ფაქტი ფაქტად რჩება. განქორწინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია დღევანდელ რეალობაში. მაინც რა იწვევს პარტნიორებს შორის შეუთავსებლობას და კონკრეტულად როგორ განისაზღვრება ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში განქორწინების ალბათობა. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, პირად რუკაში განქორწინების მთავარ სიგნიფიკატორად პლანეტა ურანი და ქორწინების მმართველთან ან მეშვიდე სახლთან მისი ნეგატიური ასპექტებია მიჩნეული. განქორწინების ალბათობა გაცილებით დიდია, თუკი ურანი თავად გვევლინება ქორწინების ანუ დესცენდენტის მმართველად. ურანი ეგოისტური პლანეტაა, მას ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი ბუნება გააჩნია. თავისი არსით იგი ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის ჩარჩოებს და შეზღუდვებს. ამიტომ, როცა ურანი ქორწინების მმართველის ამპლუაში გვევლინება, იგი აუცილებლად შეეცდება შეარყიოს ან დაანგრიოს ჩარჩოები, რომელშიც ადამიანს ოჯახური ცხოვრება და ცოლის ან ქმრის როლი აქცევს.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მტკიცედ და უკანმოუხედავად განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას კარდინალური ნიშნები – ვერძი, კირჩხიბი, თხის რქა და სასწორი – იღებენ.
გადაწყვეტილების ხშირი ცვლა ახასიათებთ: ქალწულს, მშვილდოსანს, მერწყულს, ტყუპსა და ლომს.
განსაკუთრებით უჭირთ ოჯახის დანგრევა: კუროს, მორიელსა და თევზებს .
განქორწინების მაჩვენებლებში შედის ვენერას, მარსის ან მზის კვადრატურა ან ოპოზიცია ურანთან.
არანაკლებ ნეგატიურია ოჯახის სიმყარის შენარჩუნების საკითხში, მზე-მთვარის კვადრატურის ქონა პირად რუკაში. ამგვარი ასპექტი ცნობიერ-ქვეცნობიერის დონეზე იწვევს კონფლიქტს ადამიანში. მას იდეალური პარტნიორის ორი სხვადასხვა მოდელი გააჩნია. ამიტომ ოჯახს თუ ქმნის ერთთან, მუდმივად ოცნებობს მეორეზე.
საკმაოდ ხშირად ვხვდებით განქორწინებული ადამიანების რუკაში ასევე ვენერა-მარსის და პირველი-მეშვიდე სახლების მმართველთა კვადრატურებს. პირველ შემთხვევაში ადამიანს უჭირს გენდერული ბალანსის დაცვა, მეორე შემთხვევაში კი პიროვნულ თავისუფლებასა და ოჯახურ მოვალეობებს შორის ვერ აკეთებს არჩევანს.
ძლიერი პლუტონის მფლობელსაც ძალზე ხშირად ახასიათებს ე.წ. "ძალაუფლებისთვის ბრძოლა" საკუთარ მეორე ნახევართან. ხოლო, ასევე ძლიერად გამოხატული ნეპტუნის შემთხვევაში, საქმე ილუზიების შექმნის მცდელობასთან გვაქვს, რაც აიძულებს ადამიანს წლების მანძილზე აიტანოს მისთვის მტანჯველი და ამორალური პარტნიორი.