ავტორი:

ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?

ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი უკვე აქტიურად ემზადება.

ქვეყანაში არსებულ ასობით პარტიას ბოლო ერთ კვირაში კიდევ ორი შეემატა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, "ოცნებიდან" წასულმა ეკა ბესელიამ კი, თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა.

11 ივნისს ოქრუაშვილმა საზოგადოებას „გამარჯვებული საქართველო" წარუდგინა, რომლის წევრები ბევრისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც არიან: ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, კომიკოსი ნიკა რამიშვილი (დრუპი) და სხვები.

ირაკლი ოქრუაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ერთი თვის განმავლობაში თბილისში იმუშავებენ, ივლისის ბოლოდან კი რეგიონებს მოივლიან "სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ".

მისივე თქმით, "ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც გაუსაძლისად მიაჩნიათ ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს".

ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ამცნო საზოგადოებას, რომ იგი ბრძოლას სამართლიანობისთვის იწყებს და თანამოაზრებთან ერთად, ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა. ბესელიამ დააანონსა, რომ 20 ივნისს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დღეს, ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ბევრ ახალ სახეს იხილავს, მათ შორის ჟურნალისტებსაც. ეკა ბესელია ირწმუნება, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას რომელიც მან წამოიწყო, ბოლომდე მიიყვანს.

ირაკლი ოქრუაშვილი თუ ეკა ბესელია - ვინ უფრო შეძლებს ამომრჩევლის გულის მოგებას? მათი პოლიტიკური მომავალი AMBEBI.GE-მ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეაფასებინა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ორივე მათგანს გაუჭირდება ე.წ მესამე ძალის სტატუსის მოპოვება:

„არსებობს ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა, რომლისთვისაც როგორც „ქართული ოცნება“ ისე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია. მოსახლეობაში და ელექტორატში, არის მოთხოვნა "მესამე ძალაზე". ეს იციან როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და იციან მათაც, ვინც პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან. სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობს ყველა, როგორმე მოიზიდოს ელექტორატი, მაგრამ იმას, რომ ადამიანები გენდონ, სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი, იდეა და ბევრი რამ. პარტიები, რომლებიც იქმნება, მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებს ამ ხმებს.

ორივე პარტიაში ქართული პოლიტიკის ძველი სახეები არიან, რომელთაც დამკვიდრებული აქვთ იმიჯი და რეიტინგიც, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაჩნია პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მიზუდულობის ძალად იქცევა. მეეჭვება, რომელიმე ეს ძალა გახდეს მიზიდულობის ცენტრი. პარტიების შექმნა გაგრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ იმ ბირთვს, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანდეს პარტიების რაღაც ჯგუფი და იქცეს ცენტრად.

ყველას ექნება პრეტენზია, რომ იქნება მესამე ძალა, მაგრამ რეალურად ჯერ ამის კონტურებიც არ ჩანს - შემოდგომაზე გამოჩნდება, გამოიკვეთება, თუ რა გადაჯგუფებები მოხდება ოპოზიციაში.

დღეს განლაგება ასეთია: პირველ ადგილზეა „ოცნება“, მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზეა „ევროპული საქართველო.“ 3%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება „პატრიოტთა ალიანსსაც“. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით ერთ დონეზეა“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ვახტანგ ძაბირაძემ.

ეკა ბესელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიის შანსებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს ხათუნა ლაგაზიძესაც, თუმცა ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება, ოპოზიციას დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის.

პომპეოს განცხადებამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, მათ შორის პოლიტიკური გარემო. ეს განცხადება ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ობამამ და კლინტონმა გააკეთეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების დროს. შანსები ფართოვდება ოპოზიციური სპექტრისთვის, თუმცა ბევრი რამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იქნება დამოკიდებული, დაითანხმებენ თუ არა ამერიკელები ხელისუფლებას ამ სისტემაზე რომ გადავიდნენ. თუ დაითანხმეს, ამ ახლად შექმნილი პარტიებიდან ზოგიერთს 3%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება ექნება.

ამავდროულად რჩება საშიშროება, რომ ამ დაბალმა ბარიერმა ბევრი გააბრიყვოს იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩეველი არ არის შეუზღუდავი რაოდენობის. ყველას თუ იმის ილუზია ექნება, რომ 3%-ს გადალახავს და მიიღებს არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას, მასა დაიქსაქსება და ძალიან ბევრი იმედგაცრუებული დარჩება.

როდესაც ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ითვალისწინებს იმას, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გამარჯვება. თუკი ამ ადამიანთა ჯგუფს აქვს გარკვეული გამარჯვებები, მეტი შანსი აქვს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ამჯერადაც გაიმარჯვებს. შემოდგომაზე გამოჩნდება კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც იბრძოლებენ არჩევნებისთვის. მაგრამ, რა პოლიტიკური წონა ექნებათ ამ ძალებს ამ გადასახედიდან, ამის თქმა ძალიან ძნელია.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დოზით გააბრაზებს ხელისუფლება ამერიკას. თუ ეს გაბრაზება ისეთი იქნა, რომ ყელში ამოუვიდათ - ამერიკა სერიოზულად დაიწყებს პარტნიორების ძებნას, რომლებითაც ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს. ამერიკელები დაიწყებენ ისეთი პარტიის ძებნას, ვისაც გამარჯვების მეტ-ნაკლები შანსი აქვს" - გვითხრა ლაგაზიძემ.

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა