ავტორი:

"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

მე ვუსვამ კითხვას პაატა ბურჭულაძეს, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს?!, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა სამი მედიასაშუალების ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში პაატა ბურჭულაძესთან ნაცნობობასა და მასთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

"საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ როცა ორი ადამიანი საუბრობს და ეს საუბარი გარეთ გამოაქვთ, უკულტურობაა და მე ამაზე არ ვისაუბრებდი. სხვათა შორის უსუფაშვილმა მოახერხა ეს ძალიან ჭარბად, მიუხედავად მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა, უსუფაშვილმა გამოიტანა 2016 წელს რაღაცები და გამოიტანა აყირავებულად. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. მე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ვინაიდან ერთმა მხარემ ისაუბრა, იძულებული ვარ მეც ვისაუბრო. ჩემი პირველი შეხვედრა იყო პაატა ბურჭულაძესთან ჩემივე ინიციატივით. მას შევხვდი და შევთავაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მითხრა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლიერებით შევაფასე, გამოვედი და საჯაროდ მივესალმე ამას. ამის შემდგომ მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში, ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, თუ რას ნიშნავდა ეს.

მან ისაუბრა დანაკარგებზე იმ შემთხვევაში, თუ სცენიდან წამოვიდოდა, თუმცა მე ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო სცენაზე და თან ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა მან ეს უარყო. ამის შემდეგ მე ხუმრობით გადავუანგარიშე ჰონორარი, რადგან ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და შემოქმედებითაც, შევახსენე მისი ჰონორარი და ვუთხარი, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღო-თქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, სადაც ანგარიში წერია და ამბობს, გადაგვიხადე 2 მილიონიო. მე ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ, მან ანგარიში დატოვა და წავიდა. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ და არ გავაკეთებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, რომ არ იცრუოს.

"მე ბურჭულაძეს ერთ რამეს შევახსენებდი, არ იცრუოს. რომ დარბის, მირბის "რუსთავი 2"–ში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული პაატა ბურჭულაძით. ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერი იყო „იავნანაში“, ამ დროს კი პროკურატურა ამბობს, რომ შემოწირულობის მესამედი იყო დახარჯული ქველმოქმედებაზე, 2/3 არის გაურკვეველი დანახარჯები. თავად ბურჭულაძე ან სხვა ვინმე "იავნანადან" უნდა გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ. მე არ მიმაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, მაგრამ კითხვები, რაც პროკურატურას გააჩნია, არსებობს. მე ვუსვამ კითხვას აქედან, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს? გამობრძანდეს და მისცეს განმარტებები ჟურნალისტებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: "პაატა ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი დოლარი" - ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს