ბევრი ჩვენი მზის ზოდიაქოს ნიშნის საერთო მახასიათებელია. ასე მაგალითად, მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.
შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.
ზოდიაქოს ნიშნები უნიღბოდ – ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის დაკარგული თევზები
ბავშვობაში ძალიან მშიშარა და ემოციურია. მასზე ყველაფერი მოქმედებს – საშინელებათა ფილმით დაწყებული, სევდიანი მუსიკით დამთავრებული. საკუთარი თავის რწმენის გამომუშავებას თევზები, როგორც წესი, თუ მთელ არა, ცხოვრების ნახევარს მაინც ანდომებენ. სოციუმში თავის დამკვიდრება სწორედ ამ ფაქტის გამო უჭირთ. ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ, ამიტომ ხშირად არიან გამჭრიახი მანიპულატორებისთვის მარტივი ნადავლი.
დიდ ასაკში იმდენ ცოდნას აგროვებენ, რომ ხშირად თავად ვერ გაურკვევიათ რაში უნდა გამოიყენონ იგი. შეიძლება სახლში მისასვლელად ერთბაშად თორმეტი განსხვავებული გზა იცოდნენ, მაგრამ ყოველდღე ერთი და იმავე ქუჩით ივლიან, იმიტომ რომ, მიჩვეული არიან ამას. მრავალფეროვანი მარშრუტების ცოდნა კი არაფერში სჭირდებათ, უბრალოდ იციან და მორჩა. თევზების სუსტი წერტილი სათვალეა. როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ფსიქოლოგიური სათვალე მას მოსაწყენი და სასტიკი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად ესაჭიროება, რეალური კი საიმისოდ, რომ წინა დღის ლოთობის კვალი ასე თუ ისე დაფაროს.
პერიოდულად შემოქმედებითი "გასხივოსნება" ეწვევათ ხოლმე. ამიტომ ყველაზე ხშირად ვხვდებით მათ შორის ხელმოცარულ პოეტებს, ვერდაფასებულ მსახიობებს და მუსიკოს-პლაგიატორებს.
თევზების ზოდიაქოს სიმბოლო ერთმანეთის საპირისპიროდ მცურავი ორი თევზია. ეს მარტივად ხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ შეუძლია ამ ხალხს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე და აბსოლუტურად აუხსნელი მიზეზებით შეიცვალოს აზრი ყველაზე და ყველაფერზე ამქვეყნად.
უკიდურესობები ხასიათში თევზების ზოდიაქოს ყველაზე უფრო მახასიათებელი თვისებაა. ეს პარტნიორის არჩევანშიც ვლინდება. ხშირად ამ ხალხმა თავად არ იცის რა უნდა, უფრო სწორად ვინ უნდა გვერდით. ერთი მხრივ მათ ურთიერთობაში სექსუალური მხარე მძაფრად აინტერესებთ, მეორე მხრივ კი თავს უჩიჩინებენ, რომ სულიერი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. თევზები მარტივად ემონებიან სიყვარულს, საყვარელ ადამიანს და საკუთარ ილუზიებს. რაც ხშირად ხდება მათთვის სულიერი ქარტეხილების მიზეზი.