"ჩემი მოვალეობა არა განცხრომით ცხოვრება, არამედ ბრძოლა იყო!" - ნოდარ ნათაძის ცხოვრების გზა, ომი და აფხაზეთში ჩადენილი გმირობა

"ჩემი მოვალეობა არა განცხრომით ცხოვრება, არამედ ბრძოლა იყო!" - ნოდარ ნათაძის ცხოვრების გზა, ომი და აფხაზეთში ჩადენილი გმირობა
  • ფოტო: "რადიო თავისუფლება"

ქართველ პოლიტიკოს, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერ ნოდარ ნათაძეს 17 ნოემბერს, დაკრძალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნოდარ ნათაძის ახლობელი ავრცელებს.

მისივე ცნობით, პანაშვიდი 15 და 16 ნოემბერს მის საცხოვრებელ სახლში, 17 ნოემბერს კი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ნოდარ ნათაძე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი) იყო.

ამასთანავე, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "11 ოქტომბერი“.

  • ambebi.ge -ს არქივში ინახება ინტერვიუ ბატონ ნოდართან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ბატონო ნოდარ, რატომ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, როგორც თქვენ გინდათ?

- ამის საშუალებას მოვალეობა არ მაძლევს. მე დავიბადე ქვეყანაში, რომელიც "ბოროტების იმპერიას" ჰყავდა დაპყრობილი და ჩემი მოვალეობა არა განცხრომით ცხოვრება, არამედ ბრძოლა იყო! გაცილებით მეტი საქმე მაქვს, ვიდრე დრო და ენერგია. ჩემს ნებაზე ცხოვრების საშუალება რომ მქონდეს, ქალაქის გარეუბანში, ტყის პირას ვიცხოვრებდი, მეყოლებოდა ცხენი და ვიქნებოდი ბედნიერი.

- ბედნიერებისთვის ეს საკმარისი იქნებოდა?

- დიახ!

- ალბათ, ნადირობაც გიყვართ.

- სიკვდილისთვის სამშობლოს მოღალატე ადამიანს უფრო გავიმეტებ, ვიდრე ცხოველს. ვხუმრობ, სიმართლე არ გეგონოთ, მართლა მკვლელი კი არა ვარ, მაგრამ ქართველ კაცს სამშობლოს ღალატი ნამდვილად არ ეპატიება!

- სამშობლოს ღალატი სხვა ერის წარმომადგენელს ეპატიება?

- მე ქართველი ვარ და ჩემთვის საქართველოს ღალატია დაუშვებელი და უპატიებელი... აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს არაერთი, მათ შორის - მსოფლიოში არარსებული ტიპის გმირებიც ჰყავს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რაც ბიძინა ჩოლოყაშვილმა ან შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა გააკეთეს, ამის ანალოგი სხვა ქვეყანაშიც გაუკეთებიათ, მაგრამ ის, რაც დემეტრე თავდადებულმა გააკეთა, უპრეცედენტოა, ასეთი გმირობა მსოფლიოს ისტორიაში არც ერთ მეფეს არ ჩაუდენია.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელ საქართველოს თუ ჰყავს გმირები?

- აბა, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსებს ვინ ებრძოდა? უამრავი უსახელო გმირი გვყავს... თუმცა, იმ ომში ნაძირალებიც იყვნენ, ვერც ამას გამოვრიცხავთ.

- თქვენი თანამებრძოლები ამბობენ, რომ აფხაზეთში გმირობა ჩაიდინეთ...

- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი...

- მაშინ, თქვენი გმირობის ამბავს მე მოვყვები და თუ ეს სიმართლეა, დამიდასტურეთ.

- არა მგონია, ამის აღნიშვნა ღირდეს და რა ვიცი...

- მე მაინც მოვყვები: რამდენიმე მებრძოლს ის ქუჩა უნდა გადაგეკვეთათ, რომლის მიმართულებითაც აფხაზები ისროდნენ. თქვენ შორის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ის აღმოჩნდებოდა, ვინც წინ გაგიძღვებოდათ. ბიჭები მოატყუეთ, - ჯავშანჟილეტი მაცვიაო და წინ წახვედით...

- მერე რა მოხდა?! ჯავშანჟილეტი სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ტყვია ვერაფერს დაგაკლებს. სხვათა შორის, ძალიან მოუხერხებელი რამაა.

- ომში რატომ წახვედით, თქვენ ხომ ამაში არც ასაკი გიწყობდათ ხელს და არც შესაბამისი გამოცდილება გქონდათ?

- ომი ჩემს ქვეყანაში იყო და ვალდებული გახლდით, ასე მოვქცეულიყავი. ეს კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა! ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის ომში არ იბრძოდა, იმას უფლება არა აქვს, პოლიტიკოსი ერქვას და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდეს.

- სხვა პოლიტიკოსებისგან ყოველთვის განსხვავდებოდით მოკრძალებული ცხოვრების წესითა და უბრალო ჩაცმის სტილით. რა იყო ამის მიზეზი?

- აბა, განცხრომაში როგორ ან როდის ვიცხოვრებდი? რაც თავი მახსოვს, ჩემი ქვეყანა ან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ან ტერიტორიების შენარჩუნებისთვის. ჰოდა, სულით მეძავი უნდა იყო, ასეთ დროს პირად კეთილდღეობაზე რომ ფიქრობდე.

...

- დისიდენტურ მოძრაობაში რა ასაკიდან ჩაერთეთ?

- არ მიყვარს სიტყვა "დისიდენტი", რადგან არაფრისმთქმელია და "განსხვავებული აზრის მქონეს", "არათანახმას" ნიშნავს. საბჭოთა კავშირში რაც ხდებოდა და რაც არსებობდა, იმის "არათანახმა" ყველა ნორმალური ადამიანი, ყოველ შემთხვევაში - ზნეობრივად სრულფასოვანი არარუსი მაინც იყო.

- ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში როდის ჩაერთეთ?

- დაბადებისთანავე! ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მტრისგან დაჩაგრულ, დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე.

- როდის იგრძენით, რომ დაჩაგრული იყავით?

- ძალიან ადრეულ ასაკში, როგორც კი ჩემი ეზოს ზღურბლს გადავაბიჯე.

- თქვენი მშობლების პოზიცია როგორი იყო?

- როგორიც ყველა საღად მოაზროვნე და ღირსეული, თავმოყვარე ქართველის.

- იმის გამო, რომ საღად მოაზროვნე, თავმოყვარე ქართველი იყავით, საბჭოთა ხელისუფლებას თუ დაუსჯიხართ?

- კი, 9 მარტის მიტინგის შემდეგ რამდენიმე დღით, დაპატიმრებული ვიყავი.

- 1956 წლის 9 მარტს გულისხმობთ?

- დიახ. მაშინ ახალგაზრდები ქუჩაში იმიტომ გამოვედით, რომ ხრუშჩოვმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა - სტალინის ლანძღვისას ქართველებიც შემოელანძღა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას სისხლის ღვრა არჩია და მომიტინგეების წინააღმდეგ "წითელი არმიის" ნაწილები, სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა. რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე ათობით ახალგაზრდა დახოცეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს; დაღუპულთა ოჯახებს მიცვალებულების დამარხვის უფლება არ მისცეს. მე ეს დღე ჩემს ერთ-ერთ წიგნში აღვწერე, რომელსაც "სისხლიანი პარასკევი" ვუწოდე.

- კე-გე-ბეს თქვენი გადაბირება არასდროს უცდია?

- კი, როგორ არა, სცადეს. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ვიღაც რუსი ლეიტენანტი მოვიდა. მან მე და ჩემი კლასელი, რომელმაც ჩემი არ იყოს, ინგლისური კარგად იცოდა, სხვა ოთახში გაგვიყვანა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა, სანაცვლოდ კი ოჯახის საკვებით უზრუნველყოფას (მაშინ შიმშილობა იყო) და საზღვარგარეთ გაშვებას შეგვპირდა. როცა უარი ვუთხარით, მკითხა, - რომელ წელს ხარ დაბადებულიო? ვუპასუხე: 1929-წელს-მეთქი. - მე 28-იანი მეგონეთო და წავიდა. მოგვიანებით, როდესაც უკვე ასპირანტი ვიყავი, კე-გე-ბეს შენობაში დამიბარეს: ჯერ ოთახში დამსვეს, ჩემი თავი ვიღაცას უჩვენეს, მერე კი მკითხეს, - უცხო ენები თუ იციო? ვუპასუხე: ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა-მეთქი და გამომიშვეს. ამის მერე საბოლოოდ დამანებეს თავი. წაიკითხით სრულად

ხათუნა ბახტურიძე