ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – " რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.
მაშ ასე - ვინ არის თხის რქა
თხის რქის ზოდიაქოს პლანეტა სატურნი "კურირებს", რაც მარტივად ხსნის კიდეც ამ ადამიანებში გარშემო მყოფების მიმართ გარკვეული სიცივის, გონივრული დისტანციურობისა და ფრთხილი დამოკიდებულების მოთხოვნილებას. სატურნი თავის შვილებს გონიერებას, სიბრძნეს, დაკვირვებულობასა და წინდახედულებას ანიჭებს. ამიტომ ტიპური თხის რქა ყოველთვის მოზომილია ნებისმიერი სახის ურთიერთობისას, თუმცა ეს მისი გულცივობის კი არა თავდაჭერილობის მიზეზია.
გულის სიღრმეში თხის რქა ძალზე ამაყია და საკუთარი ღირსების შეგრძნება ხშირად არ აძლევს უფლებას საიმისოდ, რომ ემოციები, რომელსაც რეალურად განიცდის, საჯაროდ გამოამზეუროს. სატურნის მძიმე ხუნდები მას დეპრესიისკენ მიდრეკილებისკენაც არაერთგზის უბიძგებს, თუმცა, თხის რქას საკმარისზე მეტი პრინციპულობა და გამძლეობა გააჩნია საიმისოდ, რომ დეპრესიის მორევიდან ამობობღებულმა ვაცის სიჯიუტით გააგრძელოს სვლა მწვერვალისკენ. აქედან გამომდინარე ის, თუ რომელ უკიდურესობას ირჩევს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მთლიანად მის ურყევ ნებაზეა დამოკიდებული. ნება კი ისეთი ძლიერი, როგორიც თხის რქას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ერთ ნიშანს არ აქვს!
ოპტიმიზმისა და საკუთარი თავის რწმენის სიმცირე ხშირად ხდება თხის რქისთვის წარუმატებლობის მიზეზი. ამ ადამიანებს გარეგნული მოწესრიგებულობის, სიმყარისა და სიცივის მიღმა საოცრად რბილი და მოწყვლადი ბუნების დამალვა უწევთ. შესაბამისად, ფიასკოს ვერც ერთი თხის რქა ვერ ეგუება. ამასთან ერთად, იგი ვერძივით მომენტალურად როდი ახერხებს ფეხზე წამოდგომასა და გზის ჩვეული ოპტიმიზმით გაგრძელებას. თხის რქა ღრმად მოაზროვნე და დეტალური ანალიზის მოყვარული ინდივიდია, იგი ამაყი და შეუვალი ხდება, როცა საქმე მის თავმოყვარეობასა და პირად ინტერესებს ეხება. თუმცა, შეუძლია სული, გული და ემოციები დადოს ამ ყველაფერის საპირწონედ, თუკი მისი ოჯახის წევრებს ან სანათესაოს ემუქრება საფრთხე. ოჯახი თხის რქის აქილევსის ქუსლია.
თხის რქის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას გასაოცარი ამტანობა და ჟინიანობა გააჩნია. ამ თვისებებს კი იგი ბავშვობიდან მოყოლებული ავითარებს და აძლიერებს. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები პატარა ასაკში მშობლებს გამუდმებით ტანჯავენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, უკვე დიდობაში კი მათ გასაოცარი იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. თხის რქა ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სასიცოცხლო ფორმულის მქონე ნიშანია. შესაბამისად, ისინი წლების მატებასთან კი არ ბერდებიან, პირიქით ახალგაზრდავდებიან, როგორც ვიზუალურად, ისე მენტალურად. რის ხარჯზეც ცხოვრების პირველ ნახევარში გადატანილი შრომის, ჯაფისა და პრობლემების მერე უკვე ასაკში შესული თხის რქა ჭეშმარიტად ახერხებს დატკბეს ცხოვრებით და მისი გამოვლინებით ნებისმიერ ჭრილში – იქნება ეს ჰობი, დასვენება თუ პირადი კავშირები.
თუმცა, სანამ ეს დრო დადგება, მან ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გაითავისოს – ოპტიმიზმის ნაკლებობა უდრის დეპრესიას და რომ სატურნული პირქუშობის "ოვერდოზის" გამო მას საბოლოოდ მარტო დარჩენაც კი ემუქრება.