აფხაზებს "განვითარების საფუძვლებს" ხელიდან აცლიან, - ეს განცხადება ოპოზიციური პარტია "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის" ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გაზეთ "ნუჟნაიასთან" საუბრისას გააკეთა.
ხაჯიმბას თქმით, აფხაზები უნდა ისწრაფვოდნენ სიტუაციისა და ხელმძღვანელობის შეცვლისკენ.
"საკუთრების არარსებობა, ნაციონალური ინტერესები, ქვეყნის უსაფრთხოება... ჩვენ ხელიდან განვითარების საფუძვლებს გვაცლიან. თუ ასე გაგრძელდება, ისეთსავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ვიყავით. არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზეთი რუსეთის ავტონომიური ოლქი გახდეს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისივე თქმით, საზოგადოებაში ხელისუფლების ქმედებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა და უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთისგან არაფერი დარჩება.