- მორიელი ეჭვიანი და შურისმაძიებელია, ქალწული – კრიტიკული და მეწვრილმანე, მერწყული – ზედაპირული და არაპროგნოზირებადი და ა.შ.
შესაძლოა, ამ თვისებებიდან ზოგიერთი ვიღაცისთვის მისაღები ან გასაგებიც იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაკლად ითვლება. თუმცა, ასტროლოგიაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ემყარება. ამიტომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებას გააჩნია ე.წ. "ანტიდოტი" – თავისებური მიდგომა, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაგიადვილდებათ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელის მხრიდან წამოსული ნეგატიური თვისებების დაბლოკვა ან განეიტრალება.
ჭორი და სინამდვილე ვერძების ხისთავიანობის შესახებ
ყველაზე დიდ ნაკლად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებში სიფიცხესა და უტაქტობას დავასახელებდი. ვერძი იმპულსური, გარკვეულწილად ინფანტილური და ბავშვური ნიშანია. თუმცა, იმის გამო, რომ მას ომისა და აგრესიის პლანეტა მარსი მართავს, ამ ხალხის ხასიათში, ყველაფერში და ყველაზე "რქებით მიწოლის" ტენდენცია ძალზე აქტიურად ვლინდება. პრობლემა კი იმაშია, რომ ბევრი ვერძის გარეგნული თავდაჯერებულობისა და სითამამის უკან, ხშირად კარგად შენიღბული არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება. შიში იმისა, რომ ვინმე მასზე უკეთ გააკეთებს რამეს, პირველობაში შეეცილება ან თითს დაუქნევს და მენტორული ტონით აიძულებს დაემორჩილოს, ვერძს აიძულებს "საბრძოლო რეჟიმში" იმყოფებოდეს მუდმივად, სჭირდება ეს სიტუაციას თუ არა.
ზუსტად აქედან მოდის მათ უხასიათობა-უტაქტობაზე მოარული ნებისმიერი ჭორი.
საიმისოდ, რომ ვერძთან კომპრომისს მიაღწიოთ, საჭიროა, მან თქვენში მოკავშირე და მეგობარი დაინახოს. ნურასოდეს შეადარებთ მას სხვა (თუნდაც მასზე უკეთეს და პროფესიონალ) ადამიანებს. გახსოვდეთ, ვერძი ამაყობს საკუთარი ინდივიდუალიზმით და ამ მხრივ თავმოყვარეობაზე შეხებას არავისგან აიტანს. როცა გაბრაზებულია, რამდენიმე წუთით გაქრით მისი თვალთახედვის არედან, თორემ შესაძლოა სხვებზე განაწყენებულმა ჯავრი თქვენზე იყაროს.
არასოდეს დაუწყოთ გამოკითხვა თუ რა მოხდა, ვინ აწყენინა ან რატომ (ვერძებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და წუწუნი სისუსტედ მიაჩნიათ. მით უმეტეს, არ წუწუნებენ საყვარელი ადამიანის თანდასწრებით). თუკი მისი მხრიდან გამოვლენილი უტაქტობის მსხვერპლი მაინც აღმოჩნდით, საპასუხო აგრესიას ნურასოდეს დაუბრუნებთ. გაცილებით მეტს მოიგებთ თუ ეტყვით, რომ არცთუ სახარბიელო საქციელის მიუხედავად, თქვენ ძველებურად აფასებთ მასთან ურთიერთობას და დარწმუნებული ხართ, რომ სამომავლოდ იგივე აღარ განმეორდება. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ნაცნობი ვერძი იმავეს მომავალშიც სავარაუდოდ არაერთხელ გაიმეორებს, თუმცა თქვენთან დამოკიდებულებაში მაქსიმალურად წინდახედული და ფრთხილი იქნება.
ვერძი აფასებს ნდობას. შესაბამისად, ყოველთვის ცდილობს არ გაუცრუოს იმედი მისთვის საყვარელ ადამიანებს და მათ ვისაც მისი სჯერა. ნურასოდეს აჰყვებით კამათში ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს. სულ ერთია, იგი თავს დამნაშავედ რომ თვლიდეს კიდეც, პრინციპულად და "ყოჩივით" გააგრძელებს საკუთარი პოზიციის დაცვას. მარტოოდენ იმიტომ რომ ბრძოლაში უკან დახევა მისთვის თავის დამცირების ტოლფასია. უმჯობესია, მასთან თქვენი მოსაზრება მშვიდი ტონით, მკაფიოდ დააფიქსიროთ და კამათი ამით შეწყდეს. რაღაც პერიოდის შემდეგ, იგი თავად აღიარებს თქვენს წინაშე რომ მართალი იყავით იმ კონკრეტულ მომენტში.
დაბოლოს, ნურასოდეს ეტყვით მას, რომ ცუდი ადამიანია! იმიტომ რომ იგი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა თქვენთან მიმართებაში იყოს არა უკეთესი, არამედ გაცილებით უფრო უარესი ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ!