რომ გარდა მზის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი სტიქიისა, ნებისმიერი ჩვენგანის რუკაში ზემოთ ჩამოთვლილი სტიქიების გავლენაც არანაკლებ შეინიშნება. ზოგიერთში მიწა სჭარბობს (გაწონასწორებული, სტაბილური ადამიანი), ზოგიერთში – ჰაერი (ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ინდივიდი), ზოგში – ცეცხლი (ფეთქებადი, კონფლიქტური ტიპაჟი), ზოგში კი – წყალი (ემოციური, სენსიტიური და სენტიმენტალური ნატურა). ამიტომ გამომდინარე იქედან, თუ რომელი სტიქია წარმოადგენს დომინანტურს ჩვენს პირად კოსმოგრამაში, ადვილია მსჯელობა იმაზე კონკრეტულად რა სახის ადამიანთან გვაქვს საქმე. თუმცა, ჩემი დღევანდელი სტატიის თემა, სტიქიების მიხედვით ადამიანების ფსიქოტიპზე საუბარი არ გახლავთ. ამაზე როგორმე სხვა დროს. ამჯერად კი, მინდა მეტ-ნაკლებად მძიმე, თუმცა პრობლემატურ საკითხს შევეხო და ვისაუბრო იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი სტიქიის გავლენა იწვევს ადამიანში ემოციური ფონის მომატებას, რასაც ხელს აუცილებლად უწყობს პლანეტების არასასურველი ასპექტაცია, შედეგად კი ვიღებთ ფსიქიურად გაუწონასწორებელ პიროვნებას. რომელიც იმის გამო, რომ გარშემო მყოფებთან შედარებით, გაცილებით უფრო მძაფრად აღიქვამს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ხშირად ხდება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის ან ამორალური ცხოვრების მსხვერპლი.
ადამიანის ქვეცნობიერზე, პირველ რიგში მის პირად რუკაში, მთვარის განლაგება ახდენს უმთავრეს გავლენას. მთვარის მდებარეობა ასევე მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნდა კონკრეტულ ინდივიდს დაბადებიდან მოყოლებული დედასთან და რა ფასეულობები აიღო მან ამ ურთიერთობიდან.
თუკი მთვარე წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანშია განთავსებული ( კირჩხიბი, მორიელი, თევზები ) ადამიანი სხვებთან შედარებით, გაცილებით უფრო სენსიტიური, ცვალებადი და არამდგრადი იქნება. თუმცა, თუ მთვარე რომელიმე "მძიმე პლანეტის" ხარჯზე დაზიანებაში არ იმყოფება (მაგ. მარის, პლუტონი, სატურნი, ურანი) იგი საკუთარ ფუნქციებს მშვენივრად შეასრულებს, ისე რომ პიროვნება საკუთარი ემოციურობით სხვებს არასოდეს მიაყენებს ზიანს. მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი მთვარე დაზიანებულია? პირველ რიგში გასარკვევია ის თუ კონკრეტულად რომელ პლანეტასთან მოდის იგი დისონანსში. თუ ეს პლუტონია ინდივიდს დედასთან ექნება მტრული და დაძაბული დამოკიდებულება, თუ ეს მარსია იგი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ვერ გამონახავს კონფლიქტის გარეშე საერთო ენას, ხოლო თუ ნეპტუნია, პერიოდულად მას აუცილებლად ექნება რეალობისგან გაქცევის სურვილი, რასაც იგი სხვადასხვა საშუალებით განახორციელებს (სასმელი, ნარკოტიკი, ხელოვნების რომელიმე დარგით დაინტერესება).
ადამიანები რომელთაც პირად კოსმოგრამაში მთვარე-ნეპტუნის დაძაბული ასპექტები ან შეერთება აღენიშნებათ, არცთუ იშვიათად კარგავენ ადრეულ ასაკში რომელიმე მშობელს, რაც უდაოდ ასვამს დაღს მათ ქვეცნობიერს – ნეპტუნი ხომ ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა შრეებს კურირებს. იქ ინახება ის ემოციები, რომელთა ზედაპირზე ამოყვინთვისაც ზოგჯერ თითოეულ ჩვენგანს ძალიან ეშინია. ნეპტუნი, თუკი იგი ცუდად არის ასპექტირებული პირად კოსმოგრამაში ასევე განაპირობებს ჩვენში დაბუდებული უსაფუძვლო შიშების, ფსევდო-დაავადებების გაჩენის და სახელოვნებო ნიჭის ალბათობას. თუკი იგი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანში ( თევზები ) ან წყლის სტიქიის რომელიმე ნიშანში ან სახლშია განთავსებული, მას შეუძლია ადამიანს მიანიჭოს წინასწარმეტყველური სიზმრების ხედვის უნარი. მძაფრი ინტუიცია. კარგი სმენა ან სიმღერის ნიჭი და ა.შ.
