მართალია, მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შორის ბევრი მაღალგანვითარებული ინდივიდიც გვხვდება, რომელთა შესახებაც აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალში, მაგრამ ამჯერად მოდით მორიელის ბნელი მხარე განვიხილოთ კონკრეტული მაგალითების სახით და ერთად გავარკვიოთ, რატომ ახდენენ ეს ადამიანები ესოდენ დიდ გავლენას საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებზე.
ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ძმები ახალაიები – აი, ცნობილი მორიელების მოკლე სია, რომელთა მიმართაც საზოგადოების მძაფრი ინტერესი დღესაც არ განელებულა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა გამალებით ცდილობს თითოეული მათგანის შესახებ რაც შეიძლება დამაჯერებელი ინფორმაცია მოიძიოს, მორიელის ასე მარტივად გამოაშკარავება დამიჯერეთ არცთუ იოლის საქმეა. ამიტომ, თუკი საზოგადოების ყურამდე რაიმე ინფორმაციამ მაინც მიაღწია და საყოველთაო მსჯელობის საგნად იქცა მათი ქმედებები, ეს უპირველეს ყოვლისა პლანეტა სატურნის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში განლაგების გამო მოხდა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან კულმინირებს ამ ნიშანში და იქ ყოფნას კიდევ რამდენიმე თვის მანძილზე გააგრძელებს. შესაბამისად, სატურნის დამსჯელი ბუნების გავლენით, ბევრი ცნობილი მორიელის ცხოვრებაში დადგება კარგად დამალული საიდუმლოებების ზედაპირზე ამოტივტივების საჩოთირო მომენტი...
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მორიელს ორი უძლიერესი პლანეტა – პლუტონი და მარსი მართავს. შესაბამისად, მათი გავლენით, ნებისმიერ მორიელში არსებობს სოციუმის მართვისკენ (პლუტონი) და ნგრევისკენ მიდრეკილება (მარსი). თუმცა, იმას თუ როგორ გამოიყენებს ესა თუ ეს მორიელი პლანეტების მიერ ნაბოძებ ამ მართლაც რომ ფეთქებადსაშიშ უნარს, უკვე პირადი კოსმოგრამა და ინდივიდუალური ასპექტები განსაზღვრავს ამა თუ იმ მათგანის რუკაში. თუმცა, ამ ეტაპზე მოდით, ასტროლოგიურ ჭრილში პოპულარული დედმამიშვილები – ძმები ახალაიები განვიხილოთ და გავარკვიოთ, მაინც როგორი ადამიანები არიან ისინი სინამდვილეში "კულისებს მიღმა".
საქმე იმაშია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი არანაკლებ ცნობილი ძმა – დათა, ორივე მორიელის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლია. თუმცა, მათ შორის განსხვავება პირადი რუკების მიხედვით საკმაოდ დიდია. მაშინ როცა ბაჩო სავარაუდოდ დინჯი, წინდახედული და საკმაოდ პრაგმატული აზროვნებით გამოირჩევა, დათას ხასიათში მორიელის გავლენის გარდა ვერძის სიფიცხე და იმპულსურობაა გამოკვეთილი, რაც ამ ადამიანს ერთობ საშიშ და უმართავ ინდივიდად აქცევს.
მორიელისა და ვერძის კომბინაცია ერთად შეგვიძლია გასროლილ ტყვიას შევადაროთ. მისი შეჩერება როგორც წესი, უშედეგო და ხშირად აბსოლუტურად შეუძლებელია. ამიტომ, ამგვარ ადამიანს თუ ვინმე მცდარ მიმართულებას მისცემს, მას ნგრევისა და ქაოსის გამოწვევა მომენტალურად შეუძლია. თანაც ისე, რომ დიდხანს არ იფიქრებს იმაზე თუ რას სჩადის ან რატომ აკეთებს ამას.
ამგვარი ადამიანების ხასიათში ვერძის ცეცხლი, ხშირად სჯობნის მორიელისთვის დამახასიათებელ შორსმჭვრეტელობასა და სიფრთხილეს, რაც ბევრისთვის ფატალური შედეგებით სრულდება. გარდა ამისა, ძალიან საყურადღებოა კარმული მისია, რომლითაც იგი ამქვეყნად მოევლინა. ადამიანისთვის, რომელიც მსგავსი კარმული პროგრამით იბადება, კატეგორიულად არ შეიძლება მაღალ თანამდებობაზე ყოფნა. რადგან, იმ შემთხვევაში თუ მას ხელში ძალაუფლება ექნება, მის მმართველობას არაერთი ადამიანისთვის შეუძლია პირადი ტრაგედიის მოტანა. როგორც ჩანს, დათა ახალაიას შემთხვევაში, მისი დაღმავალი კვანძისთვის დამახასიათებელი, წარსულ ინკარნაციაში გამომუშავებული ნეგატიური უნარის გამოყენებასთან გვაქვს საქმე, რამაც შესაძლოა ეს ინდივიდი საკმაოდ მძიმე პრობლემების წინაშე დააყენოს. რადგან კარმული პრინციპებით, თუ ჩვენ ამ ცხოვრებაში, ჩვენზე დაკისრებულ აღმავალ მისიას არ ვანხორციელებთ და წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას ვიყენებთ ისევ, აუცილებლად დავისჯებით ამის გამო.
რაც შეეხება ბაჩოს, იგი გაცილებით უფრო დაბალანსებული მორიელია. თუმცა, ოპოზიციას მის ცნობიერ-ქვეცნობიერს შორის, რასაც მისი პირადი კოსმოგრამა აჩვენებს, შესაძლოა მის ხასიათში გარკვეული რადიკალიზმი შეჰქონდეს. ამ ადამიანის რუკაში ასევე დომინირებს ქალწულის გავლენა. რის გამოც, იგი საკმაოდ წინდახედული და მოქნილი იქნება ფინანსურ საკითხებში. გარდა ამისა, მას დეტალური ანალიზის უნარი და წვრილმანებისადმი უჩვეულო ყურადღებაც უნდა ახასიათებდეს, რაც მორიელის შორსმჭვრეტელობასთან ერთად გვაძლევს ადამიანს, რომელსაც იშვიათად თუ მოატყუებს ან გამოიყენებს ვინმე. ამასთან ერთად, რაც უნდა უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მისი კარმული პროგრამა, აფიქსირებს იმას, რომ ამ ადამიანს უწერია იყოს ლიდერი და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთგზის მოექცეს, თუნდაც ნეგატიური კუთხით. თუმცა, წარსული ინკარნაციის გამოვლენის გამო, იგი ძალზე ან ხშირად იქნება მეგობრებისგან მიტოვებული ამ ცხოვრებაში, ან სამეგობრო წრე მას სწორედ მაშინ ვერ გაუწევს დახმარებას, როცა იგი ამ დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს.