ავტორი:

"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების დროული და მიუკერძოებელი გამოძიება ყველაზე ნათლად განსაზღვრავს სამართალდამცავი უწყებების მუშაობის ეფექტიანობას. ის მოცემულობა, რომ გახმაურებული საქმეების უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია, აჩენს ეჭვს სამართალდამცავ უწყებებში (მართლმსაჯულების სისტემაში) ხელისუფლების საეჭვო გავლენების შესახებ. რაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში დაუცველობის და უსამართლობის განცდას ქმნის.

პროკურატურისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი პერიოდულად მიაწვდიდნენ საზოგადოებას ამა თუ იმ რეზონანსული საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას, თუმცა მათ უმრავლესობაზე შედეგები ჯერაც უცნობია. „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, "ნაციონალების" გამოუძიებელ საქმეებს კიდევ ათულობით სკანდალური და სისასტიკით გამორჩეული საქმე შეემატა, რომელთა უმრავლესობა ასევე გაუხსნელია.

რატომ არ იძიებს ხელისუფლება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს? რამდენად საფუძვლიანია ეჭვი, წინა და ახალი ხელისუფლებების კოჰაბიტაციის შესახებ? - AMBEBI.GE ექვს გახმაურებულ, გამოუძიებელ საქმეს მიმოიხილავს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მოხდა.

მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე

2011 წლის 27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მეტროსადგურ "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის თავზე ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე განცხადებით, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება იყო. თუმცა მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ გარდაცვლილები 26 მაისის აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტთან იყვნენ დაკავშირებულნი. შსს-მ მაშინ ამ ვერსიის შესწავლაც დაიწყო.

დადგინდა, რომ გარდაცვლილები იყვნენ თბილისელი ნიკა კვინტრაძე და ვანელი სულიკო ასათიანი. შსს-ის ოფიციალური ვერსია პირველად ეჭვქვეშ ნიკა კვინტრაძის მეგობარმა რევაზ რეხვიაშვილმა დააყენა. მან განაცხადა, რომ აქციაზე ის და კვინტრაძე ერთად იყვნენ და მეგობარი მას შემდეგ დაკარგა, რაც აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა ალყაში მოაქცია. რეხვიაშვილი დაჟინებით აცხადებდა, რომ ნიკა კვინტრაძე ან ადგილზე იყო მოკლული, ან დააპატიმრეს, მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით დატოვეს მაღაზიის თავზე.

VIDEO: 26 მაისის ღამის აქამდე უცნობი კადრები - რა ბრძანებას გასცემდა დავით ახალაია დარბევისას

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იხსენებდა, რომ თავად შეესწრო ფაქტს, როგორი მუქარითა და ზეწოლით აჩუმებდნენ მაღაზიის გამყიდველს მაშინ, რათა სიმართლე დაემალა. ვანის საკრებულოს დეპუტატი და ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსი დავით ლორთქიფანიძე კი (რომელიც მოგვიანებით "ქართული ოცნების" დეპუტატი გახდა), საჯაროდ აცხადებდა, რომ სულიკო ასათიანის ცხედარი დასაფლავებაზე ნახა - გარდაცვლილი ნაწამები იყო, ამოთხრილი ჰქონდა მარცხენა თვალი, ყელი გამოჭრილი...

თუმცა, მაშინდელ შსს-ს ამ ხმაურიან განცხადებებზე არ მიუქცევია ყურადღება. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილების სხეულიდან იყო აღებული ბიოლოგიური მასალები და ასევე ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა - თუმცა მოულოდნელად, ერთი წლის თავზე, განადგურდა.

2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ დიდ ბრიტანეთში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS fingerprints/forensics შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალაზე გამოსახული პირი ნიკა კვინტრაძეა და აქციის დაშლის დროს იგი დაკავებული იყო პოლიციის მიერ. საია-მ დასკვნა გაუგზავნა პროკურატურას და მტკიცებულებებზე სათანადო რეაგირება სთხოვა, მაგრამ ქმედითი ღონისძიება საქართველოს პროკურატურას არ გაუტარებია.

2012 წლის 12 დეკემბერს, ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოძიება ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეზე კვლავ განახლდა, თუმცა გარდაცვლილების ოჯახის წევრები სიმართლის დადგენას დღემდე უშედეგოდ ელიან.

აკადემიკოს გურამ შარაძის საქმე

2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე გურამ შარაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელად ვინმე გიორგი ბარათელი დასახელდა, თუმცა აკადემიკოსის ოჯახი ამ ვერსიას თავიდანვე არ დაეთანხმა.

"ნაციონალების" დროს გამოუძიებელი საქმის ხელახალი გამოძიება "ოცნების" ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო. 2014 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარაძის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. აკადემიკოსის შვილი დღემდე ითხოვს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელების დასჯას.

რუსუდან შარაძემ არაერთხელ გამართა პრესკონფერენცია, მათ შორის რამდენიმე თვის წინაც "ქართული ოცნების" ოფისთან და ხელისუფლებას მამამისის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსუდან შარაძე მიიჩნევს, რომ მამამისის მკვლელის კვალი მაშინდელ ხელისუფლებამდე მიდის.

AMBEBI.GE-სთან საუბარში რუსუდან შარაძემ განაცხადა, რომ აკადემიკოსის საქმესთან დაკავშირებით სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი მას მოკვლითაც კი დაემუქრა.

წაიკითხეთ: როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა

"ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დღეს უკვე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ - გურამ შარაძის მკვლელობა შეგნებულად არ იხსნება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს საქართველოში! პროკურატურას თითქმის გამოძიებული საქმე ჩავაბარე, არაერთმა მოწმემ მისცა ჩვენება, რომ ნახეს ბარათელისგან სრულიად განსხვავებული მკვლელი.

მარტო ბოლო "ოქროს მოწმის" მაგალითი რად ღირს?! ყოფილი კუდ-ის მაღალჩინოსანი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი მზად იყო, გამოძიებისთვის გადაეცა მტკიცებულებები და სასამართლოზეც, პირზე დადგომოდა სააკშვილის ბანდას, მაგრამ სუს-მა ეს მოწმე ჯერ დააშინა, დააშანტაჟა და მერე გადამკიდა იმდენად, რომ ერთი თვის წინ, აქეთ მოკვლით მემუქრებოდა. გასცენ პასუხი კითხვას - რატომ ჰყავთ ყველა ძალოვანი უწყების უმაღლეს თანამდებობებზე სააკაშვილისა და ახალაიების ზონდერ-მკვლელები, რაში სჭირდებათ ეს? - გვითხრა რუსუდან შარაძემ.

სულხან მოლაშვილის საქმე

სულხან მოლაშვილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად მოიხსენიებდნენ, 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლით იკავებდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს. სასამართლომ მოლაშვილი დამნაშავედ სცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისებაში, რის გამოც თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოგვიანებით გასაჯაროვდა ფოტოები, რომელზეც აშკარად ჩანდა, რომ სულხან მოლაშვილი სასტიკად იყო ნაწამები, მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, ელექტროშოკის ზემოქმედების შედეგად კი სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა.

მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე მოლაშვილი 2008 წელს გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ის აქტიურად გამოდიოდა მედიის საშუალებით და საქართველოს ყოფილი მთავრობას მის უკანონო დაკავებასა და წამებაში ადანაშაულებდა. ღიად ასახელებდა იმ პირებს, რომლებიც ციხეში მის წამებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგალაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

სულხან მოლაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძენილი ღვიძლის დაავადების განკურნება ვერ მოხერხდა და ღვიძლის უკმარისობით 2016 წელს გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილი მის სიცოცხლეშივე აღიარა წამების მსხვერპლად.

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად სტრასბურგის განაჩენისა, მოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნისა, მოლაშვილის წამების ფაქტზე საქმე დღემდე აღძრულიც კი არ არის. სამართლალწარმოება მხოლოდ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს.

წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დროს მომხდარი დღემდე გამოუძიებელი საქმეები, თავიანთი რეზონანსულობითა და სისასტიკით ერთმანეთს აღემატება. გავიხსენოთ, უახლოეს წარსულში მომხდარი რამდენიმე ცნობილი საქმე, რომელიც ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნებს.

რაფალიანცის საქმე

2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, კახეთში მომხდარი უმძიმესი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი - 10 თვის ბავშვის გვამი ოჯახის წევრებმა წყლით სავსე ქვევრში იპოვეს, ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

საქმე, რომელმაც თავისი შემზარავობით საზოგადობა შეძრა, ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალების საჯილდაო ქვად იქცა. ბარბარე რაფალიანცის ცხედრის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირდებოდა, რადგან ბავშვის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო სოფელში. თავის მხრივ „ქართული ოცნების“ დადგმულ სპექტაკლს უწოდებდნენ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ამგვარ ვითარებაში საქმის დროული გამოძიება, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ 2014 წელს საპარლამენტო უმრავლესობამ რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალჯერ საჯაროდ დადო პირობა, რომ „დაახლოებით 2-3 კვირაში რეალური სურათი იქნებოდა“, „გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდებოდა“, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც, საქმეში კვლავაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც არერთხელ აღნიშნა, რომ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის უბედურების ტოლფასია, მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი სულისკვეთებისა საგამოძიებო პროცესის გასააქტიურებლად არაფერი გაკეთებულა.

ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში მისსავე ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედრის პოვნისთანავე შსს-მ საქმის გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რამაც კიწმარიშვილის ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილება იმთავითვე გამოიწვია. მედიამაგნატის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეროსი კიწმარიშვილი განზრახ მოკლეს, თვითმკვლელობის სცენა კი პროფესიონალი ქილერის მიერ იყო დადგმული.

თანდათან ამ ვერსიის საკმაოდ ლოგიკური არგუმენტები გაჩნდა, მოგვიანებით კი არგუმენტებს ფაქტები, მტკიცებულებები და ახალი გარემოებები დაემატა. ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილი მთავარი მოწმე იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების საქმეში და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში, იმასაც ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება მისი გვერდის ავლით ვერ მოხერხდებოდა.

ნახეთ: "ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები" - პროკურატურის ფოტო და ვიდეომასალა

ამას ემატება ისიც, რომ გარდაცვალებიდან მცირე ხანში, კიწმარიშვილის ადვოკატმა რომეო საჯაიამ პრესკონფერენცია გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებიც შეიძლებოდა მოკვლის მიზეზი გახდარიყო. აღმოჩნდა, რომ კიწმარიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა არაერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებითაც.

ძიების პროცესში თანდათან გამოიკვეთა მრავალი ფაქტი, რომლებიც კიწმარიშვილი მკვლელობის ვერსიას კიდევ უფრო ამყარებდა. მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა რომ საქმეში არსებულ „ჩე ზე“-ის ტიპის იარაღზე აღმოჩენილი დნმ არცერთ იმ პირს არ ეკუთვნოდა, რომელიც გამოძიებაში ფიგურირებდა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, შემთხვევის დღეს საპირისპირო მხარეს იყო შეტრიალებული. ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე სისხლის კვალის ტრაექტორია მტევნიდან თითებისკენ ამტკიცებდა იმას, რომ გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილს ხელი დაშვებული ჰქონდა. ეს კი იმას მოწმობს, რომ ის გასროლას საკუთარი მიმართულებით ვერ განახორცილებდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ამგვარი უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა და აღმოჩენილი ახალი გარემოებებისა, ამ წლების განმავლობაში საქმე კვლავაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის ძიებაში.

აფგან მუხთარლის საქმე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელსაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, კვლავ ბურუსით არის მოცული. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

მოგვიანებით პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობას შეეწირა. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც გაიტაცეს. მუხთარლის საქმეზე, უკანონო დაკავების მუხლით საქართველოში საქმე გატაცებიდან მეორე დღესვე აღიძრა. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობები დატოვეს.

ასევე წაიკითხეთ: "ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?

ცნობილია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია - ვინ გასცა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების უკანონო ბრძანება? ვინ განახორციელა ოპერაცია? იყვნენ თუ არა საქმის კურსში საქართველოს მთავრობის, შსს-ს და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები? ვისი ბრძანებით გაანადგურეს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები - თბილისის ცენტრში დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლითაც გამტაცებლების იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი?!

საერთაშორისო თანამეგობრობამ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და კიდევ უამრავმა ქართულმა თუ უცხოურმა უფელბადამცველმა ორგანიზაციებმა არერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ. ამასთანავე ღიად გამოთქვეს ეჭვი მუხთარლის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებასთან დაკავშირებით.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოქმედი ხელისუფლება გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებით წინას არ ჩამოუვარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა“ წლების განმავლობაში აწარმოებდა ამგვარი საქმეების გამოძიებების მონიტორინგს.

ორგანიზაციის იურისტი ოლიკო შერმადინი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ სამართალდამცავი უწყებები საზოგადოების სათანადო ინფორმირებას ვერ უზრუნველყოფენ.

„ბოლო წლებში არაერთი საქმე დაგროვდა ისეთი, რომელზეც არ დასრულდა გამოძიება. ჩვენ ორმოცამდე საქმეზე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ პროკურატურამ პასუხიც კი არ გაგვცა იმაზე, თუ რა ეტაპზეა საქმეები და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ გამოძიება. ჩვენ გავასაჩივრეთ პროკურატურის ეს დაუსაბუთებელი უარი, მივმართეთ სასამართლოს და დავიწყეთ დავა საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს" - აღნიშნა ოლიკო შერმადინმა.

საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ახლოვდება და ნიშანდობლივია იმის გახსენება, რომ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა "ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლა, სწორედ ამ და სხვა საქმეების დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას უკავშირდებოდა...

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

ფოტო: Reuters, IPN

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება