ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!

ქვეყნის მთავარი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა!

20 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველებმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. 20 წლის განმავლობაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა კონსტიტუციაც. დღეს, 24 აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში ამ იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღება მოეწყო. მიღებას ესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს ამ საღამოს ორგანიზებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია.

"არაფერია იმაზე უარესი, როცა კანონს კანონმდებელი არ იცავს" - ამბობს მაკიაველი.

დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები იმედეოვნებენ, რომ "კონსტიტუციაზე ძალადობა ისტორიის კუთვნილება გახდება".

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, დაწესდება საპრეზიდენტო ახალგაზრდული კონკურსი, რომელსაც ერქმევა - "ჩვენი კონსტიტუცია".

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, "საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე".

2012 წელს, გაზეთ ”ყველა სიახლეში” დაბეჭდა ინტერვიუ პარლამენტის წევრ, გიორგი ცაგარეიშვილთან, რომელიც აღნიშნავს, რომ  "225 წლის განმავლობაში აშშ-ის კონსტიტუციაში სულ 27 ცვლილებაა შეტანილი, საქართველოს კონსტიტუცია კი  1995 წლიდან 2012 წლამდე 29-ჯერ შეცვალეს"

ამონარიდი ინტერვიუდან: "საქართველოს კონსტიტუციაში მიღების დღიდან, 1995 წლის 24 აგვისტოდან 29 შესწორება შეიტანეს, აქედან "ვარდების რევოლუციის" შემდეგ - 23 ცვლილება... განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა ბოლო ორ საკონსტიტუციო ცვლილებას, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თვითაღიარებით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს) და ასევე, ცვლილება კონსტიტუციაში ქალაქ "ლაზიკას" დაარსების შესახებ, რომელიც ყველაფერთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს."

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ინფორმაცია მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.

ნანა ჩხაიძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."