სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება

სიღნაღის სასამართლომ დედოფლისწყაროში მცხოვრებ 36 წლის დავით ლ-ს ჩეხი ტურისტის, რენატა ბ-ს გაუპატიურების საქმეზე 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, სიღნაღში მოხდა. დავით ლ. გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 2016 წლის ივნისში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ჩეხი ტურისტის თქმით, იგი ღამით ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა. საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლო 9 თვის განმავლობაში დახურულ სხდომაზე იხილავდა. სქესობრივი კავშირი დადასტურდა, თუმცა ძალადობის მტკიცებულებები საქმეში არ დევს. დაკავებულის ოჯახი უსამართლო განაჩენს ჩეხეთის საელჩოს აქტიურობას უკავშირებს და მათ ჩარევას გამოძიებაზე ზეწოლად აფასებს.

გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, სამი ჩეხი ტურისტი ჩალაუბნის გზაზე გაიცნო, ისინი სიღნაღის დათვალიერებას გეგმავდნენ და დახმარება შესთავაზა. სიღნაღის სხვადასხვა კაფის თანამშრომლები, კვადროციკლის გაქირავების მომსახურე პერსონალი ამტკიცებენ, რომ გოგონასა და მამაკაცს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მთელი დღის განმავლობაში კონფლიქტი არ ჰქონიათ:

"100%-ით გეუბნებით, რომ ეს გოგონა ბიჭს კისერზე ეკიდებოდა, კოცნიდა, მეგობრები კი ფოტოებს უღებდნენ და ერთობოდნენ. არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდა, პირიქით, გოგონა იჩენდა ყურადღებას მამაკაცის მიმართ. შემდეგ ტურისტები დედოფლისწყაროში წაიყვანა, მწვადი შეუწვა, ასეირნა, ბოლოს კი სიღნაღში საოჯახო სასტუმროში დააბინავა და თავადაც იქ დარჩა", - ყვება თვითმხილველი.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია: "შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, თუმცა დარღვევის ხანდაზმულობისა და პერიოდის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. გაუპატიურების ფაქტის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში".

დაკავებულის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რაც დაზარალებულის უმწეობაზე მიანიშნებს. ის, რომ გამოძიებას სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, თავად დაზარალებულის მიზეზით მოხდა, რადგან დროზე ადრე დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ სათანადო კვლევები არ ჩატარებია და არც მას შემდეგ უთანამრომლია გამოძიებასთან.

"გადაწყვეტილება არის უკანონო. სამართლებრივად სწორი და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. აბსურდულ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი გამოცდილი სამხედრო ვეტერანის მიმართ, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა, სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა და სამშობლოს ყოველთვის გვერდით ედგა. ჩვენების მიცემისთანავე სამივე ტურისტმა დატოვა საქართველო და გაემგზავრა, თუმცა შეეძლოთ, კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილიყვნენ და გამოძიებისთვის ხელი შეეწყოთ. ეს მათ ინტერესშიც შედიოდა, თუმცა გამოძიებასთან არ უთანამშრომლიათ" - ამბობს ბეგიაშვილი.

"ჩვენს მიერ მითითებული მოწმეები და სექსოლოგები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ახსნიდნენ, სასამართლომ არ დაკითხა. ძალიან დამამცირებელი და უცნაურია, რომ სასამართლო არ დაინტერესდა, ეს დეტალები სპეციალისტებთან გამოეკვლია. უნდა მომხდარიყო საკითხის ანალიზი არა მხოლოდ იურიდიულად, არამდე სამედიცინო თვალსაზრისითაც. მთავარი ისაა, რომ თუკი ისინი რაიმე სახის საფრთხეს გრძნობდნენ, ამ შემთხვევაში დათოს მათთან ერთად არ დატოვებდნენ ან კარს საგულდაგულოდ დაკეტავდნენ. გაირკვა, რომ საკეტი ღია იყო და არც გვერდით ოთახში გაუგია ვინმეს ძალადობის ხმა. როდესაც გათენდა, მეგობარმა გოგონამ დაიწყო ყვირილი და პატრულს დაურეკა. ამ დროს კი რენატა თავს იმართლებდა, რომ ეძინა და არაფერი ახსოვს. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეძინა, რითაც ალიბის შექმნას ცდილობდა. უამრავი წინააღმდეგობაა ჩვენებებში და ბევრი სიცრუე წერია, ამიტომაც სასამართლო სხდომებზე ხელახალ დაკითხვებს თავი აარიდეს, რადგან ტყუილი ჩვენებები მალე გაქარწყლდებოდა. სასამართლოზე რომ ჩამოსულიყვნენ, ანალიზის შედეგად ისეთ კითხვებს დავუსვამდით, რომ ნამდვილად ჩაიჭრებოდნენ" - ამბობს ადვოკატი.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდათ და შესაძლოა ამით ტურისტებმა კომპენსაცია მიიღეს. იქნებ სწორედ ფინანსური ინტერესის გამო ატეხეს ხმაური?

- გაირკვა, რომ სამივე ტურისტი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელია, რაზეც სასამართლო განხილვისას ყურდაღება არ გამახვილებულა. სამოგზაურო დაზღვევა შესაძლებელია გულისხმობდეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზღვევას, ისე სექსუალური რისკებისა და ხელშეუხებლობის საკითხსაც. სწორედ ეს გარემოება შეიძლება გამოიყენონ მათ და ნებისმიერ დროს საქართველოს უჩივლონ, რომ ამ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო მათი დაცვა სქესობრივი ხელშეუხებლობის კუთხით.

- განაჩენი გამოტანილია, მისჯილია 6-წლიანი პატიმრობა, ოჯახის პოზიცია გვითხარით, რას აპირებთ ახლა?

- ბრძოლას ვაგრძელებთ. გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში ვგეგმავთ საქართველოში, შემდეგ კი, თუ სამართალს ვერ ვიპოვით, აუცილებლად წავალთ ევროსასამართლოში. დათო ღირსეული მამაკაცია, მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურა, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია სამხედრო მისიებში, ყველა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტირება გავლილი აქვს და მოძალადე ადამიანი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. იმ დროს, როდესაც მის გამოცდილებას ჩვენი ქვეყანა თავის სასიკეთოდ უნდა იყენებდეს, მას ექვსი წლით ციხეში ტოვებს.

ჩეხეთის საელჩოში მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ძალადობის მსხვერპლი გახდა. საელჩოში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ და ამბობენ, რომ მედიასთან დამატებით ინფორმაციას დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ გასცემენ.

ილია მარტყოფლიშვილი

გაზეთი "ვერსია"

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე