დიდწილად ზოდიაქოს ნიშანიცაა "დამნაშავე". ამიტომ ზოგიერთი სუსტი სქესის წარმომადგენელისთვის რთულია მოირგოს იდეალური ცოლისა და დედის როლი, რადგან დაბადებიდანვე მისი ზოდიაქოს ნიშნის მმართველმა პლანეტებმა ერთობ მამაკაცური და მასკულანური ენერგია "დაანათლეს"; რის გამოც მისი ინტერესები სახლს გარეთ, - კარიერისკენაა მიმართული. სამაგიეროდ, ისეთი ზოდიაქოს ნიშნებიც არსებობენ, რომელთა შორის დაბადებული ქალებიც დაბადებიდანვე არიან მოწოდებით დედები, ჩინებული დიასახლისები და კარგი მეორე ნახევრები.
კირჩხიბი – შეიძლება იყოს აუტანლად წუწუნა, პერიოდულად დეპრესიული და საშინლად პრეტენზიული... სანამ თავს დიასახლისისა და დედის ამპლუაში დაიგულებს. აი, ამის შემდეგ ხდება მასში ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია და სულიერი გასხივოსნება. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ კარიერა ურჩევნია ოჯახს, მოწოდებით მეოჯახეა... ამიტომ თუ იგი ხელებს ასავსავებს და გათხოვების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს, იცოდეთ, რომ ჯერ არ უპოვია "შესაბამისი კანდიდატურა" საკუთარი ბუდის მოსაწყობად. ქალი კირჩხიბი იდეალური ცოლია – ნაზი, მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე. მას ყოველთვის ჰყოფნის იმის ჭკუა, რომ ქმარზე ჭკვიანად არასოდეს წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში, გონიერებას კი რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა შესანიშნავად იყენებს იმ დროს, როცა სურს მამაკაცს საკუთარ ნებაზე სიარული აიძულოს... ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: "ქალი კისერია, – მამაკაცი კი თავი?.. საბოლოოდ კი კისერი წყვეტს თავი რომელ მხარეს მიატრიალოს" – ჰოდა, ჩათვალეთ, რომ კირჩხიბი ქალია სწორედ ის "საპატიო" კისერი.
კურო – ის იმ ქალების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვინც დაუფიქრებლად უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას პირველივე შემხვედრს. კურო ბრძენი, დინჯი და წინდახედული ქალია. სწორედ ისეთი, როგორიც სჭირდება ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს. ამ ქალს მეუღლისთვის არამარტო კარგი ცოლობის გაწევა შეუძლია, მას ძალა შესწევს კონკრეტული კაცისგან შექმნას სრულფასოვანი მამაკაცი და თავდაჯერებული პიროვნება. როგორც ფსიქოლოგიური, ისე პროფესიული კუთხით. შესაბამისად, გამოთქმა "ყველა წარმატებული კაცის უკან, ძლიერი ქალი დგას" – სწორედ კურო ქალს შეესაბამება. ქალი კურო დამყოლი, მშვიდი და გაწონასწორებულია. მისთვის უცხოა ჩვეულებრივი ქალური ხუშტურები და ისტერიკები, რაც ნებისმიერ მამრს აფრთხობს და ღლის ხოლმე. იგი გასაოცარი სიმშვიდით იტანს ყველანაირ ცხოვრებისეულ განსაცდელს პარტნიორთან ერთად და არასოდეს, არასოდეს წუწუნებს იმის გამო, რომ ცხოვრება ამ კაცს დაუკავშირა.
სასწორი – ამ ქალის ერთადერთი ნაკლი ალბათ ისაა, რომ მას გადაწყვეტილების მიღება თუ ვის დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება, ძალიან უჭირს. სამაგიეროდ, ამ საქციელით იგი მამაკაცს აძლევს უფლებას თავი სიტუაციის სრულ ბატონ-პატრონად მიიჩნიოს და პრიორიტეტებიც მანვე განსაზღვროს ოჯახში, რომელიც ისევ და ისევ მისი აქტიურობით უნდა შეიქმნას. სამაგიეროდ, როცა სერიოზული ურთიერთობის საძირკველი გაიჭრება, სასწორის მოქანავე პინები როგორც იქნა შეწყვეტს აქეთ-იქეთ ყანყალს. იგი შესანიშნავი, რბილი, დიპლომატიური და საოცრად გამგებიანი ცოლი იქნება. ამასთან ერთად, ქალი სასწორის თანდაყოლილი შარმით ნებისმიერ მამაკაცს დამსახურებულად შეუძლია მოიწონოს თავი. ამ კუთხით სასწორი ქალი ქმარს არასოდეს შეარცხვენს. თუმცა ჯერ სად ხართ, მას სხვა "კოზირებიც" გააჩნია ვიზუალური მონაცემების გარდა... იგი ნაკითხი, ზომიერად ერუდირებული და მოქნილია. ყოველთვის იცის, სად გაჩუმდეს, როდის და რა ვადით. მეუღლეს თავზე არასოდეს გადაახტება. არც ეჭვიანობას და არც დრამატული ისტერიკების მოწყობაში არიან ქალი სასწორები შემჩნეულნი. უფრო მეტიც, აგრესიისა და კონფლიქტების ამ ქალს ცეცხლივით ეშინია. შესაბამისად, იგი ყოველთვის დაიცავს სიმშვიდეს და ჰარმონიას როგორც ოჯახში, ისე პარტნიორულ ურთიერთობაში. სხვა რა უნდა ჭეშმარიტ მამრს?