ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები

ალასანიას გუნდი "ქინდერ სიურპრიზის" მოლოდინში და პრემიერის შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებები

ბოლო განახლება| "მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაპირებული სიურპრიზი ალბათ "ქინდერ-სიურპრიზია", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს.

"ნამდვილად არ მინდა და ვფიქრობ, რომ არც ღირს ტალახის სროლაზე რაიმე კომენტარის და შეფასების გაკეთება. სურვილი მაქვს ამ ყველაფერზე მაღლა დავდგე. ნამდვილად არ ვიცი რა სიურპრიზებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ალბათ "ქინდერ სიურპრიზია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები, ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯისთვის საზიანოა.

"მას არაფერს სიკეთეს არ მოუტანს ასეთი ტიპის განცხადებები, რადგან რეალობა ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის, ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც კარგად იცის და საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ამიტომ თუკი მას ჰყავს ისეთი მრჩევლები, ვინც მას რჩევებს აძლევს, რომ ასეთი ფორმულირებებით ილაპარაკოს, ძალიან ცუდია. თუმცა, მე ვურჩევდი თუ მიიღებს - არ მიიღებს, ეს მისი საქმეა, ამ ტიპის განცხადებები ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ამით ირაკლი ალასანიას დააკლებს რამეს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

"პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე აკლია", - ეს ვიქტორ დოლიძის შეფასებაა.

ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ქცევა არაკონსტრუქციული იყო და ეს მასზე ცუდად აისახება.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობას, ვიქტორ დოლიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველანაირი სახის კავშირი უარყო და პრემიერს სამომავლოდ ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენი ფუნდამენტური განსხვავებების გამო არანაირი კავშირი არ გვექნება, ღმერთმა დაგვიფაროს. მე პრემიერს ვურჩევდი მომავალში რიტორიკა შეარჩიოს და ანალიზი გააკეთოს ვის და რა თემებზე მიმართავს. პოლიტიკური სიმწიფე პირადად მას წაადგება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას შესახებ მისი თანაგუნდელები ბევრ სიურპრიზს გაიგებენ.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტიურისტი", "უჭკუო" და "ამბიციური" დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრებთან შეხვედრისას უწოდა. პრემიერმა ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაშიც დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა