ჰოროსკოპები სხვადასხვაგვარი არსებობს. თუმცა ალბათ იშვიათად შეხვედრიხართ ჰოროსკოპს იმის შესახებ, თუ რომელი ქალღმერთის კულტს შეესაბამება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და მისი თვისებები. ჰოდა, თუკი ასტროლოგიასთან ერთად მითოლოგიის მოყვარულიც ბრძანდებით, ჩვენი საიტი დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს ზუსტად ამ თემაზე:
ვერძს ქალღმერთი ათენა შეესაბამება - ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი იყო, მშვიდობიანი შრომის დამცველი. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება. მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა ზოგადად ქალთა შრომის დამცველად. გაიხსენეთ, რამდენი ფემინისტი გვხვდება ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალებში. მასში მებრძოლის სული და გაუტეხელი ნებისყოფა იმალება.
კუროს ქალღმერთი დემეტრას ანალოგიური თვისებები აქვს - იგი იყო ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ბერძნულ მითოლოგიაში. ასევე კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. დემეტრას სიყვარული ბუნების, მცენარეების, ყოველივე ცოცხალის მიმართ კარგადაა გამოვლენილი კურო ქალის ხასიათში. მას აქვს უნარი, შექმნას სიმყუდროვე და სიცოცხლე ყველგან.
ტყუპის ზოდიაქოს ქალღმერთი ირიდა შეესაბამება - ცისა და ზღვის ქალღმერთი, განასახიერებს ცისარტყელას ძველბერძნულ მითოლოგიაში. იგი მიიჩნეოდა შუამავლად ღმერთებსა და ადამიანებს შორის, რაც ტყუპის ოპტიმისტურ, კომუნიკაციურ ბუნებას და უნარს ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს სავსებით შეესაბამება.
კირჩხიბის ზოდიაქოს ქალღმერთი გეა შეესაბამება - იგი იყო დედამიწის განსახიერება. გეა აგრეთვე ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად. გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად. კირჩხიბის ზოდიაქო კი დედობას და ზოგადად ქალურ საწყისებს განასახიერებს.
ლომის ზოდიაქოს შეესაბამება ქალღმერთი ჰერა - ბერძენთა უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ლომის ზოდიაქო კი ჰოროსკოპის მეხუთე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ სიყვარულზე და ბავშვებზეა პასუხისმგებელი.
ქალწულის ზოდიაქოს ქალღმერთი თემიდა შეესაბამება - მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. ქალწულის ნიშანი კი ზუსტად რომ ობიექტური ხედვით, დეტალებზე ორიენტირებულობის უნარით და ფაქტების გადმოცემის სიზუსტით გამოირჩევა.
სასწორის ზოდიაქოს შეესაბამება ქალღმერთი პერსეფონე - მიწის წიაღის დიდი ქალღმერთი, ჰადესის ცოლი, აჩრდილთა და ურჩხულთა მრისხანე დედოფალი, რომელიც ქმართან - ჰადესთან ერთად ზის ბნელეთის ტახტზე, ისმენს სულთა საჩივრებს და აღასრულებს ქმრის განაჩენს. ტიპური სასწორის თვისებებიც ხომ იგივეა - იდეალური პარტნიორობა.
მორიელის ზოდიაქოს ანალოგიად კი ქალღმერთი ჰეკატე მოიაზრება - მისტიკური, იდუმალებით მოცული, შემაძრწუნებელი. გრძნეული ბუნებისა და არაპროგნოზირებადი ქცევის მორიელი, რომელსაც აქვს ხასიათში რაღაც ჯადოქრული რეალურად შეესაბამება ჰეკატეს ტიპაჟს.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ქალღმერთი არტემიდა შეესაბამება - არტემიდა ნადირობის, მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველადაც ითვლებოდა. მშვილდოსნების სიყვარულზე კი ცხოველებისა და ბავშვების მიმართ ლეგენდები დადის.
თხის რქას ქალღმერთი ჰესტია შეესაბამება - იგი იყო ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ჰესტია ითვლებოდა მორალის და ეთიკის კულტის სიმბოლოდ. თხის რქა ქალები კი ზუსტადაც რომ სანიმუშო მეოჯახეები, მორილურად და ეთიკურად მაღალზნეობრივი ინდივიდები არიან.
მერწყულს ქალღმერთი ნიკე შეესაბამება - ტრიუმფისა და გამარჯვების ქალღმერთი ძველბერძნულ მითოლოგიაში. ნიკე განასახიერებს პროგრესს, ინოვაციას, სწრაფვას მომავლისაკენ. რაც მერწყულის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ თვისებებს შეესატყვისება.
დაბოლოს, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში ფარულად ცხოვრობს ქალღმერთი აფროდიტა . სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. იგი იყო ჭეშმარიტი ქალურობის, სინატიფის და დახვეწილობის სიმბოლო. ქალი თევზები კი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის ყველაზე დახვეწილები და ნაზები არიან.