პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."

პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."

ირმა ხეცურიანმა 2016 წელს საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო მიიღო და როგორც ამბობს, საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა.

"აქტიური წელი იყო, რადგანაც ოლიმპიური გახლდათ. წინა წლებიც ნაყოფიერი გვქონდა, სალიცენზიო და სარეიტინგო შეჯიბრებში ვიყავით ჩართულები (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო თასები). იმისთვის, რომ ლიცენზიის ქულები გაგვეზარდა, ბევრი გამარჯვება, მედალი მოვიპოვეთ," - აღნიშნავს ირმა და ახალ წელსაც დიდი შემართებით ხვდება. "მორიგი ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების ათვლა 2018 წელს დაიწყება. ამიტომ, 2017 წესით, ცოტა პასიური უნდა იყოს, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. უნდა ვივარჯიშოთ, შეჯიბრებებზე, შეკრებებზეც უნდა წავიდეთ, რომ ფორმაში ვიყოთ''.

- ამ სპორტით როდის და როგორ დაინტერესდით?

- ცოტა შორიდან დავიწყებ: 13 წლის წინ, კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, რომელიც ზურგის ტვინიდან იყო აღმოცენებული და სწრაფად მზარდი გახლდათ. ოპერაცია დამჭირდა, შემდეგ კი ეტლით მოსარგებლე გავხდი. მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ მქონია. ეს ამბავი რომ დამემართა, სტუდენტი ვიყავი, პირველ კურსს ვამთავრებდი და კურსის დახურვა ვერ მოვასწარი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, უნივერსიტეტი ვის ახსოვდა? სხვა მიმართულებით გადავერთე. ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ ფეხზე გამევლო, თუმცა ამ რეჟიმში 8 წელი გავატარე, - მხოლოდ რეაბილიტაციისთვის ვვარჯიშობდი. აქტიურობა ფეხებისა და წელისთვის აუცილებელი იყო... 2013 წელს კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი.

- საიდან?

- საერთოდ, აფხაზეთიდან ვარ და ვცხოვრობდით ჯერ წყალტუბოში, შემდეგ - ქუთაისში. თბილისში სამსახურის გამო წამოვედი, რომ საქმეც მეკეთებინა და მუშაობა ოფისმენეჯერად, საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში დავიწყე. მომეწონა ჩემი საქმიანობა, კოლექტივი, სადაც გამოცდილება, პრაქტიკა მივიღე. მერე ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, - ეტლით მოსარგებლეებისთვის ფარიკაობა განვითარებას აპირებს და თუ სურვილი გაქვს, იქნებ სცადოო. ვცადე, თუმცა თავიდან მეგონა, რომ მოყვარულის დონეზე იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ მალე ამ სპორტს პროფესიონალურად დავუკავშირდი. არადა, უკვე 27 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ ამ ასაკში ფარიკაობაში ასპარეზობის დაწყება დაგვიანებული იყო, - მიუხედავად ამისა, უარი არ მითქვამს. სიახლეები ყოველთვის საინტერესოა და  ყველაფერი პირველივე ვარჯიშზე დამთავრდა.

ასევე წაიკითხეთ: გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

- რას გულისხმობთ?

- ფარიკაობა ძალიან შემიყვარდა, "მოვიწამლე" და დავიწყე ფიქრი იმაზე, რამდენად დიდი შედეგი შეიძლებოდა მქონოდა. თავიდან ორი ადამიანი, მე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ვიყავით. არავითარი ინვენტარი არ გვქონდა, საკუთარი მანევრირებადი ეტლებით ვფარიკაობდით. 3 თვეში სპეციალური საფარიკაო ეტლები ბილიკებითურთ ჩამოგვივიდა და შეჯიბრებაზე წასვლაც მოგვიხდა, სადაც ორივემ წარმატებულად ვიასპარეზეთ. მერე იყო კანადაში პირველი მედალი და ნელ-ნელა მედლების სერიაც დაიწყო. მივყევით და 2016 წლამდე მოვედით.

- 2016 წელს, გარდა იმისა, რომ საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს, როგორც შევიტყვე, ოჯახიც შეგიქმნიათ. გვიამბეთ თქვენი სიყვარულის შესახებ...

- 2016 წელს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ის იყო, რომ პარალიმპიადაზე ლიცენზია მოვიპოვეთ, სადაც 5 პარასპორტსმენი გავემგზავრეთ. ისტორიაში პირველად, პარალიმპიადიდან სპორტსმენმა ოქრო ჩამოიტანა (ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური), მე კი საუკეთესო 8 სპორტსმენში აღმოვჩნდი...

