ავტორი:

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე საუბარია საერთაშორისო სანქციებზეც და "ქართული ოცნების" ლიდერებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ თავის მართლება.

თუმცა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ქვეყნის მოსახლეობას და პოლიტიკურ სპექტრს პრემიერ-მინისტრის კომენტარი არ მოუსმენია, რადგან გიორგი გახარია თითქმის ერთი კვირაა არსად გამოჩენილა. დღეს, ხუთშაბათს ტრადიციული მთავრობის სხდომაც არ გამართულა. თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რომ პრემიერი საქართველოში არ იმყოფება. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს" - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

ამ მოვლენების დამთხვევის გამო, თანამდებობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა...

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გახარიას პრემიერის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეცვლის. თავის დროზე თავად თალაკვაძემ ამ კითხვას უპასუხა, რომ ამ თანამდებობის დაკავება მისი თვითმიზანი არ არის. გიორგი გახარიას განცხადებით კი ცხოვრებაა მოძრაობაა, ამიტომ საზოგადოებას ფინალის დალოდებისკენ მოუწოდა.

"დასპოილერება" მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, "დასპოილერებაც“ ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ "დაასპოილერა" საზოგადოება. მისი თქმით, გახარია მიუნხენში იმყოფება კონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება და არ არის გამორიცხული ლავროვმა საქართველოს პრემიერისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

პრემიერის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა სიცრუე უწოდა იმას, რომ მისი და ლავროვის შეხვედრა იგეგმება.

რატომ არ ჩანს გახარია მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დუღს? მედიას ეს შეკითხვა მოსვენებას არ აძლევს. გავრცელებულ ხმებს, გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ, არასერიოზულს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს "ბევრი საქმე აქვს":

"რამდენიმე დღე არ გამოჩნდება ადამიანი თქვენთან და სვამთ შეკითხვას, სად არის?! მუშაობს ეს ადამიანი ინტენსიურად და ბევრ საქმეს აკეთებს თან. მეც რომ არ გამოვჩნდე ერთი კვირა თქვენთან, იკითხავთ, ალბათ, სად არის მამუკა მდინარაძე, მაგრამ აქ ვართ ყველა, ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, თქვენს გარდა უამრავი საქმე გვაქვს. მედიასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა კულისებში კეთდება ბევრი საქმე, კაბინეტებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, კანონებზე ვმუშაობთ, აღმასრულებელ ფუნქციებს ხელმძღვანელობს, ამენეჯმენტებს ეს ადამიანი და მოდით, სპეკულაციური არ გაგვიხდეს ეს მიდგომა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

"გახარიას გაუჩინარებასთან" დაკავშირებით, ექსპერტებს განსხავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ თანამდებობიდან მის წასვლასთან დაკავშირებით ხმები ტყუილად არ გავრცელდებოდა. მეორე ნაწილის აზრით, კი გახარია საკუთარ იმიჯს უფრთხილდება და "ოცნებისთვის" მძიმე პერიოდში გამოჩენისგან თავს იკავებს.

"დადიოდა ხმები და ისევ დადის, რომ გახარია ტოვებს პრემიერის თანამდებობას. როგორც ჩანს, ეს ხმები მთლად უსაფუძვლო არ არის და თუ რაიმეს უკავშირდება მისი ნეიტრალური პოზიცია, უკავშირდება სწორედ იმას, რომ მისი გათავისუფლება დგას დღის წესრიგში. თორემ, გახარიასაც თამამად შეუძლია თქვას ის, რასაც კალაძე ან ვოლსკი ამბობს.

მაგრამ თუ მისი წასვლის საკითხი დგას დღის წესრიგში, თავს იკავებს თვითონაც და გუნდსაც აღარ უნდა ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში

ხელისუფლების გადახალისება მოხდება აუცილებლად და როგორც ჩანს გახარია ამ პროცესში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა" - უთხრა AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტ არჩილ გამზარდიას განსხვავებული მოსაზრება აქვს - იგი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ გახარია ისედაც შელახული იმიჯის კიდევ უფრო შელახვას ერიდება:

"20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, გახარია დაკავებულია საკუთარი იმიჯის შექმნით და ხელახლა მოპოვებით. ამიტომ საჩოთირო თემებს მაქსიმალურად თავს არიდებს, მის გარეშე ხდება რაღაც პროცესების კომენტირება.

ამის გარდა, გახარია ერთადერთი ადამიანია ივანიშვილის შემდეგ, რომელსაც რაღაც წონა აქვს, ამიტომ შეიძლება რაღაც პროცესებისგან დისტანცირდეს, რომ ძალაუფლების ცენტრი ნეგატიურ კონტექსტში არ იყოს წარმოდგენილი. 20-21 ივნისის შემდეგ მისი პერსონა დიდი ნეგატივით სარგებლობს, ამიტომ ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე აზრს გამოთქვამს ან პროცესებს აფასებს, გამონათქვამებში ფრთხილობს.

გახარიას რომ გაუშვებდნენ, ამაზე ვთქვი მაშინვე, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა. მაგრამ ახლა მისი გაშვების სათანადო კონტექსტს ვერ ვხედავ. გახარიას როგორც პრემიერს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება ცუდ პროცესებთან ბმა. თუ გაშვებაზე არის საუბარი, იმ შემთხვევაშიც სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი", - გვითხრა გამზარდიამ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა "გადამალა":

"ჩვენი ქვეყნის მმართველობის მოდელი ანუ კონსტიტუციური მანკიერება, გულისხმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის გაგებით, პრემიერი არის ე.წ მოურავი, რომელმაც უნდა მიხედოს თავის საქმეს და პოლიტიკა მისი საქმე არაა. ივანიშვილის აზრით, პრემიერი არის მისი პირადი თანაშემწე სამეურნეო საკითხებში.

სხვა დროს კი გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ ნელ-ნელა "მოიყვანეს ჭკუაზე" - როცა დაგავალებენ პოლიტიკაში მაშინ ჩაერიეო, იქამდე კი იჯექი შენთვის წყანარადო, ამას ეუბნებიან. თუმცა, აქამდე ცდილობდა ილუზია ჰქონოდა, რომ პოლიტიკაში უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მერე აუხსნეს, რომ ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი. ის, რომ გახარია გამოვიდეს და თავის განცხადებები აკეთოს, ეგრე სად არის?! - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას თანამდებობიდან გახარიას შესაძლო წასვლის შესახებ, პოლიტოლოგი ამას მორიგ ჭორაობას უწოდებს და კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო" - გიგა ბოკერია ბერას Tik-Tok-ზე  გავრცელებულ ვიდეოზე

LIVE: "360 გრადუსი" - ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი, ექიმი ლალი ტურძელაძე

რა შეზღუდვები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე