ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

ექსპერტები პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს აფასებენ. გია ხუხაშვილის შეფასებით, ექსპრემიერს ინტერვიუში არცერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია და არცერთი პოზიტიური გზავნილი მისგან არ მოგვისმენია.

"ფაქტობრივად, ის გუშინ მოგვევლინა სისტემის ერთ-ერთ ადვოკატად. თუ როგორი ადვოკატია, ეს გემოვნების საკითხია, ამას მე ვერ შევაფასებ. მისი ამოცანა აღარ არის საზოგადოების პატივისცემის მოპოვება, მისი ამოცანა არის სისტემის ძალისმიერი შენარჩუნება, რომელიც იქნება დამყარებული შიშსა და აგრესიაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის აღარ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია რამის შეცვლა, ის არის სისტემის ძალისმიერი გარანტი და მეტი არაფერი. პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ამოცანა არის პარტიული დისციპლინა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ "ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც ქვეყანაში რეალურად არის შექმნილი"

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს "რუსთავი 2" აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა.

"ჩემზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ინტერვიუმ, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად რეზიუმეს თუ ავიღებთ, რაზეც იყო ლაპარაკი, საერთოდ, გამოდის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კატასტროფული ან ცუდი კი არ არის, ამას "რუსთავი 2" აკეთებს და როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე მთლად ისე ვერ არის, ანუ ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც რეალურად არის ქვეყანაში შექმნილი. თუ რეალურად, მართლად ასე ფიქრობენ, რომ მხოლოდ "რუსთვი 2"-ია დამნაშავე და ყველაფერი დანარჩენი ვარდისფრად არის, მაშინ მძიმე პრობლემები გვექნება და კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია. სხვა საკითხია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ვერ აცნობიერებენ იმას, რომ სააკაშვილი მთლიანად ფლობდა ყველა ტელევიზიას, მათ შორის "რუსთავი 2"-ს მაგრამ ამან 2012 წელს ვერ უშველა და ამის გაცნობიერება უჭირს ხელისუფლებას და ყველაზე იოლი გამოსავალი არის გადაბრალება. თქმა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს "რუსთავი 2" აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ მოიცავდა ძლიერი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არამედ ეს იყო გამოსავლის ძიება და თუ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მსგავსი გამოსვლა უნდა ჰქონოდა, სჯობდა, საერთოდ არ გამოსულიყო.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ყურადღებას ამახვილებს ექსპრემიერის მიმართ ოთარ ფარცხალაძეზე დასმულ შეკითხვებზე. მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძესა და მირზა სუბელიანს "პოლიტიკურ საფლავში" ჩაყვეს.

"ამ კაცს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია იმან, რომ თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს გააკონტროლებდა. რაღაცები ხელიდან გაექცა და რაღაცებს, ჩემი აზრით, რეალურად ვერ აფასებს. სადაც სუბელიანს ამდენი კომპრომატი აქვს, იმუქრება, რომ გერმანიაში ტერაბაიტები აქვს, ძალიან სერიოზული კომპრომატები ექნება ოთარ ფარცხალაძესაც. ალბათ, ოთარ ფარცხალაძე სწორედ, ამ კომპრომატების გამოა ხელშეუხებელი. სერიოზული საფრთხეა, ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანს და ამიტომაც, წესით, მარტივად უნდა მოიშოროს თავიდან, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათ რაღაც აქვთ, აბა რატომ უნდა ჩაყვეს ივანიშვილი "პოლიტიკურ საფლავში"?! ფაქტია, რომ ისინი ქვემოთ მიათრევენ და გუშინდელმა ინტერვიუმ მგონი, ივანიშვილის რეიტინგი კიდევ უფრო დასცა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი შეკითხვა იყო, რასაც პასუხი ვერ გასცა", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა თავი აარიდა და ოთარ ფარცხალაძისა და მირზა სუბელიანის მსგავსი პირების მძევალი აღმოჩნდა.

"ეს კაცი მგონი, სამწუხაროდ, ამ სისტემის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც მის ხელისუფლებაში მოსვლამდეა შექმნილი და ვერ გამოდის ამ მოჯადოებული წრიდან, თვითონ აღმოჩნდა ფარცხალაძისა და სუბელიანისნაირების მძევალი. უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან მან გაიყვანა. ეს ხომ ძალიან სერიოზული კომპრომატია სოზარ სუბარის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ასეთი რაღაც არსებობს. სხვა რაღაცაც შეიძლება არსებობდეს, პრინციპში ჩვენ არ ვიცით", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას სხვა თემებზეც ისაუბრა. მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, ოთარ ფარცხალაძეზე, მიხეილ სააკაშვილზე, მარიხუანას კულტივაციის საკითხზე, ასევე პაატა ბურჭულაძეზე.

ნახეთ VIDEO: ბიძინა ივანიშვილის 3 გამოხედვა ეკა კვესიტაძის მიმართ კამათის შემდეგ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები