2020 წლის პირველი ახალმთვარეობა მოხდება 25 იანვარს, 23:42-ზე, მერწყულის მეხუთე გრადუსში. როგორც იცით, ახალმთვარეობა დგება ორი დიდი მნათობის - მზისა და მთვარის შეერთების დროს. წლის პირველი ახალმთვარეობა დადგება მერწყულის ზოდიაქოში, მისი მმართველია პლანეტა ურანი, რომელიც დაძაბულ ასპექტს ქმნის მერწყულში განლაგებულ მთვარესა და მზესთან, სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახალმთვარეობა იქნება მოულოდნელი და შეიძლება აგვირიოს ყველა დაწყობილი გეგმა, სკანდალურიც, მოიმატებს ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, გარდა ამისა, ურანი რევოლუციონერიცაა და არ მოუნდება კანონს, წესრიგს დამორჩილება. ბუნებაში არსებობს ამინდი, თოვლიანი ჭექა-ქუხილი და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ასეთი მოვლენის მომსწრენი გავხდეთ . ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, ურანი მთვარის კვადრატმა შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს ბავშვებში, შეიძლება უაზროდ გაჭირვეულდნენ . ეცადეთ, იყოთ ლმობიერი მათ მიმართ და მარტივად გადაატანინოთ ყურადღება სხვა საკითხზე. უფროსები ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლების მიმართ. მოვერიდოთ აგრესიულობას და გავუფრთხილდეთ მათ ნერვებს. მზე ურანის კვადრატი მოითხოვს, რომ ყურადღებით ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აწუხებს გული, დროულად გავუზომოთ წნევა, რადგან მზე ურანის კვადრატი იძლევა წნევის თამაშს, ინსულტს.
მზე და მთვარე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოავნი მნათობებია: მზე არის ჩვენი ეგო, მთვარე - ჩვენი სურვილები, ურანი კი კოლექტიური საკითხები, ინტერესები. კვადრატის დროს შეიძლება გართულდეს დამოკიდებულება ჩვენს მეგობრებთან, კოლექტივთან (ჯგუფები, ჰობი), რომლებშიც ვართ გაერთიანებული. შეიძლება ურთიერთობა დაიძაბოს იმ კოლექტივშიც კი, სადაც ახალმთავარეობამდე ყველაფერი იდეალურად და ჰარმონიულად იყო. ანუ აქ ჩვენი პირადი ინტერესები კონფლიქტში მოდის კოლექტიურ ინტერესებთან. ამ ახალმთვარეობაზე შეიძლება გააქტიურდებიან არაფორმალური ლიდერებიც.
ურანის გამო ახალმთვარეობისას მოერიდეთ სურვილების ჩაფიქრებას . როგორც წესი, ახალმთვარეობაზე სურვილების ჩაფიქრება, მომავლის დაგეგმვა კარგია, მაგრამ ამჯერად შეუსაბამო დროა ამისთვის. მთვარე ურანის კვადრატი გვაძლევს ზედმეტ გაღიზიანებულობას ნერვოზულობას, ყველაფერი გვაღიზიანებს, არაფერი არ მოგვწონს. ამავე დროს გვაქვს ნეპტუნის ძლიერი გავლენაც, რამაც შეიძლება იმედგაცურება მოგვიტანოს, ცრემლებიც და ამას ემატება მარსის კვადრატიც, რაც მოგვიტანს კამათის, ურთიერთობების გარკვევა, რაც არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს ახალმთვარეობას.
ზოგადად, ახალმთვარეობის ენერგიას ვგრძნობთ პლუს-მინუს 2-3 დღე. ამიტომ, ამ დღეებშიც მაქსიმალურად ფრთხილები და დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. ეს გაფრთხილება მეტად ეხება 23 იანვარს (ეს არის მთვარის ოცდამეცხრე, არც ისე ჰარმონიული ენერგიის დღე). ეცადეთ, ამ დღეს არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, არაფერი ძვირად ღირებული არ შეიძინოთ და არც ურთიერთობა გაარკვიოთ საყვარელ ადამიანთან. 24 იანვარს ცოტა მშვიდი დღე გვექნება, იყავით სამყაროს მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გაქვთ.
23 იანვარსა და 1 თებერვალს გვექნება ვენერა ნეპტუნის (პლანეტა ნეპტუნი თევზების მმართველია) შეერთება (ზუსტი ასპექტი იქნება 27 იანვარს), მოიმატებს რომანტიზმი, მგრძნობელობა, საიდუმლოება. თუმცა, აქ გვაქვს მარსი (ამ პერიოდში მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოშია) ნეპტუნის კვადრატი (20 იანვარი - 5 თებერვალი. ზუსტი შეერთება 28 იანვარს იქნება). რაც გვაფრთხილებს, რომ უნდა მოვერიდოთ საქმეების გარკვევას. ამასთანავე, თითქოს გაგვიჭირდება ერთ საქმეზე კონცენტრირება, ენერგიის მომართვა სასურველ მიმართულებაზე. მარსი ენერგიულია, სჭირდება აქტიურობა, მოქმედება, ნეპტუნმა კი თითქოს "ცივი წყალი გადაასხა" მის მონდომებას. ეცადეთ, ამ პერიოდში არ დასაჯოთ არავინ, არ გადაუხადოთ ვინმეს სამაგიერო. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. გარდა ამისა, ვენერა მარსის კვადრატია, 17 იანვარი - 6 თებერვალი, ზუსტი ასპექტი კი იქნება 27 იანვარს. ამ პერიოდშიც მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი ურთიერთობის გარკვევისგან საყვარელ ადამიანთან. ვენერა თევზებში მოსიყვარულე და ჰარმონიულია, მაგრამ ტანჯვაც სიამოვნებს და ეცადეთ, არ გაიტანჯოთ თავი. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგ შედეგებს მოგიტანთ არტთერაპიაც.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ყველა უსიამოვნო მომენტი, საჭიროა: რჩევა ვკითხოთ ასაკით უფროს, გამოცდილ ადამიანეს. ვიყოთ მშვიდები, მოვთოკთ ემოციები. მეტად ვიყოთ მობილიზებულები საქმეების მოგვარებაზე, არ დავარღვოთ წესები, არ შევლახოთ სხვა ადამიანების უფლებები. გადახედეთ სამომავლო გეგმებს, მშვიდობიანად განიხილეთ ისინი პარტნიორებთან.
25 იანვრის ახალმთვარეობის პერიოდშივე დგება აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი, მეტალის ვირთხის შემობრძანდებას ველით
ახლა კი ორი სიტყვით განვიხილოთ, რას მოუტანს 25 იანვრის ახალმთვარეობა ზოდიაქის თითოეულ ნიშანს:
ვერძი - ჩამოყალიბდით, რა გსურთ მომავალში, არ იგულისხმება კარიერული მიღწევა, მთავარია, რა სურს თქვენს სულს, შინაგან სამყაროს, რომ განახორციელოს მომავალში. გადახედეთ გარემოცვას მეგობრებს, თანამოაზრეებს შეიძლება შექმანთ ახალი ინტერესთა ჯგუფი, ან გაწევრდეთ ასეთში. ინტერნეტპროექტების განხორცილებისთვის კარგი პერიოდია. აგრეთვე, გაუმართლებთ მათ, ვისი პროფესიაც ინტერნეტ და აიტი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული.
კურო - მთვარის ახალი თვე მოითხოვს, გადახედოთ ძველ საქმეებს და დაისახოთ სამომავლო გეგმა. თქვენი ბიზნესმიზნები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იყოს ჩამოწერილი. კარგი შანსი აქვთ მათ, ვისაც სურს კონკურსში მონაწილების მიღება, დაწინაურება და კარიერული წინსვლა. შანსი მოგეცემათ, გახდეთ საუკეთესო თქვენს საქმიანობაში.
ტყუპი - 25 იანვრის ახალმთვარეობა გაძლევთ დავალებას, რომ გარშემო მყოფებისთვის გახდეთ ავტორიტეტი, თქვენი კარგი ქმედებით, თქვენს სპეციალობაში დაიმსახუროთ ხალხის პატივისცემა. აგრეთვე კარგია, სწავლის დაწყება ან გაგრძელება, კვალიფიკაციის ამაღლება, თქვენთვის საჭირო კურსის გავლა. გარდა ამისა, ამ მთვარის თვეში მარტივად მოაგვარებთ იურიდიულ საკითხებს. განსაკუთრებით, თუ გსურთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ვიზის აღება, ემიგრაცია და ა.შ. გამონახეთ დრო სულიერი განვითრებისთვის.
კირჩხიბი - თქვენ მოგეთხოვებათ, გაერკვეთ ფინანსურ საკითხებში - კრედიტებსა და გადასახადებში, მემკვიდრეობისა და სადაზღვევო საკითხებში. გარდა ამისა, დაინტერესდეთ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების ფინანსური მდგომარეობებითაც. სასურველია, ამ მთვარის თვეში დააბანდოთ ფული საქმიან სფეროში. რაც საშუალებას მოგცემთ უზრუნველად იცხოვროთ მუშაობის გარეშე. ან თუნდაც ყულაბაში დაიწყოთ ფულის მოგროვება დიდი (ან პატარა, არა აქვს მნიშვნელობა) კონკრეტული ბიზნეს თემისთვის. ესეც ძალიან კარგი იქნება.
ლომი - მნიშვნელოვანი მთვარის თვეა, რადგან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოთ თქვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენი მზე დაძაბულ ასპექტშია პლანეტა ურანთან (ურანი არის მერწყულის მმართველი პლანეტა, სადაც ახალმთვარეობა დგება) და ბალანსის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამიტომ, მოთმინებით აღიჭურვეთ (რამდენადაც შეგიძლიათ მოთოკეთ ემოციები), რათა მშვიდად განვლოთ ეს რამდენიმე დღე, დაახლოებით, - 4-5. ეცადეთ, მეტად გაითვალიწინოთ საყვარელი ადამიანის და ბიზნეს პარტნიორის მოთხოვნები. ახალმთვარეობიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყეთ ახალი პარტნიორების მოძიება საქმეებისთვის და ხელშეკრულებებიც ამ პერიოდში გააფორმეთ.
ქალწული - მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სხეულის სიჯანსაღეს. კარგია პროფილაქტიკა, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. კოსმეტოლოგიური საკითხებიც სარგებელს მოგიტანთ. თუმცა, ქალწულისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. პროდუქტიული მთვარის თვე გელით. აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ჩაეწერეთ კურსებზე, რაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. ეცადეთ, რომ თქვენს გუნდში სხვებზე მეტად იყოთ გამორჩეული პროფესიონალიზმით. თუ უფროსი ხართ, ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან და სწორად გადაანაწილოთ ვალდებულებები.
სასწორი - 25 იანვრის ახალმთვარეობა მოითხოვს თქვენგან, რომ გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან, წარმატება ელით მათ, ვინც აწყობს ბავშვებისთვის სიურპრიზებს, კონცერტებს. საკუთრი ჰობი და გასართობი მეტ სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ. დაესწარით კონცერტს, თეატრალურ წარმოდგენას, პრეზენტაციას. აგრეთვე, მეტად უნდა გამოვლინოთ თქვენი შემოქმედებითობა, ეცადეთ იყოთ ყურადღების ცენტრში. აგრეთვე, სასურველია, მეტი სიყვარული და მზრუნველობა ჩადოთ ახლობლების, საყვარელი ადამიანის მიმართებაში. მოუმზადეთ სიურპრიზი, საჩუქარი. ამით თავად მიიღებთ სიამოვნებას და რომანტიკულ ურთიერთობასაც გაიუმჯობესებთ.
მორიელი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, ნათესავებთან, წინაპრებთან. ეცადეთ, მეტი გაიგოთ საკუთარი წინაპრების, "ფესვების" შესახებ. ეს დაგეხმარებათ მომავალში უფრო მყარი ფუნდამენტი შექმნათ. ეს მთვარის თვე აგრეთვე გაძლევთ შანს, რომ მოაგვაროთ (ან დაიწყოთ მაინც) უძრავ ქონებასთან (ბინა, მიწის ნაკვეთი) დაკავშირებული საკითხის მოგვარება. სასურველია, ერთად შეკრიბოთ ნათესაობა. მოუმზადოთ მათ სუფრა, თუნდაც ტკბილეულის და ისაუბროთ წინაპრებზე, გაიხსენოთ ისინი. თუ ეს ღონისძიება არ გიხერხდებათ, ტელეფონით მაინც შეეხმიანეთ მათ, ნათესავებთნ ურთიერთობის გაუმჯობესებით კოსმიურ ძალას, მხარდაჭერას გაიძლიერებთ.
მშვილდოსანი - 25 იანვარიდან გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლები, კომუნიკაციები. ერთი სიტყვით, დიდ ინფორმაციულ ოკეანეში აღმოჩნდებით. და ამ დროს უნდა იყოთ ყურადღებით, რადგან ყველა ადამიანს ვერ ენდობით. როგორგ წესი, თქვენ ყველასთვის გულგახსნილი და მიმდობი ხართ და ეცადეთ, ამ პერიოდში მაინც გამიჯნოთ ერთმანთისგან სანდო ადამიანები და მოერიდეთ საეჭვო პირებთან ურთიერთობას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. შეგიძლიათ მცირე სიურპრიზიც კი მოუწყოთ მათ, თუნდაც კანფეტით დაასაჩუქროთ, რათა თქვენი კეთილგანწყობა დაანახოთ და მომავლისთვის გაიუმჯობესოთ კავშირი. აგრეთვე, კარგი დროა რაიმეს სწავლის დასაწყებად და მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან მთვარის ამ თვეში ბევრი გადაადგილება გელით.
თხის რქა - თქვენი ძირითადი დავალებაა, მოაგვაროთ მატერიალური საკითხები. როგორც წესი, პროფესიონალი ხართ და კარგად იცი თქვენი საქმე, მაგრამ ეცადეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება მეტად მიმართოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სამსახურში დაანახეთ კოლეგებს, რომ მცოდნე და შეუცვლელი კადრი ხართ. ეს მთვარის თვე კარგია საყიდლებისთვისაც. თუმცა, მოერიდეთ ახალმთვარეობაზე პლუს-მინუს 3 დღე ახალი რამის შეძენას.
მერწყული - წლის პირველი ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენთვის ახალი წლის ციკლი იწყება, ამ მთვარის თვეში მეტი დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს. მიხედეთ სტილს, იმიჯს, გარეგნობას. განაახლეთ გარდერობი. შეგიძლიათ იმიჯმეიკერსაც მიმართოთ დახმარებისთვის. ახალმთვარეობიდან 1 კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები და კოლეგები თქვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მთვარის თვეში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერობა. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, ენერგია საკმარისი გაქვთ, ჩამოყალიბდით, რა გსურთ და წინ, გამარჯვებებისკენ!
თევზები - ეს მთვარის თვე საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ იმ საქმიანობით, რაც სულიერ სიამოვნებას განიჭებთ. ზოგიერთი შეიძლება მოსანსტერში განმარტოვდეს, წმინდა, ენერგიულად ძლიერი ადგილები და ტაძრები მოინახულოს. ან დასასვენებად გაემგზავროს, სადაც სიმშვიდესაც და სულიერ განათლებასაც მიიღებს. აგრეთვე, კარგია მცირე ხნით განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, აგრეთვე, მედიტაცია. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა, ვიდეო და ფოტო გადაღება. გამონახეთ დრო მუსიკისა და ხელოვნებისთვის. ზოგიერთს ქველმოქმედების სურვილი გაუჩნდებათ. ეს უკანასკნელი კი კიდევ უფრო წაადგება თქვენს კარმას.
დაბოლოს, გახსოვდეთ, როგორც შეხვდებით ახალმთვარეობას, ისე გაივლის მთელი თვე. ამიტომ ეცადეთ, იყოთ ხალისიანი, კეთილი, მადლიერი, საქმეზე ორიენტირებული.