სუსტი ფსიქიკის და ზოგადად ემოციურობის მაჩვენებელია რუკაში წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანში მაქსიმალურად ბევრი პლანეტის განლაგება. საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, თუკი ეს პლანეტები ზემოთ ნახსენები სტიქიის სახლებშივე არიან განლაგებული. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყო მერვე და მეთორმეტე სახლები. მერვე სახლი მორიელის ზოდიაქოს შეესაბამება, აქედან გამომდინარე პლანეტა, რომელიც ამ სახლში ხვდება ე.წ. "მორიელურ ელფერს" იძენს. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ რუკაში მერვე სახლის ინტენსივობით დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნიათ ოკულტიზმის, მაგიისა და სპირიტუალური სეანსებისკენ. თუმცა, ამასთან ერთად მათი ფსიქიკა, საკმაოდ მყიფე და სათუთია. მართალია ისინი განსაკუთრებული მაგნეტიზმით გამოირჩევიან და კარგად ახერხებენ ქარიზმატულობის საშუალებით გარშემო მყოფთა გულების დაპყრობას, მაგრამ მათი ცხოვრება ამის პარალელურად სავსეა ექსტრემალური სიტუაციებით და ფატალური მოვლენებით. რომელთა ახსნაც ხშირად თავადაც არ ხელეწიფებათ. თქმა არ უნდა, ზემოთ ხსენებული მოვლენები, საკმაოდ დიდ დამღას ასვამს ასეთი ადამიანის ფსიქიკას. გარდა ამისა, დატვირთული მერვე სახლის პატრონი, როგორც წესი, გამოირჩევა "სიკვდილის თემატიკის" მიმართ გამძაფრებული ინტერესით. შესაბამისად, მათ ხშირად ახასიათებთ განსჯა და ფიქრები ამ მოვლენის გარშემო. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩართული მერვე სახლის გავლენას, პირად კოსმოგრამაში მზე-ნეპტუნის, მთვარე-ნეპტუნის ან სატურნი-ნეპტუნის ასპექტაციებიც ემატება, ამგვარმა ფიქრებმა შეიძლება ადამიანი მარტივად მიიყვანოს სიგიჟის ან გაუცნობიერებელი სისასტიკის ზღვარზე.
კიდევ ერთი უდაო სიგნიფიკატორი პირად რუკაში, რომელიც ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე მიუთითებს არის ნეპტუნი-მზის შეერთება. როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც პირად კოსმოგრამაში ამგვარი შეერთება აღენიშნებათ. ძალიან ხშირად გამოირჩევიან უცნაური, ხშირად არაადეკვატური საქციელით. მათ გააჩნიათ "თავისი სამყარო", რომელშიც ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში, გარშემო მყოფთა თვალში ისინი "თეთრი ყვავის" იმიჯით სარგებლობენ. მზე-ნეპტუნის შეერთების მფლობელი, გარდა იმისა რომ მიდრეკილია ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვადასხვა ნივთიერება ბოროტად გამოიყენოს (ამის მიზეზი ისევ და ისევ მათი სურვილია გაექცნენ რეალობას), ხშირად გამოირჩევიან კარგი სახელოვნებო მონაცემებით. ამიტომ თუკი თქვენ შვილს პირად რუკაში ამგვარი ასპექტი აღმოუჩინეთ, გულის გახეთქვას და დაფეთებას ნუ იჩქარებთ. შეამოწმეთ მისი მუსიკალური შესაძლებლობები, იქნებ ხატვა იზიდავს ან სულაც თეატრალური ხელოვნება? მერწმუნეთ, თუკი ასეთი ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალი ბავშვობიდანვე სწორ კალაპოტში იქნება მიმართული, იგი აღარ შეეცდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მეშვეობით შექმნილ ირეალურ სამყაროს შეაფაროს თავი.