ლამის საყოველთაო ნორმად იქცა, ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ მწვავედ უპირისპირდებიან ვინმეს ასტროლოგიით გატაცებას. ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანი ძალზე ზედაპირულ ცოდნას ფლობს ასტროლოგიის შესახებ, ამიტომ ბევრს ასტროლოგია ხშირად მკითხაობასთანაც კი აქვს გაიგივებული, რაც ჩანასახშივე მცდარი აზრია. იმის ახსნა, თუ რამდენ საუკუნეს ითვლის ასტროლოგიური სკოლა და თავად ეს დარგი საკმაოდ შორს წაგვიყვანს. შესაბამისად, დღეს მინდა რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული ნეგატიური მითის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი ყველაზე ხშირად ხდება ამ სფეროში ჯეროვნად გაურკვეველი ხალხის ქილიკისა და უნდობლობის საგანი. გთავაზობთ სამ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ჩვენი საიტის ფოსტაზე:
1. ასტროლოგია მკითხაობაა, რატომ უნდა ვიცოდეთ წინასწარ რა გველის ის აპროგრამებს ადამიანს – ასტროლოგია არის არა მკითხაობა, არამედ მომავლის პროგნოზირება, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა აუცილებლობას, არამედ ალბათობას იმისა, რაც შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში. როცა ჩვენ ექიმთან მივდივართ, ის რა თქმა უნდა, გამოკვლევის შემდეგ გაგვაფრთხილებს იმის შესახებ თუკი რომელიმე ორგანი არასრულფასოვნად მუშაობს ჩვენს ორგანიზმში. ეს შესაძლოა დასაწყისი სტადია იყოს კონკრეტული დაავადების. თუმცა იმ ფაქტზე რამდენად გადაიზრდება ზემოხსენებული დაავადება ქრონიკულ სტადიად, პასუხს აგებს თავად ადამიანი საკუთარი ნებიდან გამომდინარე – თუ იგი მკურნალობას დაიწყებს, პრობლემას ჩანასახშივე ეშველება. ხოლო თუ "წაუყრუებს" იმ იმედით, რომ მაინც არაფერი მოუვა, შესაძლოა, საბოლოოდ ფატალურ შედეგამდე მივიდეთ. ზუსტად ასევე მოქმედებს ასტროლოგიაც. ასტროლოგი თქვენ გაძლევთ მინიშნებას იმისა, თუ კონკრეტულად რა თვისებები "აავადებს" თქვენს სულს, გონებასა და პიროვნებას. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად კი თქვენ გაქვთ ძალა, აბსოლუტურად შეცვალოთ სამომავლოდ მოვლენათა მსვლელობა ნეგატივიდან პოზიტივისკენ.
2. რომელ (რის წელსაც ) დაიბადე იმ წლის დადგომა ბედნიერი იქნება თქვენთვის – არ არის ასე. ნებისმეირ ადამიანს გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური ე.წ. დაბადების რუკა, რომლის მიხედვითაც ხდება გამოთვლა იმისა, თუ კონკრეტულად როგორი იქნება მისთვის ესა თუ ის წელიწადი. შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენგანს, წინ სხვადასხვაგვარი მოვლენებით დატვირთული წელი შეიძლება ელოდეს.
3. ვერძი სასწორს ვერ ეწყობა, მე კი შესანიშნავად ვუგებ მას, სისულელეა ეს ასტროლოგია (მოყვანილია მხოლოდ ერთი მაგალითი) – ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნიშნის ე.წ. "ატიპურ" და "ტიპურ" წარმომადგენლებთან. თუკი თქვენ თქვენივე ზოდიაქოს ნიშნის ძლიერი გავლენით იბადებით, მაგ. კუროს ზოდიაქოს დახასიათებისას საკუთარ თავს ამოიცნობთ მასში თავიდან ბოლომდე, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ თქვენი დაბადების მომენტში პირად რუკაზე პლანეტების დიდი ნაწილი, მომიჯნავე ტყუპის ან სულაც ვერძის ზოდიაქოს ნიშანში განლაგდა, რა თქმა უნდა, კუროს დახასიათებაში მოყვანილ მოსაზრებას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევა აბსოლუტურ სისულელედ მიიჩევთ. ეს იმიტომ რომ ტყუპის ან ვერძის გავლენა, მოგვცემს "ატიპურ" კუროს – სავსებით არამშვიდი ხასიათით.