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მე და ჩემმა მეუღლემ, ერთი წელია, ოჯახი შევქმენით. ყველაფერი თავისთავად, ჩვეულებრივად მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთვის ეს არავის დაუძალებია. საერთოდ კი, წელიწადზე მეტია, რაც ეს ამბავი დაიწყო: ერთ-ერთ ტელეშოუში ვიყავი მიწვეული, თან, პატარა სიუჟეტი მომზადდა. გადაცემა შემთხვევით ჩემს მეუღლეს, გიორგი დანელიას უნახავს. ეთერში რომ გავიდა, მაშინ საფრანგეთში შეჯიბრებაზე ვიყავი. სოციალურ ქსელში მომწერა, - ძალიან ლამაზი ხარ, რაც 10 დღის შემდეგ ვნახე და პასუხი გავეცი, დიდი მადლობა-მეთქი. იქედან რომ დაიწყო სმს-ების ცვენა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ეს ვერ არის-მეთქი. მერე შევხვდით კიდეც, ალბათ ორივეს გვჭირდებოდა ვიღაც გვერდით... თუმცა იყო კამათი, მოფერება, გრძნობების გამოხატვა, ჩემ გარეშე ფეხს არსად დგამდა, სულ ჩემზე იყო მოჯაჭვული. საზოგადოებამ რომ შეიტყო ჩვენს შესახებ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არ არის ადვილი თემა, თუმცა მაინც მეგონა, რომ ამ კუთხით აღარ "ბნელოდა", მაგრამ შევცდი...

წაიკითხეთ: "16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

გვქონდა ქორწილი, ჯვარიც დავიწერეთ, მაგრამ დღემდე ჩემი ქმარი გმირად ფასდება, რადგანაც ეტლსმიჯაჭვული გოგო ცოლად მოიყვანა! იმას იშვიათად თუ ვინმე ამბობს, რომ - რა კარგი წყვილია. არავინ ითვალისწინებს და ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, ვთქვათ, მე რა დონეზე გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. იქნებ მე უფრო გამიჭირდა?! თუმცა, საგმირო არც ერთს არაფერი ჩაგვიდენია. იყო გრძნობა, გვიყვარდა ერთმანეთი და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთობა ერთად ყოფნით დაგვეგვირგვინებინა. თუმცა ვიმეორებ, საქართველოში აღსაქმელად ეს რთული საკითხია და საზოგადოება მაინც შორს არის ჩვენი ამბის ადეკვატურად აღსაქმელად და დღემდე ბევრს ფილმის გმირები ვგონივართ. არადა, ორი ჩვეულებრივი ადამიანი ვართ, რომლებსაც ჰქონდა საკუთარი აზრი. გიორგისთვის არანაირი შეფერხება არ ყოფილა ეტლი, ჩემთვის მით უმეტეს, საკუთარი თავი ისეთი მიყვარს, როგორიც ვარ. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია ამ პრეტენზიით მთელი ცხოვრება იყოს.

ზოგადად ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა და თუ თავიდან რაიმე მაფერხებდა, მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ დღეს მშვენივრად ვგრძნობთ თავს. თუმცა, სოციალურ ქსელში, როგორც გითხარით, ჩვენ შესახებ ვკითხულობთ რაღაც ცუდ კომენტარებს, მაგრამ დიდი მადლობა მათ, ვინც გვგულშემატკივრობს და ჩვენ მიმართ თბილად არის განწყობილი...

- და ბოლოს ისევ ფარიკაობა... რა აქვს ფარიკაობას ისეთი, რამაც ასე მიგიზიდათ?

- მასში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, ამასთან, საოცრად განვითარებული გონება, სხარტი აზროვნება, ფიზიკური ძალა სჭირდება. ინტელექტი იმიტომ არის აუცილებელი, რომ მოწინააღმდეგეს დაასწრო და რაღაც მოატყუო. ყველაფერი სისწრაფეზეა ორინეტირებული. რაც შეეხება კუნთებს, ორგანიზმს, სხეულს, რა თქმა უნდა, ამისთვის ვარჯიში გვიწევს, ფიზიკური მომზადება, რომ ხელში, თითებში და მაჯაში ძალა გვქონდეს. ემოციურად რაღაცნაირად გაწონასწორებული და დახვეწილი სპორტია. რაც ნაკლებ ემოციაში ხარ და ცივი გონებით ფარიკაობ, ყველაფერი უკეთესად გამოდის. ამასთან, სანახაობრივად ლამაზია და ზედმეტად აზარტული, თუმცა თუ თვითონ ვფარიკაობ, ამას ვერ ვგრძნობ, მაგრამ როცა სხვის ასპარეზობას ვაკვირდები, ზედმეტ განცდებში ვარ. მოკლედ, ჩემი ფარიკაობისას ასე არ ვნერვიულობ, როგორც სხვის შეჯიბრებაზე. ჯამში კი, ჩემთვის ყველაფერი რატომღაც ხელოვნებასთან არის ახლოს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი