"სიკვდილშიც "გაუმართლათ", ორი ანგელოზი ისე გაფრინდა, ვერც მიხვდა..." - ქუთაისთან ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ტკივილიანი გახსენება...

"სიკვდილშიც "გაუმართლათ", ორი ანგელოზი ისე გაფრინდა, ვერც მიხვდა..." - ქუთაისთან ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ტკივილიანი გახსენება...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდა წყვილს - გიორგი პაპასკირს და ნუცა კალანდარიას, ოჯახის ახლობელი და დაღუპულის ნათლია მაია მახარაძე ფეისბუქში ემოციურ პოსტს უძღვნის. გიორგი პაპასკირი, იგივე სკირა, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, 22 იანვარს 27 წლის გახდებოდა...

"პირველი დაბადების დღე უშენოდ!

ჩემი ნათლული, არაჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი აქიტექტორი სკირა (გიორგი პაპასკირი) 27 წლის გახდებოდა. ბედნიერი და ამაყი ვიქნებოდი, ეს წერილი მისი რომელიმე წარმატებული პროექტისთვის მიმეძღვნა, მაგრამ.....

იბადება ადამიანი და სადღაც ათასობით მოკვდავში მისი ცალიც იბადება. ეს ორი ცალი ეძებს ერთმანეთს, ხან პოულობს, ხან ვერა. სამწუხაროდ ძნელია შენი ტოლფასის პოვნა, თუ გაგიმართლა, ხომ კარგი. თუ პროფესიაც სასურველი აირჩიე, რა გეთქმის, ბედნიერებაც ესაა.

გიოს გაუმართლა. საქმეც საყვარელი აირჩია და მეორე ნახევარიც. ამბობდა: ნუცა და არქიტექტურა მიყვარს ყველაზე მეტადო. ასეც იყო. ბოლომდე იხარჯებოდა ოჯახშიც და სამსახურშიც. ენერგია და სიყვარული ხომ მოჭარბებული ჰქონდა, ისეთი, ჩვეულებრივ ადამიანებს რომ არ აქვთ.

ყველაფერი ერთ თბილ და ლამაზ ოჯახში დაიწყო. ოჯახში, სადაც გიომ ფეხი აიდგა, ლაპარაკი დაიწყო, სიყვარული ისწავლა და განათლება მიიღო. ამბობენ გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ბუნებამაც ხელი შეუწყო. ჰოდა ყველაფერი იყო: საამაყო დედ-მამა, ბებია-ბაბუა, ღირსეული წინაპრები, პოზიტიური გარემო, დახვეწილი გემოვნება, მოხდენილი იუმორი და საოცარი ბუნება და გარეგნობა ამ უჩვეულო ადამიანისა: ზღვასავით ცისფერი, მეტყველი თვალები და ნათელი სახე, სითბოს და სიყვარულს რომ ასხივებდა.

წაიკითხეთ: "ნუცას და სკირას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ დაქორწინდნენ..." - რას ყვება მეგობარი ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ წყვილზე

სკირა - ასე შეარქვეს მეგობრებმა. გავიდა წლები, გაიზარდა ეს ჩვენი სკირა, ისწავლა და აირჩია საყვარელი საქმე. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ სკირას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩვეულებრივი არაფერი მოსწონდა, ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდოდა. შესძლო კიდეც. მშვენიერი პროფესია აირჩია - არქიტექტურა, თან როგორი მიღწევები ჰქონდა, ადრეულ ასაკში დაიმკვიდრა კიდეც წარმატებული არქიტექტორის სახელი, ყველა იცნობდა და აფასებდა. მის ნამუშევრებში უდაოდ იგრძნობოდა განსაკუთრებული სინატიფე, უდიდესი, ყველასგან გამორჩეული გემოვნება და პროფესიონალური ხედვა. თუმცა იყო იმედგაცრუება, იყო სიურპრიზებიც, ვინ მოთვლის რამდენი პროექტი, დაუღალავი შრომა, უძილო ღამე, კონკურსი, გამარჯვება, სიგელი, მეგობრებთან ერთად დაფუძნებული კომპანია ("TRIA GROUP), მისი წარმატებული პროექტებით აღფრთოვანებული კოლეგები და თანამშრომლობის სურვილით მიღებული შემოთავაზებები.

ერთი გამახსენდა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაქოში სამუშაოდ მიწვეულს, საკმაოდ გავლენიანმა კომპანიამ ისეთი პროექტები დაუკვეთა, სათანადო ფულადი ანაზღაურებით, ნებისმიერი სტაჟიანი არქიტექტორისთვის საოცნებო რომ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, უარი თქვა იქ დარჩენაზე, იქაურ გარემოს ვერ შეეგუა და მხოლოდ თბილისიდან ასრულებდა მათ დაკვეთებს. საქართველო უყვარდა, მისი გალამაზება სურდა, მისთვის უნდოდა დახარჯულიყო. პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარულიო ტვინს რომ "გვიბურღავენ", ამაზე მეტი რა გინდათ: უნიჭიერესი ახალგაზრდა უარს ამბობს სოლიდურ ფულად შემოთავაზებაზე და სურს თავისი ენერგია და განათლება მშობლიურ ქვეყანას მოახმაროს. მოკლედ, ძნელად თუ მეგულება მისი ასაკის ადამიანი, ამდენი რომ გაეკეთებინოს. უმცროსი ძმის, სანდროს მუსიკოსად ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა, მუდამ იმპულსის მიმცემი იყო მისთვის.

გართობაც მშვენიერი იცოდა. არაფერს ჩამორჩებოდა, ყველაფერს ასწრებდა, არაჩვეულებრივი იყო და იმიტომ. მეორე ნახევარიც ასევე არაჩვეულებრივი, თუმცა განსხვავებული მოძებნა - ულამაზესი ნუცა, ადამიანი, რომელსაც თავისი გარეგნობით, სიმშვიდით, სიკეთით და უშუალობით ყველა გაოცებაში მოჰყავდა. მოუსვენარ და აქტიურ სკირას ავსებდა, ცხოვრებას ულამაზებდა, მისი მუზა იყო. მალე თავისნაირი მშვენიერი კატო აჩუქა, მამასავით ცისფერთვალება. კატოს გაჩენამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და გაამდიდრა მათი ცხოვრება. მინახავს მამები, მაგრამ ასეთი? ყველაფერი საუკეთესო და ღირებული კატოს! თქმა და შესრულება ერთი იყო, ამის ამბიციაც ჰქონდა. ულამაზესი ბინის პროექტი შეადგინა, მომავალში იქ უნდა ვიცხოვროთო. ამ ეტაპზე უკვე კატო, ნუცა და არქიტექტურა იყო მისი ყველაფერი.

ვინ იცის კიდევ რამდენხანს გაგრძელდებოდა ამ პატარა, მაგრამ საოცრად დიდი ღირებულების ოჯახის არსებობა, რომ არა ის ავად სახსენებელი 21 ივლისი, დღე, რომელმაც შეძრა არა მარტო მისი მშობლები, ახლობლები და მეგობრები, არამედ სრულიად საქართველო. ეხლაც ყურში ჩამესმის სიტყვები: საშინელი ავარია, სკირა და ნუცა აღარ არიან....გარდაიცვალნენ! ამ შემთხვევამ მათი უახლოესი მეგობარი ანიც შეიწირა. ტკივილი, რომელიც მაშინ ვიგრძენი, ეხლაც ისარივით მერჭობა გულში, როცა ამ უსაყვარლეს და ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანებზე ვფიქრობ. ძალიან მიჭირს მათზე წარსულში საუბარი...

წაიკითხეთ: "თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

ისე, რა ბედი ჰქონიათ, სიკვდილშიც "გაუმართლათ". ორი ანგელოზი ისე გაფრინდა, ვერც კი მიხვდა. ყველაფერი ერთ წამში დამთავრდა. თუმცა დამთავრდა აქ და გრძელდება იქ, სადაც მარადიული სასუფეველია და ოდესღაც ყველანი წავალთ. თავს ვიმშვიდებთ, ასე უნდა მომხდარიყოთქო, მაგრამ როგორი დასამშვიდებელია, როგორი მოსანელებელია? რატომ გიო და ნუცა? რატომ ეხლა, ამ ასაკში, როცა ცხოვრება უხაროდათ, შვილი უნდა გაეზარდათ? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, უბრალოდ ძნელი მოსაძებნია. როგორ უნდა ანუგეშო მათი მშობლები? ერთადერთი ნათელი წერტილი პატარა კატოა, ვისთვისაც ცხოვრების გაგრძელება უღირთ. სამწუხაროდ უძლურნი ვართ, ვერაფერს ვცვლით და ვეჩვევით ამ ტკივილით ცხოვრებას. ახლა მხოლოდ მათზე ლოცვა თუ შეგვიძლია.

ცრემლიანი თვალები, სევდიანი სახეები, სულისშემძვრელი სიცარიელე, დაუსრულებელი პროექტები, ულამაზესი ფოტოები და ვიდეოები, უჩვეულო სიჩუმე - ასეთი რეალობაა დღეს თბილისის ერთ-ერთ მყუდრო, სტუმართმოყვარე, სიყვარულით სავსე ოჯახში. მხოლოდ პატარა კატოს ხითხითი არღვევს სიმყუდროვეს და იპყრობს იმ ადამიანების ყურადღებას, რომლებმაც ყველაზე საუკეთესო დაკარგეს ამ ცხოვრებაში. თუმცა უფლის წყალობით არ გაბოროტდნენ, პირიქით გაძლიერდნენ და კვლავ ჩვეული შემართებით, ღირსეულად მიუყვებიან ამ რთული და გამოუცნობი ცხოვრების გზას. გზას, რომელზეც მათი შვილების გაგრძელებამ და მომავალმა უნდა იაროს.

დრო გავა. კატო მშობლებივით ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი გაიზრდება, ექნება საუკეთესო ცხოვრება, ეყოლება ბევრი შვილი, იცოცხლებს დიდხანს და ყოველთვის სიამაყით ივლის, რადგან სკირას და ნუცას შვილი ჰქვია" - წერს მაია მახარაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს