დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა

დამწყები ბიზნესმენების სტარტაპი, რომელმაც დასაქმებულებს კვების პრობლემა გადაუწყვიტა

საქართველოში დასაქმებულების ძალიან დიდი ნაწილი ყოველდღიურად ე.წ "ფასტფუდის" მომხმარებელია. ცომეული და არაჯანსაღი პროდუქტით კვება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ ბევრს არ აქვს დრო იმისთვის, რომ ლანჩზე გავიდეს, გემრიელი და ჯანსაღი კერძებით დანაყრდეს. სახლიდან მზა პროდუქტის წაღებაც გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, ამავდროულად, გაცივებული კერძი ძალიან მოშივებულსაც კი ვეღარ მიგიზიდავთ...

სამსახურში კვებასთან დაკავშირებით თითოეულ ადამიანს თავისი პრობლემა გაახსენდება, თუმცა ამ საკითხების მოგვარებაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილმა სტარტაპმა sadili.ge-მ უკვე იზრუნა.

ეს არის სადილის ონლაინ შეკვეთის საიტი, რომელიც მომხმარებელს გემრიელ და ხარისხიან საკვებს ადგილზე მიტანით სთავაზობს. ამასთან, შეკვეთა ძალიან სწრაფად, რამდენიმე წუთში სრულდება. მისაღებია კერძების ფასებიც.

მოტივირებული ახალგაზრდების გუნდმა Sadili.ge 9 თვის წინ დააარსა. თავდაპირველად ბიჭებმა საიტის საცდელი ვერსიით ნიადაგი მოსინჯეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ბაზარს მსგავსი შეთავაზების ათვისება შეეძლო, ბიზნესის გაფართოებაზეც დაიწყეს ფიქრი.

28 წლის შალვა ბუკია Sadili.ge-ს თანადამფუძნებელია. Ambebi.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ საიტის შექმნის იდეა სხვა სტარტაპზე მუშაობისას გაჩნდა.

"საკვებზე ფიქრი პრობლემაა ნებისმიერი დასაქმებულისთვის. სანამ ამ პროექტზე დავიწყებდით მუშაობას, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კვება, მისაღებ ფასში და თანაც ადგილზე გამოძახებით ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მოთხოვნის არსებობაში დავრწმუნდით და პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ,"-ამბობს შალვა ბუკია.

მცდელობამ გაამართლა. პირველი წარმატებული თვის შემდეგ ბიჭებმა ახალი, დიდი ფართი იქირავეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო მოაწყვეს, აიყვანეს პროფესიონალი მზარეულები და მომსახურე ავტომობილების რიცხვი თორმეტამდე გაზარდეს.

კერძები ყოველ დღე ახალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება. პროდუქტის ადგილზე მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წუთია.

"ტრადიციული საკვების შეკვეთის სერვისებისგან ჩვენი ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება, მომხმარებელთან მიგვაქვს მხოლოდ ჩვენს სამზარეულოში შექმნილი კერძები და არა სხვა რესტორნებისგან მოწოდებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყოველდღიურად ახალ პროდუქციას ვყიდულობთ და შესაბამისად მაღალ ხარისხს ვაწვდით კლიენტებს," - აღნიშნავს შალვა ბუკია.

Sadili.ge-ს მენიუ ყოველდღიურად განახლებადია. კერძები სხვადასხვა ქვეყნის ოჯახური სამზარელოდან არის შერჩეული. მომხმარებელს ვეგეტარიანული სალათების შეკვეთაც შეუძლია.

"ჩვენს სამზარეულოში კატეგორიულად გამორიცხულია კერძების მომზადება გაყინული პროდუქტისგან. იმისთვის, რომ სადილმა შეინარჩუნოს გემოვნური თვისებები, შევიძინეთ სპეციალური სერტიფიცირებული ღუმელები, რომლებშიც ტემპერატურას 5 საათის განმავლობაში 60 გრადუსს არ სცდება," - აღნიშნავს შალვა ბუკია.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობს, რომ საწყისი ეტაპი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. განვითარებასთან ერთად კი მოდის ნდობა და იზრდება მოთხოვნა. შალვა ბუკია აღნიშნავს, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. მცირე ბიზნესის წახალისებისთვის კი განსაკუთრებით "თიბისი ბანკის" "ბიზნეს დაჯილდოებას" გამოყოფს.

"ეს წამოწყება, ვფიქრობ, მთელს ინდუსტრიას ავითარებს. ადამიანები იგებენ ერთმანეთის წარმატებაზე, უჩნდებათ მოტივაცია პროექტში ჩართვის და გამარჯვების მოპოვების. ხედავენ როგორ იზრდებიან მათ ირგვლივ დამწყები ბიზნესმენები, აკვირდებიან, რა მიზნებს მიაღწიეს და როგორ განვითარდნენ. #წარმატებაგადამდებია - წარმატება მართლაც გადამდებია და ბიზნესდაჯილდოების მთავარი გზავნილიც ახალგაზრდებში მეტ სტიმულს ბადებს," - ამბობს შალვა ბუკია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ახალგაზრდა ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მალე sadili.ge მთელი თბილისის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ამბობს, რომ მათთვის გაფართოებასთან ერთად მთავარი გამოწვევა ხარისხისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი