვის შესანიშნავი უნარი. მათ შორი ბევრი ფსიქოლოგი, მედიუმი, ასტროლოგი, პარაფსიქოლოგი გვხვდება. ისინი კარგად ეწყობიან ასევე ხელოვნების სხვადასხავა სფეროს: თეატრს, კინოხელოვნებას, მხატვრობას, მუსიკას და ა.შ. არიან ფრთხილები და დაკვირვებულები. შეუძლიათ იყონ კარგი ფინანსისტები, მხედართმთავრები, ღვთისმსახურები. ამ სტიქიის ადამიანებში, მათი კაცთმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი ქველმოქმედი და მეცენატიც გვხვდება.
სტიქია მიწა: კურო, ქალწული, თხის რქა
გაწონასწორებული, სტაბილური და რეალისტი ადამიანების სტიქიაა, ამ სტიქიის წარმომადგენლები მიწაზე მართლაც, რომ ყოველთვის მყარად დგანან. მათ უმრავლესობას მატერიალური დოვლათის დაგროვებისა და ფულის შოვნის შესაშური ნიჭი გააჩნია. საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტები, ბიზნესმენები და ბანკირები სწორედ, რომ ამ სტიქიით იბადებიან. ანალიტიკური აზროვნების უნარისა და დაკვირვებულობის წყალობით, მათ შორის ბევრი მეცნიერიც გვხვდება. გარდა ამისა, მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისგან გონიერი, ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსები და მმართველებიც გამოდიან.
სტიქია ჰაერი: ტყუპი, სასწორი, მერწყული
კომუნიკაბელური, გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, კონტაქტური, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები. ისინი ყველგან არიან, სადაც ლაპარაკი, მსჯელობა, კამათია საჭირო. ქმედითი და მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა მერყევები და რამდენადმე არსტაბილურები. ხშირად იცვლიან ინტერესების სფეროს, მისწრაფებებსა და იდეალებს. უყურებენ ყველაფერს გამომგონებლის თვალით და ცდილობენ ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები დანერგონ. მათ შორის ბევრი ლიტერატორი, შოუმენი, დიპლომატი, ორატორი და პილიტიკური მოღვაწე გვხვდება.