ავტორი:

ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

19 დეკემბერს, 19:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში (მის: კანდელაკის #7) ჯ.რ.რტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება.

ჯ.რ.რტოლკინის „შოპის პაპის წერილები“ გამოიცა სერიის „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ცნობილი კლასიკოსი ავტორების პატარებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნი აერთიანებს წერილებს, რომლებსაც ტოლკინი საკუთარ ოთხ შვილს წლების განმავლობაში სწერდა, როგორც შობის პაპა. წიგნი გაფორმებულია ავტორისეული ილუსტრაციებით.

წიგნს წარადგენენ მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო გორგილაძე და მთარგმნელი ნიკა სამუშია.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ნაწარმოებში საუბარია სიყვარულზე, სიკეთესა და შობის სასწაულებზე.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თბილი წიგნი შობაზე, სასწაულებზე და იმ ჯადოსნურ სამყაროზე, რომელიც ყველგანაა სადაც მამაშვილობაა.. ძალიან საინტერესოა ჯ.რ.რ. ტოლკინი არა როგორც ფენტეზი სამყაროების ავტორი, არამედ როგორც საკუთარ რეალობაში ზღაპრების შემომტანი, რომელიც შვილებს ბავშვობიდანვე სასწაულებრივ სამყაროში ამყოფებს. მან გამოიგონა შობის პაპა, რომლის პირითაც შვილებს საშობაოდ სიყვარულზე, სიკეთეზე და ყველა იმ ფასეულობაზე ელაპარაკება, რომელიც კი მის ტექსტებში ისედაც ყველგან გვხვდება.. წერილები მრავალ წელს მოიცავს და ბავშვების გაზრდასთან ერთად იზრდება და სერიოზულდება მათი შინაარსი, თითქოს შობის პაპა მუდმივად თვალყურს ადევნებს ტოლკინის შვილებს და ყოველთვის მათ გვერდითაა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ცხადია, ეს ასეცაა, რადგან შობის პაპა თავად ტოლკინია და ყველა ის ჯადოსნობა, რომელიც შობას ალამაზებს, როგორც ჩანს ტოლკინის სახლში მართლაც არსებობს, სწორედ ასეთი სიყვარულის გამო.

ჩემთვის, როგორც მამისთვის, ფენტეზის და ტოლკინის დიდი მოყვარულისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ წიგნის წარდგენა მიწევს, მით უფრო თუ გავითვალისწინებ იმასაც, რომ ასეთი საშობაო სასწაულებისა დღემდე გულწრფელად მჯერა.“ - აღნიშნავს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება კამპანიის, "კაცები ზრუნავენ" ჩართულობით, რომლის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1120754238098918/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი