საერთოდ მერწყულთა უმრავლესობა, ბუნებით ლიდერი არაა. აქედან გამომდინარე, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე, სამუშაო მაგიდასთან გაჩერება, მით უმეტეს ბრძანებების გაცემა, მრავალსაათიანი საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და უამრავ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება, მათთვის უსაშველოდ დამღლელი და გამაწამებელი საქმეა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა მერწყული ახერხებს ამ უარყოფითი მომენტების დაძლევას და მისგან საკმაოდ კომპეტენტური ხელმძღვანელი დგება.
მერწყულისთვის დამახასიათებელი გამჭრიახი გონება, ინტუიცია, უჩვეულო კეთილმოსურნეობა, საზოგადოებაში, მეეზოვით დაწყებული, მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორით დამთავრებული, სიმპათიის მოპოვების უნარი, ლიბერალიზმი და დიპლომატიის ნიჭი, ნებისმიერ უფროსს დაამშვენებდა.
თუ მერწყულთან მუშაობა გინდათ, სამსახურში ბოლომდე დაიხარჯეთ. მას არ უყვარს ადამიანები, რომლებიც სრულ ხელფასს, ნახევრად გაკეთებულ საქმეში იღებენ. ასევე, ნუ ესესხებით ფულს (მერწყულს შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს) და ნურასოდეს ეცდებით უფროსის პირადი ცხოვრების შესახებ, ზედმეტი ინტერესის გამოჩენას, მით უმეტეს რჩევების მიცემას!
მერწყულის აზრით, ყველას აქვს უფლება სურვილისამებრ მოიქცეს და თავად საკუთარი ხელქვეითების საქმეში, ცხვირს არასოდეს ჩაყოფს. გარდა ამისა, ნურასოდეს ეცდებით მის მოტყუებას და ზურგს უკან გაჭორვას, სულერთია მაინც ვერაფერს გამოაპარებთ.
მერწყულთან მუშაობისას, ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ელოდოთ. ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მისულმა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მან თავისი ოფისი სხვა ადგილას გადაიტანა და ამის შესახებ, თქვენი გაფრთხილება აზრადაც არ მოსვლია.
მერწყულ უფროსს, იშვიათად ნახავთ ცუდ განწყობაზე. თანამდებობის მიუხედავად, ნებისმერ თანამშრომელს შეუძლია მასთან კაბინეტში შესვლა და გულახდილად საუბარი. თუმცა, თუკი ზოგჯერ განმარტოებით ყოფნა სურს, არ უნდა შეაწუხოთ. მისი უცნაური მანერები დროდადრო ალბათ ძალიან გაგაკვირვებთ, მაგრამ გაოცებას როგორმე უნდა მოერიოთ. მაშინაც კი, თუკი აღმოაჩენთ, რომ ხალხმრავალ ბანკეტზე, კლასიკური სტილის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ თქვენს უფროსს, სხვადასხვა ფერის წინდები მოუჩანს ფეხსაცმლიდან.