ავტორი:

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

"ახლაც ემოციებში ვარ, მთელი სამინისტრო ფეხზე იდგა..." - რას ჰყვება ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც COVID-19 შეცდომით დაუდგინდა

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახეთში, კერძოდ კი ყვარელში ექიმს პირველადი ტესტრებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია განსაკუთრებულად მძიმედ მიიღეს კახელებმა, რადგან რეგიონმა ე.წ. "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა.

საბედნიეროდ, გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, კორონავირუსის რუკაზე კახეთი კვლავ "მწვანე ზონად" რაჩება.

ლალი ბურკიაშვილი სწორედ ის ექიმია, რომელსაც პირველადი მონაცემებით 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ვირუსი შეცდომით დაუდასტურდა. არსებობს ვერსია, რომ შესაძლებელია ტესტი ხარვეზიანი ყოფილიყო, ეს მედიასთან საუბარში არ გამორიცხა მინისტრმა ტიკარაძემ.

ქალბატონი ლალი ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდს მაინც იზოლაციაში გაატარებს და შემდეგ ისევ გააგრძელებს საყვარელ საქმიანობას

AMBEBI.GE ლალი ბურკიაშვილს ესაუბრა:

- მადლობა უფალს ყველაფრისთვის. პატარა გაუგებრობა იყო, უბრალოდ, ყოველთვის შეიძლება, რომ ერთი პროცენტი მოხდეს ასეთი რაღაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სისხლში ერთი პროცენტიც კი არ არის არაფრის კვალი. დიდი მადლობელი ვარ ბატონი ამირან გამყრელიძის, თან გადამყვა ბოჭორიშვილის კლინიკა. ასეთი გაუბერობა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, რა ვქნა ახლა, ამასაც გავუძლებ.

- თავს როგორ გრძნობთ ახლა?

- ჩვეულებრივ, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობას არ ვაგრძელებ. ჯერჯერობით ვიქნები თვითიზოლაციაში და შემდეგ გავაგრძელებ საქმიანობას. ძალიან ინერვიულა ოჯახმა, მადლობა უფალს ყველაფერი კარგადაა. ყველას ჩაუტარდა ჩემს გარშემო ტესტრირება, განმეორებითაც და არავის არაფერი არ აქვს.

ძალიან გაბრაზებული ვარ ტელევიზიებზე, არ ეკადრებათ ექიმის ასეთი შეურაცხყოფა, რაც გადაიღეს ჩემზე. არ არის მათი საქმე ექიმი სახლიდან როგორ გამოდის და ჯდება სასწრაფოს მანქანაში. ეს არის ჩემი პირადი უფლებების დარღვევა.

- რამდენი წელია, რაც სასწრაფოს ექიმი ხართ?

- სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე 24 წელია ექიმი ვარ. სასწრაფოშიც ვმუშაობ და კლინიკაშიც. ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი მთელ ჯანდაცვის სამინისტროს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ყურადღება გამოიჩინეს. უღრმესი მადლობელი ვარ სასწრაფოს ცენტრის, ამირან გოგიტიძის, ავთანდილ თალაკვაძის, "ევექსის" კახა მუხიგულაშვილი, ჩვენი პიარ-მენეჯერი თუ ეიჩარი, ყველა ფეხზე იდგა.

- ალბათ ძალიან განიცადეთ, როდესაც თავდაპირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილების სიცოცხლეს ვფიცავარ, სამინისტროს გვერდში დგომა მაძლიერებდა. ადამიანურად და კოლეგიალურად უმაღლეს დონეზე დგას მთელი სამინისტრო. მეტი არაფრის საუბარი არ შემიძლია, ემოციებში ვარ მე თვითონაც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება