ავტორი:

23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?

23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?

ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტს იკავებს. მისი მეუღლეა წარსულში ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი თაკო ჩხეიძე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის სერგი, 13 წლის ალექსანდრე და 11 წლის დავითი.

რუსლან აბაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის თებერვალში შეავსო.

ცნობილი წყვილის უძრავი ქონება:

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თაკო ჩხეიძემ 2019 წელს 25 ათას ლარად ბაგებში, ნუშებში 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა.

რუსლან აბაშიძის სახელზეა კომერციული ფართი გაგრაში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. ასვეე 300 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 7500 კვ.მ. ნაკვეთი, გაგრაში პარკის ქუჩაზე.

თაკო ჩხეიძის სახელზეა 2006 წელს შეძენილი ბინა თბილისში გამსახურდიას ქუჩაზე. 250 კვ.მ. საცხოვრებელ სახლში ქალმა 185 ათასი დოლარი გადაიხადა.

2005 წელს ჩხეიძემ გუდაურში შეიძინა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაშიც 37 ათასი დოლარი გადაიხადა.

თაკო ჩხეიძეს კიდევ ერთი ბინა აქვს თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე. 182 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მას 2018 წელს ჩუქებით გადაეცა, თუმცა ვისგან, ეს დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2009 წელს თაკო ჩხეიძემ 15 ათას დოლარად 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა კიკეთში.

მის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა hyundai santa fee 2012, რომელიც 2012 წელს 31 500 დოლარად შეიძინა.

  • დეკლარაციის შევსების დროს, თაკო ჩხეიძეს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 15 000 ლარი. რუსლან აბაშიძეს კი ასევე "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 5900 ლარი.

თაკო ჩხეიძე შპს შპს Geomodels-ის 100%-იანი მფლობელია, რომლიდანაც 2020 წელს შემოსავლის სახით 5895 ლარი მიიღო. შპს Takomodelstudio-დან კი, რომლის მფლობელიც თავად გახლავთ, 2 ათასი ლარი. თაკო ჩხეიძე შპს "ბესპოეკ საქართველოს" 50%-იანი წილის მფლობელია ხათუნა ვაშაძესთან ერთად. ამ ბიზნესიდან შემოსული სარგებელი კი - 1785 ლარია.

ის ასევე შპს "ნარგის მაგაზინის" პარტნიორია და ის 60%-იან წილს ფლობს მარიამ ყუსიბიძესთან და ლიანა კვარაცხელიასთან ერთად. 2020 წელს კომპანიდან შემოსავლის სახით 11 950 ლარი მიიღო. შპს ბლუმს საქართველოს დირექტორობიდან კი 2295 ლარი.

თაკო ჩხეიძემ 2020 წელს შპს ჯეომოდელსში დირექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით 4070 ლარი მიიღო. კომპანია "თაკომოდელსტუდიადან“, რომელშიც ასევე დირექტორია, ანაზღაურებად 2000 ლარი აქვს მიღებული. "ნარგიზმაგაზინში“ ასევე დირექტორის პოზიციაზე 12 ათასი ლარი მიუღია. რუსლან აბასიშიძემ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარის პოსტზე, ხელფასის სახით, 49 128 ლარი მიიღო.

შვილების სწავლის გადასახადში 2020 წელს თაკო ჩხეიძემ 12 200 ევრო გადაიხადა, რუსლან აბაშიძემ კი 15 ათასი ლარი. წყვილს ცხოვრების ხარჯის გასავალში კი 6500 ევრო აქვს მითითებული.

თაკო ჩხეიძისა და რუსლან აბაშიძის წყვილი, ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ ქორწინებიდან 23 წელი აღნიშნეს. 17 წლის იყო თაკო ჩხეიძე, როდესაც 9 წლით უფროს დიპლომატზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, მაგრამ, ბევრი სხვა მოდელის მსგავსად, ქალს კარიერაზე უარი არ უთქვამს. თაკო ჩხეიძე როგორ მოდელი წლები ინარჩუნებდა პოპულარობას და ყოველთვის მის გვერდით იყო დიპლომატი მეუღლე, რომელიც არასოდეს აძლევდა ინტერვიუს მედიას, როგორც თაკო ჩხეიძის ქმარი.

თაკო ჩხეიძე წლების წინ მედიასთან თავის ორმაგ ცხოვრებაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ დიპლომატის მეუღლეობა არ იყო ადვილი.

თაკო ჩხეიძე:

"უკვე დიდი ხანია, ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ. თავად შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ, სხვა სფეროში ვტრიალებ, ჩემი მეუღლე კი - სხვა სფეროში. ამიტომაც ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით. ხშირად მიწევს მიღებებზე, ოფიციალურ ვახშამზე მისვლა, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თანაც ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ ატმოსფეროში ყოფნა. დიპლომატის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი. ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით შვეიცარიაში, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით. ახლა ნამდვილად არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ასე მალე სადმე წავსულიყავით და, შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეუღლის სამსახურია ასეთი. ჩემი რთული პროფესიის გამოც ძალიან ბევრჯერ დამდგომია მეუღლე გვერდში და არც მე მქონდა იმის უფლება, ეგოისტური გრძნობა გამომევლინა. ანუ, რთული კი არის დიპლომატის ცოლობა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიახლეები, არასდროს მეშინია მათი. შვეიცარიაშიც ისე წავედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს ოთხი წელი ჩემს კარიერაში ძალიან წარმატებული იყო..."

მას შემდეგ, რაც რუსლან აბაშიძემ კარიერა საქართველოში გააგრძელა, თაკო ჩხეიძე მუდმივად ჩნდება მეუღლის გვერდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. ის ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში, რომელსაც თავად 6 000 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ 59 958 ლარი შესწირა.