მოვლინების შემდეგ, ბევრი ჩვენგანის მსოფლმხედველობასა და ფასეულობებს ცვლიან ძირფესვიანად. ზოგიერთი ზრდასრულ ასაკამდე აგრძელებს საკუთარი დედ-მამის "დატესტვას" ნერვული სისტემის გამძლეობაზე. ალბათ არ არსებობს უნიკალური მეთოდი, თუ როგორი მიდგომა სჯობს პატარებთან ან აღზრდის რომელ პრინციპს სჯობს მივანიჭოთ უპირატესობა. იმიტომ რომ ჩვენი შვილები, თავისთავად უნიკალური ინდივიდები არიან და თითოეული მათგანის აღზრდა-განვითარების საქმეში ინდივიდუალური მიდგომითვე უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელსაც ასტროლოგი ბავშვის პირადი რუკის შედგენის შემდგომ გირჩევთ. თუმცა, არსებობს გარკვეული ინსტრუქცია იმის თაობაზე, როგორი მიდგომა სჯობს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ პატარასთან საიმისოდ, რომ მასში პატივისცემა და რაც მთავარია, ნდობა გამოვიწვიოთ. ეს კი შესაბამისად მისი, როგორც სრულფასოვანი პიროვნების სწორად განვითარებაში დაგვეხმარება.
პატარა ვერძთან სიხისტე და დიქტატურა შეზღუდეთ. ყოველთვის მოექეცით მას როგორც მეგობარს. მიანიჭეთ მოქმედების თავისუფლება და ასწავლეთ სუსტების დაცვა.
კუროს სტაბილური გარემო და მშვიდი ატმოსფერო უნდა შეუქმნათ. ასეთ ბავშვს ძალით ვერაფერს გააკეთებინებთ. თუკი რაღაც პერიოდში გაგიჯიუტდათ, ცოტა ხნით თავი გაანებეთ მის გადარწმუნებას. მოკლე ხანში შესაძლოა, თავად გააკეთოს ის, რასაც ადრე აძალებდით.
ტყუპს მშობლისგან პირველ რიგში მენტალური კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია ესაჭიროება. ნურასოდეს დასჯით მას გადამეტებული ცელქობისა და ფანტაზიორობისთვის. უმჯობესია, საკუთარი ნააზრევის დახატვა ან დაწერა ასწავლოთ. სამომავლოდ მისგან შეიძლება დიდი მხატვარი ან მწერალიც დადგეს.
კირჩხიბს მშობლებთან ძლიერი ემოციური კავშირი და მუდმივი მფარველობა სჭირდება. ასეთი ბავშვები ზედმეტად არიან დაჯილდოებული დანაშაულის შეგრძნების სიმძაფრით. ამიტომ ნაკლებად უნდა აკრიტიკოთ იგი და ხშირად წააქეზოთ უფრო თამამი ქმედებების ჩასადენად.
ლომები თავნება, ანცი და ხმაურიანი პატარები არიან. თუმცა, თუკი დროულად არ დაიჭერს მშობელი ხელში პატარა ბოკვერის ამბიციურ ხასიათს, სამომავლოდ მისგან ოჯახური ტირანი გაიზრდება. ლომ ბავშვთან სიმკაცრე და მოფერება პირდაპირპროპორციულად უნდა გამოიყენოთ.
ქალწული ბავშვები სერიოზული, დაკვირვებული და თვითკრიტიკული ტიპაჟები არიან. ამიტომ მათთან მიდგომის საუკეთესო ფორმაა ესაუბროთ ენის მოჩლექის გარეშე და გასაგებად. ყოველთვის არგუმენტირებულად აუხსენით თქვენი მოთხოვნები თუ გსურთ, რომ დაგიჯეროთ. ხშირად წაახალისეთ და შეაქეთ ეს მას არ გაათამამებს და არც თავში აუვარდება.
პატარა სასწორი მაქსიმალურად ჰარმონიულ, კომფორტულ და მშვიდ ატმოსფეროში უნდა გაიზარდოს. მოუმარაგეთ მუსიკალური ინსტრუმენტები, სახატავი ალბომი და ფანქრები – ხელოვნება მისთვის თუ პროფესია არა, ერთობ სასიამოვნო ჰობი იქნება. შენიშვნა რბილი ტონით მიეცით, სასწორი უხეშობაზე მძაფრად რეაგირებს. თუკი ხედავთ, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება ელემენტარულ სიტუაციაშიც კი უჭირს დაეხმარეთ, ოღონდ თქვენი აზრი არ მოახვიოთ თავს.
მორიელი ბავშვისთვის ჭკუის სწავლების უფლება რომ გქონდეთ და გამოგივიდეთ კიდეც, მისთვის პირველ რიგში ავტორიტეტი უნდა იყოთ. ამ ნიშნით დაბადებული პატარები პატივს მხოლოდ თავისზე უფრო ძლიერ და ჭკვიან ხალხს სცემენ. ამიტომ მოგიწევთ ნერვები გვარიანად გამოიწრთოთ მისი აღზრდის პროცესში. ყოველთვის ნუ მისცემთ უფლებას იაროს თავის ჭკუაზე. ხანდახან სიმკაცრე და დისციპლინაც გამოიყენეთ.
მშვილდოსანი ბავშვის გაზრდა ერთიორად გაგიადვილდებათ, თუ სახლში მასთან ერთად რომელიმე ცხოველს ან ფრინველსაც იყოლიებთ. პატარა მშვილდოსნებს ძალიან მოსწონთ ასეთი გასართობი და ეს მათში სამომავლოდ სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილებასაც გააჩენს, რაც ტიპურ მშვილდოსანს ხშირად აკლია.
თხის რქის თანადგომისა და გაგების იმედი, მცირე ასაკიდანვე შეგიძლიათ გქონდეთ. თხის რქა ბავშვები საკუთარ მშობლებს ამქვეყნად ყველაზე წინ აყენებენ ცხოვრებაში. მას თანდაყოლილი რიდი და მოწიწება გააჩნია ასაკით უფროსი ადამიანების მიმართ და ყოველთვის იცის თავისი ადგილი. განუვითარეთ მეტი გამოხატვის უნარი და სიყვარულის აშკარად დაფიქსირებაც ასწავლეთ. ეს მას სამომავლოდ ძალიან გამოადგება.
პატარა მერწყულს ერთი შეხედვით მშვიდი და მეგობრული ხასიათი აქვს. თუმცა, ზუსტად მას ეხერხება ყველაზე უკეთ "ანგელოზისსახიანი ღიმილით" სხვადასხვა ტიპის მავნებლობების კეთება. ამ ბავშვში უზომოდ დიდი კრეატიული ნიჭია, რომელიც სასურველია, შემოქმედებითი საქმიანობის ან დიდაქტიკური თამაშობისკენ მიმართოთ. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე მეტი ვუნდერკინდი ევლინება ქვეყანას.
თევზები გულჩვილი, ცოტა მშიშარა და მეოცნებე ბავშვები არიან. მათი პრობლემა ძირითადად სუსტი ჯანმრთელობა და ნერვული სისტემაა. ამიტომ თევზი ბავშვის მშობელს მოეთხოვება ამ უკანასკნელს ნებისყოფის გამომუშავებასა და გაკაჟებაში შეუწყოს ხელი. ატარეთ სპორტზე, გააცანით სახელოვნებო სფეროები, მიაჩვიეთ საკუთარი მოსაზრების თამამად და პრინციპულად დაფიქსირებას.