რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით

რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გარდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, პრაღაში, გუშინ გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ადამიანური ნორმების უხეშ დარღვევას. ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ითქვა, რომ ზემოაღნიშნულის პრევენციისთვის ქართული მხარე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების განხილვისა და მოგვარების უმთავრეს ფორმატს", - ნათქვამია მთვარობსი ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ განხილულ იქნა პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები და მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნომენკლატურის გაფართოების, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

"აღინიშნა, რომ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9%-ით იკლო და 530,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთში საქართველოს ექსპორტი შემცირდა 47,1%-ით და განისაზღვრა 112 მლნ აშშ დოლარით. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთის მიმართულებით ქართული კომპანიების მიერ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას (14,6%)", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

გარდა ამისა, განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით და აღინიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღაში მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან სალუქვაძე მონაწილეობდნენ. რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, სტატს-მდივანი გრიგორი კარასინი, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი იგორ პეტროვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმ ლიტვინოვი. პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?