ქალის ბუნება ერთ დიდ, მრავალუცნობიან განტოლებასთან ასოცირდება, მაგრამ იმის გაგებაში თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ივარგებს ოჯახში ტრადიციული დიასახლისის როლზე და რომელთან გელოდებათ შიმშილით სიკვდილი, ასტროლოგია დაგეხმარებათ.
ვერძი – სანამ ამ ქალს ცოლად მოიყვანთ, კარგი იქნება გაიხსენოთ, რომ მის ზოდიაქოს პლანეტა მარსი მართავს. მარსი კი მოგეხსენებათ ომის, ნგრევისა და ათასი უბედურების მფარველი ღვთაება გახლდათ მითოლოგიაში. თანაც მამრი ღვთაება, განა ვიღაც ფრთაფარფატა ქალღმერთი. ჰოდა, ვერძი ქალისთვის საოჯახო საქმეების კეთების იძულებამ შესაძლოა თქვენი ოჯახური სიმყუდროვე, მალე ფრონტის ხაზად გადააქციოს თუკი მას ზემოხსენებული მარსის ენერგეტიკამ დარია ხელი. საქმე იმაშია, რომ ქალი ვერძისთვის სახლი ძალიან მცირე ფართობია საკუთარი შემოქმედებითი ენერგიის რეალიზაციისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ ვერ ხედავს იგი ვერანაირ შთაგონებას "ოლივიეს" მზადებაში, მაშინ როცა შეუძლია თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთოს და გაცილებით უფრო ფართო საზოგადოებას მოაწონოს თავი საკუთარი ნიჭიერებით. თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ და სურვილი გაქვთ თქვენი ცოლი ცოტათი მაინც მოარგოთ ოჯახის დიასახლისის როლს, შეეცადეთ პროფესიული საქმიანობისთვისაც დაუტოვოთ დრო. სხვა შემთხვევაში ომი გარდაუვალი იქნება.
მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსანი, მსგავსად ცეცხლოვანი დობილი ვერძისა ქრონიკული "ანტი-დიასახლისების" კატეგორიას მიეკუთვნება. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ოჯახური უღელის დადგმას ჭირივით გაურბიან. თუმცა, თუ მაინც ზომაზე მეტად დარიათ ამურის ისრებმა ხელი, შესაძლოა მამაკაცმა მისი მახეში გაბმა მაინც შეძლოს. ოღონდ სიყვარულის მახეში გაბმული მშვილდოსანი და ტრადიციული ოჯახის, ტრადიციული დედა-დიასახლისი ნუ აგერევათ ერთმანეთში, გეთაყვა. ცოლად რომ გამოგყვათ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულია ნაირ-ნაირი სახის სადილ-ვახშამი გიმზადოთ, გირეცხოთ, გიუთოოთ და მოგიაროთ ზოგადად. მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და თავგადასავლების მოყვარულია, ჰოდა, აბა მითხარით, რა თავგადასავალზე შეიძლება იყოს საუბარი სახლის დალაგების ან უთოობის პროცესში? მოსაწყენზე მოსაწყენი საქმეა, რომლის კეთებაც მშვილდოსანს ჭირის დღესავით ეზარება. საიმისოდ, რომ როგორმე შეძლოთ მისგან ასე თუ ისე მაინც დადგეს კარგი დიასახლისი, ურთიერთობაში რომანტიკის ელემენტები უნდა შეინარჩუნოთ. ხშირად ისეირნოთ მასთან ერთად (ცხენით, მანქანით, ფეხით – არ აქვს მნიშვნელობა), დაგეგმოთ ხანგრძლივი, მხიარული თრიფი ვიქენდზე ან მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ დრო ღამის კლუბსა და დისკოთეკაზე. სხვა შემთხვევაში თქვენი ერთ დროს ღიმილიანი, მხიარული ცოლი აუტანელ ენამწარე არსებად გადაიქცევა, რომელიც მონდომებით მოგიწამლავთ სიცოცხლეს დაუსრულებელი საყვედურებით.
მერწყული – თუკი თქვენ იგი ოფიციალურ ქორწინებაზე დაითანხმეთ და ურთიერთობა ერთად ცხოვრების ე.წ. "სამოქალაქო ქორწინების" ფარგლებს გასცდა, გილოცავთ, იქნებ შეძლოთ და საოჯახო საქმეების კეთების სიყვარულიც ასწავლოთ როგორმე. ქალი მერწყული ბუნებით უზომოდ ცნობისმოყვარე, ექსტრავაგანტური და არაპროგნოზირებადი ტიპაჟია. ამიტომ მისგან ნებისმიერი სახის სიურპრიზს შეიძლება ელოდოს კაცი. მათ შორის კულინარიულსაც. თუმცა, ტრადიციული დიასახლისის როლი ამ ქალს ყველაზე ნაკლებად იზიდავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ურანიანელის ფსიქოლოგია საერთოდ ვერ ან ძალიან ძნელად ეგუება პასუხისმგებლობებს, აკრძალვებს და ვალდებულებებს, რომელიც დაოჯახებას მოაქვს თან. ამიტომ მისგან იმის მოთხოვნა, რომ სამაგალითო ცოლი იყოს, რომელიც მეუღლეს სადილ-ვახშმითა და მოვლა-პატრონობით ანებივრებს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. იგი შეიძლება ზოგჯერ საერთოდ არ იყოს სადილის მომზადების ხასიათზე, ან დილიდანვე სპირიტუალური სეანსის ჩატარება მოინდომოს დაქალებთან ერთად. ასეთ დროს მის მოთხოვნებს მოთმინებით უნდა მოეკიდოთ, თუ რა თქმა უნდა ამის საშუალებას ნერვული სისტემა მოგცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი თავისუფლებისმოყვარე, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მოაზროვნე ცოლი უმტკივნეულოდ დაგემშვიდობებათ. უფრო მეტიც, მომავალში მეგობრობის გაგრძელებასაც კი შემოგთავაზებთ.