ავტორი:

"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს

"მოსიარულე სიურპრიზი იყო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები გარდაცვლილ დიმიტრი ტატიშვილს

24 სექტემბერს, დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცი - დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები.

არსებული ინფორმაციით, ტატიშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში მისმა ძმამ იპოვა.

გიორგი მიქელაძე დიმიტრი ტატიშვილის ბავშვობის მეგობარია. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ის ამბობს, რომ დიმიტრი თავად იყო სიურპრიზი და მუდამ ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნავდა.

"დიტო უაღრესად კარგი ადამიანი იყო... ოჯახი, მეგობრები უყვარდა, ჭკუას კარგავდა შვილებზე... რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. ბოლოს წერეთელზე გახსნა მაღაზია და "ბრინტო" დაარქვა. ბავშვობაში მას ეძახდნენ ბრინტოს. ერთმა მეზობელმა შეარქვა, არადა, იმ კაცის გარდა, ბრინტოს არავინ ეძახდა. დიტომ ჯერ თავის თუთიყუშს დაარქვა ბრინტო და მერე მაღაზიას. კიდევ ერთი ძმა ჰყავს და ალბათ ის ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში.

...აუზის გაკეთება ყველასთვის სიურპრიზი იყო. მერე იმ აუზს მეზობლებმა გადაუღეს ფოტოები და გაავრცელეს, თორემ თვითონ არც იტყოდა. უნდოდა, ბავშვებისთვის ესიამოვნებინა და ასეც მოხდა.

სხვა ბევრი კარგი რამეც აქვს გაკეთებული. მოულოდნელად მოვიდოდა და ჩემს მეუღლეს ყვავილს მოართმევდა. ამოვიდოდა და ჩამეხუტებოდა, რადგან იმ წუთას ასე უნდოდა. უცებ მეტყოდა, მოემზადე, ხვალ იქ მივდივართო. მოსიარულე სიურპრიზი იყო.

როცა ვინმეს ჩემს თავს აცნობდა, ეუბნებოდა, ეს გოგა მიქელაძეა, რომელიც სასწრაფოს ასწრებს ჩემამდე მოსვლასო. ერთხელ მის ბებოს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. მე შორს არ ვცხოვრობდი მათგან, სწრაფად ჩამოვირბინე, რომ დავხმარებოდი. ჩემი მისვლის მერე მოვიდა სასწრაფო და იმის მერე ასე მახასიათებდა..."

დიმიტრი ტატიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს. ჟურნალ "სარკესთან" ნოდიკო მათი დამეგობრების ისტორიას ყვება:

"დიმიტრის თბილისში განათების ტექნიკისა და აქსესუარების რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ ბათუმის ბინაში რემონტს ვაკეთებდი და გადავწყვიტე, აქსესუარები თბილისში შემეძინა. ერთ-ერთ ძალიან კარგ მაღაზიას მივადექი, სადაც დიდი არჩევანი იყო. შევედი მაღაზიაში და უცებ ერთი ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი, ჩემკენ გამოემართა და გადამეხვია. გაკვირვება რომ შემატყო, უცებ მიპასუხა, მეც ტატიშვილი ვარ და რომ დაგინახე, არ იცი, როგორ გამიხარდა, რომ ჩემს მაღაზიაში შენი ფეხით მოხვედიო...

ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და სოციალურ ქსელში მუდამ იცოდა მოკითხვა, მის ამბავს მეც ვკითხულობდი. მუდამ მეკითხებოდა, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დამირეკა და მითხრა, ახალი მაღაზია გავხსენი წერეთელზე და მინდა, განახოო. ისიც მითხრა, შენი დახმარებაც დამჭირდებაო, მაღაზიის გაპიარებაში. ვუთხარი, რა თქმა უნდა, შენ გვერდით ვარ-მეთქი... ზუსტად ერთ კვირაში ეს საზარელი ამბავი გავიგე. თავიდან ვერ დავიჯერე, რადგან ფსიქოლოგიურადაც ძალიან გაწონასწორებული ადამიანი და უწესიერესი პიროვნება იყო... მისნაირი ბევრი რომ გვყავდეს, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნებოდა".

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

რამდენი პაციენტი იმართება დღეს აპარატზე და არის თუ არა სისტემა მზად სასუნთქი აპარატების თვალსაზრისით - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ამირან გამყრელიძე: "ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში, ვეთამაშებით ცეცხლს!"