თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოთეატრები მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობენ.

ფესტივალი 4 დეკემბერს 19:00 საათზე უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნა. ფილმი 2017 წლის ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელია.

სწორედ უნგრეთი გახლავთ წლევანდელი კინოფესტივალის "ქვეყანა ფოკუსში". აქედან გამომდინარე, ფესტივალზე, ბოლო წლებში გადაღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს რამოდენიმე სტუმარიც ეწვევა უნგრეთიდან, მათ შორის იქნებიან თანამედროვე რეჟისორები და პროდუსერები.

კიდევ ერთი სექციის "რეჟისორი ფოკუსში" პროგრამაში წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კანადელი რეჟისორის დენი კოტეს ფილმები. აღსანიშნავია, რომ კოტეს ფესტივალის გახსნის დღეს საპატიო "ოქროს პრომეთე" გადაეცა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ყოველწლიური ტრადიცია აქვს: მისი თითოეული გამოშვება ახალ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას ეხმიანება და ფესტივალის მთავარი ლეიტმოტივი ხდება. წლევანდელი ფესტივალის თემა "ხელოვნება" იქნება. სექციაში "ხელოვნება" მაყურებელს კინოს 8 გამორჩეული ნამუშევრის ნახვა შეეძლება.

რაც შეეხება ფესტივალს, მთლიანად მის ფარგლებში 135 ქართული და უცხოური ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებიც. ასევე გაიმართება სხვადასხვა ვორკშოპები და შეხვედრები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსია. საკონკურსო ფილმებს 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის იტალიელი რეჟისორი და პროდიუსერი უბერტო პაზოლინი უხელმძღვანელებს. დაჯილდოების ცერემონიალი, ფესტივალის მიწურულს, 9 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი კინომოყვარულებს რუსთაველის და ამირანის კინოდარბაზები საუკეთესო ევროპული ფილმების ჩვენებებით გიმასპინძლებთ.

აღსანიშნავია ისიც რომ სეანსებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება