ნებისმიერი საქმე, რომელსაც ვსებად მთვარეზე წამოვიწყებთ გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მის კლებად ფაზაში დაწყებული საქმიანობა. თუმცა, არსებობს განსაკუთრებულ საქმეთა ნუსხა, რომელიც სასურველია ზუსტად ვსებადი მთვარის პერიოდში გააკეთოთ:
1. ჩაიფიქრეთ სურვილი
ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ნებისმიერი სურვილი მატერიალიზდება თქვენგან წამოსული ენერგეტიკის ხარჯზე, რომელსაც სწორედ ამ დროს უღებს სამყარო აქტიურად კარს. დაწერეთ ან დახატეთ საკუთარი სურვილები, ამასთან ერთად, თავი აქტიურად წარმოიდგინეთ უკვე "მათში" (მაგ., თუ ახალი მანქანა გსურთ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის საჭესთან), რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ, თავადაც ვერ დაფარავთ გაოცებას, როცა აღმოაჩენთ, რომ ვსებადი მთვარის პერიოდში ჩაფიქრებულმა ნატვრამ, რეალობაში შეისხა ფრთები.
2. დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების პოზიტივისკენ შეცვლა
ვსებადი მთვარე სიმბოლურად ჩვილს ასახავს, რომელიც ახლა იწყებს ფეხის ადგმას. ამიტომ იმას, თუ რა მიმართულებით გაუშვებთ ამ ახალფეხადგმულ არსებას დიდწილად შეუძლია თქვენი სამომავლო ცხოვრების შეცვლა. მიეცით მიმართულება რაიმე ახალს თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად დაიწყეთ ვარჯიში, იარეთ იოგაზე, აიმაღლეთ ერუდიციის დონე, ისწავლეთ გემრიელი ნამცხვრის მომზადება, წამოიწყეთ რემონტი, ან უბრალოდ ავეჯი მაინც გადაადგილეთ საკუთარ სახლში. ნებისმიერი ცვლილება პოზიტიური ენერგეტიკით აგავსებთ ასეთი მთვარის პერიოდში.
3. ესტუმრეთ სილამაზის სალონს
მთვარის ეს ფაზა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია პარიკმახერთან, კოსმეტოლოგთან ან ვიზაჟისტთან ვიზიტის დასაგეგმად. სწორედ მთვარის ამ მეოთხედში მოგეცემათ საშუალება წარმატებით შეარჩიოთ, როგორც სასურველი ვარცხნილობა, ისე თმის ფერი და მაკიაჟის ტენდენციები. ზოგადად, ეს არის პერიოდი, როცა ნებისმიერი სახის კორექციის შეტანა საკუთარ გარეგნობაში პოზიტივით და ახალი ენერგიით აგავსებთ.
4. გააფართოეთ სანაცნობო წრე, შეიძინეთ ახალი მეგობრები
ვსებადი მთვარე ადამიანში ცნობისმოყვარეობის დონეს და კომუნიკაბელურობის უნარს აძლიერებს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია თუ ამ პერიოდს მეგობრებთან ინტელექტუალური საუბრების, შეხვედრებისა და მხიარული დროსტარების გასამართად გამოიყენებთ. შესაძლოა რაიმე ახალმა ჰობიმაც იჩინოს თქვენს ცხოვრებაში თავი, რომლის მეშვეობითაც საინტერესო ნაცნობებით შეავსებთ სამეგობროს.
5. წადით პაემანზე
თუკი დიდი ხანია სიმპათიის ობიექტს შორიდან ზვერავთ და ვერადავერ გადაწყვიტეთ მასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ეს სწორედ ის პერიოდია, როცა პაემანი წარმატებით დაგვირგვინდება. ნუ შეგეშინდებათ გამოიჩინოთ ინიციატივა, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ქალბატონი ბრძანდებით, ვსებადი მთვარის პერიოდი ამ დროს დაწყებულ ნებისმიერ ურთიერთობაში ბევრ პოზიტივს და ლამაზ წუთებს გპირდებათ.
6. დაკავდით მებაღეობით, მოუარეთ მცენარეებს
საუკეთესო პერიოდია ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობისთვის, იმიტომ რომ, როგორც წესი ვსებადი მთვარე ხელს უწყობს მცენარეების გაზრდა-გამრავლებას. აქედან გამომდინარე, თუ საკუთარი სახლი და ეზო არ გაქვთ, შეგიძლიათ ქოთნის ყვავილების მოვლას მიჰყოთ ხელი. ეს საქმიანობა ენერგეტიკას აგიმაღლებთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ მთელი თვის მანძილზე.
7. გააკეთეთ ინვესტიცია, გახსენით ანაბარი
უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ვსებადი მთვარე ყველაფრის "ზრდა-გაფართოებას" უწყობს ხელს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ფინანსური წინსვლა და კაპიტალის მატებაც იგულისხმება. ამიტომ ამ პერიოდში სასურველია იზრუნოთ კაპიტალის სწორად დაბანდებაზე, ან უბრალოდ შემნახველი ანაბარი გახსნათ ბანკში. ნებისმიერი ასეთი ოპერაცია სამომავლოდ ორმაგი სარგებლით გაგიხარებთ გულს.