პროპაგანდა მუდმივად უნდა იყოს მიმართული მასისკენ ... პროპაგანდა საშუალებაა და ამიტომ ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სამიზნის პერსპექტივიდან - ასეთია პროპაგანდის ჰიტლერისეული განმარტება. თუმცა, სანამ ნაცისტურ გერმანიამდე მივალთ და იმას ვიტყვით, რომ სწორედ ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა დაეხმარა მას დიქტატორიული რეჟიმის შენარჩუნებაში, სამართლიანი იქნება ორიოდ სიტყვა ამ მექანიზმის წარმოშობაზეც ვთქვათ.
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ეს საშუალება ჯერ კიდევ იქამდე შეიქმნა სანამ დღესდღეობით დამკვიდრებულ სახელს შეიძენდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პროპაგანდის პირველ მაგალითად ხამურაბის კანონების პრეამბულა შეიძლება ჩაითვალოს, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონები სამართლიანობის დასამყარებლად და ძლიერების წინაშე სუსტების დასაცავად იყო შექმნილი, თუმცა თავად კანონების შინაარსი, სწორედაც რომ მდიდრებისა და ძლიერების ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული.
რაც შეეხება თავად სიტყვას „პროპაგანდა“ - 1622 წლით თარიღდება და კათოლიკური ორგანიზაციის დასახელებიდან (Congregatio de Propaganda Fide - სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია) მოდის.
ნაცისტური გერმანია
პროპაგანდა პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა - ამას ძალიან სწრაფად მიხვდნენ და ეფექტურად გამოიყენეს ნაცისტურ გერმანიაში. 1933 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მალევე, ადოლფ ჰიტლერის მითითებით პროპაგანდისა და სახალხო განათლების სამინისტრო შეიქმნა, რომელსაც ჰიტლერის პირველი მოადგილე გებელსი ჩაუდგა სათავეში. მან საკუთარ გავლენას სწრაფადვე დაუქვემდებარა ქვეყანაში არსებული კომუნიკაციის ყველა საშუალება - ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, საზოგადოებრივი შეკრებები, ხელოვნება, მუსიკა, კინო და რა თქმა უნდა, რადიო.
ნაცისტურ პროპაგანდას რამდენიმე მიზანი ჰქონდა და ერთ-ერთი მათგანი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც წესი ებრაელები ნაცისტური პროპაგანდის მიერ არაადამიანურ არსებებად იყვნენ გამოყვანილნი და ერის უსასტიკეს მტრებად შერაცხულნი.
პროპაგანდა ნაცისტურ ხელისუფლებას მუდმივად წარმოაჩენდა როგორც წესრიგის აღმდგენ ძალას და ამასთანავე ამართლებდა ებრაელების წინააღმდეგ გამოყენებულ სისასტიკეს. თუმცა, რა თქმა უნდა ამავდროულად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სისასტიკის ფაქტებს არ გამოეჟონა საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ამისთვის ნაცისტები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ.
მაგალითად, გეტოების ტყვეებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მალე გაზის კამერაში სიკვდილი ელოდა, აიძულებდნენ ახლობლებისთვის ბარათები მიეწერათ, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ მათ კარგად ეპყრობოდნენ და ცხოვრების კარგი პირობები ჰქონდათ.
გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ნაცისტურმა პროპაგანდამ რაიხის მოსახლეობაზე, ჯარისკაცებზე, პოლიციის ოფიცრებსა და მოკავშირე ქვეყნების არმიის სამხედროებზე წნეხი გაზარდა. პროპაგანდის თემები უცვლელი იყო: ებრაულ-ბოლშევიკური საფრთხისგან დასავლური კულტურის დამცველად გერმანიის წარმოჩენა და ტრაგიკული სურათის დახატვა, თუ რა შეიძლება მოსვლოდა გერმანიას თუ საბჭოთა კავშირი ომს მოიგებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ პროპაგანდამ განსაკუთრებული სიმწვავე 1943 წელს სტალინგრადთან მარცხის შემდეგ შეიძინა.
პრესა
პროპაგანდის ეფექტურობა იზომება იმით, თუ რამდენი მომხრე შეიძინა იდეამ. ეს მარტივი ჭეშმარიტება მხედველობიდან არც დიქტატორული რეჟიმის ლიდერებს გამოპარვიათ, რომლებმაც საკომუნიკაციო საშუალებების, განსაკუთრებით კი პრესის ხელში ჩაგდების შემდეგ, ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელი გამოცემების ტირაჟი ფაქტობრივად ათჯერ გაზარდეს, რათა ათჯერ მეტ ადამიანს გაეთავისებინა რომ „ებრაელები მათი უბედურება იყო“.
Völkischer Beobachter
ტირაჟი: 1.7 მლნ
(ეროვნული განმანათლებელი)
1933 წელს ტირაჟი შეადგენდა 130 ათასს, 1944 წლამდე 1.7მლნ-მდე გაიზარდა. ბოლო ნომერი 1945 წლის 30 აპრილს გამოვიდა
Das Reich
ყველაზე ინფორმირებული ყოველკვირეული გაზეთი ომის წლებში. 1940 წლის 15 მარტიდან 1945 წლის 22 აპრილამდე მისი ტირაჟი შეადგენდა 1.4 მლნ. ეგზემპლარს
ტირაჟი: 1.4 მლნ
Das Schwarze Korp
(შავი კორპუსი)
SS-ის ოფიციალური, ყოველკვირეული, უფასო გაზეთი. 1935 წელს ტირაჟი იყო 70 ათასი .
ტირაჟი: 750 000
Der Stürmer
(მოიერიშე)
აქ იბეჭდებოდა ლოზუნგები და ანტისემიტური კარიკატურები. მთავარ გვერდზე ეწერა სლოგანი: "ებრაელები-ჩვენი უბედურება" 1923-1945
ტირაჟი: 400 000
რადიო
„რაც პრესა იყო მეცხრამეტე საუკუნეში, იგივე იქნება რადიო მეოცე საუკუნეში“ - გებელსს სჯეროდა, რომ მაშინ როდესაც ფილმის სანახავად სახლიდან გასვლა იყო აუცილებელი, გაზეთს კი ყველა ადამიანი აღარ კითხულობდა, რადიო საზოგადოებამდე სასურველი შეტყობინების მიტანის საუკეთესო საშუალება იყო. მართლაც რადიომ მესამე რაიხის კანცლერს საშუალება მისცა მიემართა და პროპაგანდა გაევრცელებინა არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ გლობალურ დონეზეც.
როდესაც ჰიტლერმა 1938 წლის 26 სექტემბერს ბერლინის სპორტის სასახლეში პარტიის 15 ათას მხარდამჭერს მიმართა და ჩეხოსლოვაკიას მოსთხოვა - ან დაეთმო სუდეტის ოლქი ან მის საზღვრებში შეჭრას შეგუებოდა, რადიოს წყალობით, მისი სიტყვები მნიშვნელოვნად გასცდა რაიხის საზღვრებს. იქამდე სანამ ფიურერი სიტყვით გამოსვლას დაიწყებდა, რადიოს წამყვანმა ათობით ქვეყანა ჩამოთვალა - ლიტვიდან დაწყებული ურუგვაით დასრულებული, სადაც ჰიტლერის სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
რადიო მიმართვა 1939წ
მასების მართვა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაცისტურმა პროპაგანდამ, რომელმაც სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც შეაღწია, ნაყოფი გამოიღო და პროპაგანდისტული მანქანის მთავარ მამოძრავებელ ძალად თავად მოსახლეობა აქცია. 1933 წლის გაზაფხულზე სტუდენტურმა ორგანიზაციებმა, პროფესორებმა და ბიბლიოთეკარებმა გასანადგურებელი წიგნების ვრცელი სია საკუთარი ხელით შეადგინეს.
1933 წლის 10 მაისს ნაცისტებმა ბიბლიოთეკებსა და წიგნების მაღაზიებზე რეიდი მთელი გერმანიის მასშტაბით განახორციელეს. იმ ღამით 25 ათასი წიგნი განადგურდა - მათი ნაწილი ებრაელ მწერლებს ეკუთვნოდა, მათ შორის ალბერტ აინშტაინსა და ზიგმუნდ ფროიდს. თუმცა, ცენზურას შეეწირნენ ისეთი ცნობილი ამერიკელი მწერლების ნამუშერებიც როგორებიც ჯეკ ლონდონი, ერნესტ ჰემინგუეი და სინკლერ ლუისია.
რუსული პროპაგანდა - საინფორმაციო ომი
საკაბელო ტელევიზიის, უწყვეტი ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენის მოსაპოვებლად პროპაგანდის გამოყენება უფრო ეფექტური და პოპულარული გახდა.
რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ, მისი უზენაესი მიზანი ამერიკასთან პაექრობა და იმპერიალისტური მიზნების დაკმაყოფილებაა. ამას უკავშირდება დასავლეთის დასუსტების, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კულტურული და სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისა და რუსეთის ძლიერების დამტკიცების სურვილი. ამ სურვილებს კი პროპაგანდის საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევითა და საგარეო პოლიტიკური კლიმატის ფორმირებით იკმაყოფილებს.
რუსული პროპაგანდა არ წყვეტს მუშაობას საქართველოს წინააღმდეგაც. საერთაშორისო უფლებათდამცველმა ორგანიზაცია Freedom house-მა საქართველოს კონტექსტში ის სენსიტიური საკითხებიც კი განსაზღვრა, რომლებით მანიპულირებასაც კრემლი ყველაზე ხშირად მიმართავს. მათ შორის არის სექსუალური უმცირესობების თემის აქტუალიზება, რომლის დახმარებითაც ამერიკული და ზოგადად დასავლური კულტურის დემონიზირება ხდება, ასევე საქართელოს მოსახლეობაში ნოსტალგიის გაღვივება და ამისთვის ეკონომიკური პარტნიორობისა და ერთმორწმუნეობის საკითხების წინ წამოწევა.
ამერიკის დისკრედიტაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსკენ მიმართული პროპაგანდის უკანასკნელი ტალღა, რომლის ეპიცენტრში ამერიკელების მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორია აღმოჩნდა. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა კი ის ბრალდებებია, რომლებიც ბოლო თვეებში ე.წ ღორის გრიპის გავრცელების პარალელურად ხშირად ისმოდა.
ტელევიზია
ტელევიზიაში რუსულმა პროპაგანდამ კულმინაციას 2018 წელს მიაღწია - მთავარმა ფედერალურმა არხებმა „Россия-1“ და НТВ-მ პროპაგანდის გავრცელება დღეში 12 -საათიან რეჟიმში დაიწყეს.
გასული წლის 2 სექტემბერს Россия-1-ის ბადეში ვლადიმირ სოლოვიოვის 60-წუთიანი საავტორო გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“ ჩაეშვა, რომელშიც ყველასთვის ნაცნობი პროპაგანდისტი ერთი საათის განმავლობაში ყვება პრეზიდენტის დიეტაზე, სპორტულ რეჟიმსა და გატაცებებზე.
სტუმრების სკამებს მორიგეობით იკავებენ: კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები, პროსახელისუფლებო ჟურნალისტები... რუსულ მედიასივრცეშიც კი საუბრობენ, რომ გადაცემა საპენსიო რეფორმის ფონზე პუტინის რეიტინგის შესანარჩუნებლად შეიქმნა.
МОСКВА. КРЕМЛЬ. ПУТИН
(მოსკოვი, კრემლი, პუტინი)
Ток-шоу "60 минут"
(60 წუთი)
პოლიტიკური, სატელევიზიო გადაცემა რუსეთის პირველ არხზე,
წამყვანები ცოლ-ქმარი ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი არიან
ВЕЧЕР С ВЛАДИМИРОМ СОЛОВЬЕВЫМ
(საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად)
საავტორო გადაცემა,
სადაც ხშირად ისმის პროპაგანდისტული მოწოდებები
ВЕСТИ НЕДЕЛИ
წამყვანი დიმიტრი კისილიოვი, თავისი საქმიანობის გამო, ევროპის საბჭოს შავ სიაში იმყოფება,
რაც იმას გულისხმობს, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის უფლება არ აქვს
რუსულ სატელევიზიო სივრცეში მსგავსი მძაფრად პროპაგანდისტული გადაცემები საკმაოდ ბევრია. გადაავლეთ თვალი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მაგალითებს:
თუ გვსურს უკეთ გავიგოთ, როგორ მუშაობს დაუფარავი რუსული პროპაგანდა 2017 წელს Единая Россия-ს დეპუტატის ანა კუვიჩკოსა და ვოლგოგრადის ნომერ 44-ე სკოლის მოსწავლეების მიერ ჩაწერილ სიმღერასა და საბრძოლო მუხტით გაჯერებულ კლიპს ერთხელ მაინც უნდა შეხედოთ და გაიგებთ, როგორ აპირებს კურილიის კუნძულებიდან ბალტიის ნაპირებამდე გადაჭიმული რუსეთი შთამომავლებისთვის ყირიმისა და სევასტოპოლის შენარჩუნებას, თავის შემადგენლობაში კი ალიასკას დაბრუნებას. „თუ მეთაური ბოლო ბრძოლაში მოგვიწოდებს, ბიძია ვოვა ჩვენ შენთან ვართ“ - მღერიან ფორმებში გამოწყობილი მომავალი პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები.
სოციალურ ქსელში პროპაგანდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციისთვის გამოიყენება - ამ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2017 წელს 9 ქვეყანაზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ, რომელთა შორის - რუსეთი, გერმანია, აშშ, კანადა, ბრაზილია, ჩინეთი და სხვა ქვეყნებია. კვლევის თანახმად, მაგალითად, რუსეთში ტვიტერის აქტიური გვერდების თითქმის ნახევარი ბოტების მიერ იმართება. მსგავს ავტომატიზებულ გვერდებს შეუძლიათ კონკრეტული პოსტების მოწონება, გაზიარება და მათზე დაკომენატრებაც კი. ამ მექანიზმის დადებით კონტექსტში გამოყენება პოპულარობის ილუზიას ქმნის და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ ნდობას უღმავებს, უარყოფით კონტექსტში გამოყენებისას კი, დისკრედიტაციას ემსახურება და აგრესიას ბადებს.
სოციალური ქსელის მეშვეობით პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მაგალითს კვლავს რუსეთი წარმოადგენს, რომლის უხილავი ხელი უკვე არაერთი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერია.
რუსული პროპაგანდისა და მისი „ტროლების ქარხნის“ შესაძლებლობების ნამდვილ დემონსტრირებად იქცა 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ზოგადად წინაასარჩევნო მარათონიც, რომლის დროსაც არაერთხელ მოხდა დონალდ ტრაპის სასარგებლოდ ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია და რომლის წყალობითაც, თეთრი სახლი ექსცენტრულმა ბიზნესმენმა დაიკავა.
კრემლის ჩარევას ხედავენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა არგუმენტირებული ბრალდებები ამით არ სრულდება. რუსულ ინტერნეტ პროპაგანდას უკავშირებენ ასევე „ბრექსითის“ აზრის წახალისებას და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრეთა მხარდაჭერას, რაც 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებზე შესაბამისად აისახა.
10 ყველაზე ცნობილი რუსული ტყუილი
Распятый мальчик
მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ეუთოს დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსულ ტელევიზიაში განსაკუთრებით აქტიური უკრაინის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდაა, თუმცა ვფიქრობ, 2014 წლის 12 და 13 ივლისს რუსეთის პირველ არხზე ნაჩვენები სიუჟეტი 3 წლის ბიჭის ჯვარცმასა და მისი დედის წამებაზე, პროპაგანდის ჩარჩოებსაც კი სცდება. სიუჟეტში სლავიანსკიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი ყვება, როგორ გააკრეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამბოხებული მამაკაცის 3 წლის შვილი ჯვარს, „როგორც ქრისტე“, ეს სცენა დედას აყურებინეს, შემდეგ კი დედა ტანკზე გამოაბეს და მოედნის ირგვლივ, რომელიც ქალის თქმით, 1 კილომეტრი სიგრძის იქნებოდა, რამდენჯერმე შემოატარეს და ასე მოკლეს.
"რომ არა ბავშვები, მე თვითონ ავიღებდი იარაღს და ამბოხებული გავხდებოდი" - ამბობს „სიუჟეტის გმირი“ და ბავშვის წამების გახსენებისას ტირილს იწყებს.
Приказ - греться кровью русских младенцев!
ბრძანება: გათბით რუსი ახალშობილების სისხლით!
"რაც უფრო საშინელია ტყუილი, მით დიდია მზაობა მის დასაჯერებლად" - თქვა გებელსმა, გამოიყენა კრემლმა და საზოგადოებას უკრაინისა და მისი არმიის დემონიზებისთვის და უკრაინელებში საბრძოლო მუხტის შესამცირებლად, საზოგადოებას ისეთი დაუჯერებელი ამბების მთელი სერია შესთავაზა, როგორიც მსგავსი ისტორიებია. როგორც ჩანს კრემლი უკრაინასთან ბრძოლას ფაშიზმთან ბრძოლასთან აიგივებს.
პროექტზე მუშაობდნენ: ლევან ტაბატაძე, სალომე აბულაშვილი, ლუკა ჭიღლაძე, თამარ ილარიონოვა