რას იხსენებს ოთარ ბერძენიშვილის სიძე ქაფიაშვილების მკვლელობის ღამეზე: "მთხოვა დამარეკინეო... ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია"

რას იხსენებს ოთარ ბერძენიშვილის სიძე ქაფიაშვილების მკვლელობის ღამეზე: "მთხოვა დამარეკინეო... ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია"

მოწმის ინფორმაციით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობის დღეს ოთარ ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მოწმემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მოწმემ, რომელიც ოთარ ბერძენიშვილის დის ქმარია, 2015 წლის 19 დეკემბრის ღამე გაიხსენა. მოწმემ აღნიშნა, რომ მკვლელობის ღამეს ოთარ ბერძენიშვილმა მას დაურეკა და მისვლა სთხოვა.

"ღამის საათებში დამირეკა ბერძენიშვილმა, მითხრა, ხომ არ გძინავსო, მე ვუპასუხე, არა-მეთქი. მითხრა, თუ შეგიძლია ჩამოდიო. ჩავედი ოთარის სახლთან. მითხრა, რომ მეგობარმა დაურეკა და თუ შემეძლო, ქვედა უბანში მასთან ერთად ჩასვლა. შემდეგ შეგვხვდა "ლუკოილის" გამყიდველი და დარაჯი. კორპუსთან რომ გავჩერდით, მათ გვითხრეს, რომ მამა-შვილია დაღუპულიო. შემდეგ ჩავედით შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა სასწრაფოს და პატრულის მანქანა და გვამები. როცა მივედით შემთხვევის ადგილზე, ჩამოვედით მანქანიდან, ამ დროს ოთარი მანქანასთან იდგა, შემდეგ მე მანქანაში ჩავჯექი. ოთარიც ჩამიჯდა მანქანაში. მთხოვა ტელეფონზე დამარეკინეო, რადგან ანგარიშზე არ ჰქონდა. ვისთან და რაზე ილაპარაკა არ გამიგია, იმიტომ, რომ მანქანიდან გადავიდა. ციოდა და მე შუშები აწეული მქონდა", - აღნიშნა მოწმემ.

კიდევ ერთი მოწმის ინფორმაციით, ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე არაფერი სმენია. საბა ჯაჯანიძის განმარტებით, ის როგორც მოკლულ ომარ ქაფიაშვილთან, ასევე ოთარ ბერძენიშვილთანაც მეგობრობდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

მისივე თქმით, ოთარ ბერძენიშვილი იმ მაღაზიაში მიდიოდა, სადაც მაგდა პაპიძე მუშაობდა. "როგორი ურთიერთობაც მე მქონდა მაგდასთან, ისეთი ჰქონდა ოთარსაც, რასაც მე ვხედავდი", - აღნიშნა მოწმემ. მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილს ჩხუბი არ მოსვლია არც ოთარ ბერძენიშვილთან და არც მასთან, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა.

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