ვინ რამდენი ენა იცის, ანუ "პოლიგლოტობას გერმანელები უფროსი ოფიციანტის ტალანტს უწოდებენ"

ვინ რამდენი ენა იცის, ანუ "პოლიგლოტობას გერმანელები უფროსი ოფიციანტის ტალანტს უწოდებენ"

რამდენი ენა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა? სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი? - ამ საკითხზე ენათმეცნიერები დღემდე დავობენ. გოეთე მიიჩნევდა, რომ "თუ ადამიანმა მშობლიური ენა არ იცის, სხვა ენებს ვერასოდეს ისწავლის სრულყოფილად".

მსოფლიოში პირველი ცნობილი პოლიგლოტები მითრიდატ VI ევპატორი, პონტოს მეფე და ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი კლეოპატრა იყვნენ. ლევ ტოლსტოიმ სრულყოფილად იცოდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, პოლონური, ჩეხური, ბერძნული და სერბული. ვახუშტი ბატონიშვილმა (ბაგრატიონმა), რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა, იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, თურქული, რუსული და სომხური ენები.

ენის, როგორც ფენომენის, რაობასა და ამოუწურავ შესაძლებლობებზე თვალსაზრისს გამოხატავენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე და ლიტერატორი, პუბლიცისტი თემურ ქორიძე.

- ჩემი პირადი დაკვირვებით, ენებისადმი მიდრეკილება გამორჩეული ნიჭია - ცნობილია, რომ ზოგი ადვილად ითვისებს უცხო ენებს, ზოგს კი, თუნდაც ძალიან ნიჭიერ ადამიანს - უჭირს, ეს სპეციფიკური უნარია. ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეცნიერი ცნობილი იყო იმით, რომ არათუ ევროპული ენები, რუსულიც კი ვერ ისწავლა ხეირიანად, მიუხედავად იმისა, რომ წლები ჰქონდა გატარებული პეტერბურგში.

ვფიქრობ, ადამიანმა პოლიგლოტობა სპორტად არ უნდა გაიხადოს, პოლიგლოტობას გერმანელები "ობერ ქელნერ ტალენტს" - უფროსი ოფიციანტის ტალანტს უწოდებენ.

- როგორ აისახება ენაში მასზე მოლაპარაკე ხალხის შინაგანი ბუნება, ფსიქოლოგია, ტემპერამენტი?

- რა თქმა უნდა, აისახება. ზოგად ენათმეცნიერებაში არსებობს კონცეფცია, რომ ესა თუ ის ენა დიდი შინაგანი ძალისხმევის შედეგად წარმოიქმნა, - ადამიანი შეეცადა აზრით, და შესაბამისად, ენით (რადგან აზრი ენის გარეშე არ არსებობს) აეთვისებინა გარე სამყარო. ეს გახლდათ შემოქმედებითი აფეთქების ხანა ადამიანის ენობრივი განვითარების ისტორიაში, რის შემდეგაც ენა განიცდის დეგრადაციას - ანუ ხურდავდება ნაკლებად შემოქმედებით ამოცანებზე, თუმცა, პარალელურად, ლექსიკა მდიდრდება. ყველა ენა სამყაროს თავისებურ, განუმეორებელ სურათს ქმნის და საგანთა ერთობლიობას ცნებათა განსხვავებული სისტემით ასახავს. ეს გერმანული წარმოშობის ცნებაა - ჭელტ ბილდ - "სამყაროს სურათი".

ენაში იხატება ბუნება იმ ადამიანებისა, ვინც მასზე ლაპარაკობს... მაგალითად, ქართველისთვის ბიძაშვილი და მამიდაშვილი სხვადასხვა ცნებებია, რუსისთვის, ფრანგისთვის, ინგლისელისთვის ერთი და იგივეა, და ამ ენებზე ერთი სახელიც ჰქვია. ქართულ ენაში ძროხისა და ხარის აღმნიშვნელია: ხბო, მოზვერი, დეკეული, ძროხა, ბუღა, ხარი. ხოლო იმ ერების ენებში, რომლებიც ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ, ეს ლექსიკა გაცილებით მდიდარია: არაბებს აქლემის აღმნიშვნელი 3000 სიტყვა აქვთ! სიტყვის მნიშვნელობას სწავლობს ენათმეცნიერების უმნიშვნელოვანესი დარგი - სემასიოლოგია. ყველა სიტყვის მნიშვნელობა დაიყვანება მის პირველად, ოსტენსიურ (ანუ უშუალო, უგანსაზღვრებო, თითის ტაკებით) მნიშვნელობამდე და იმისდა მიხედვით, ადამიანი რა ტემპერამენტისაა, რა გარემოში ცხოვრობს, რისკენ მიისწრაფვის, რა განცდა აქვს, ყალიბდება მის ენაში, ცნობიერებაში სიტყვების ოსტენსიური მნიშვნელობები.

- ბატონო ნოდარ, რომელი ენები იცით?

- ყველაზე კარგად, და ასეც უნდა იყოს, მშობლიური ენა - ქართული ვიცი, შემდეგ - რუსული და გერმანული. ყოველდღიური ურთიერთობების ფონზე, ინგლისურში კარგად გავიწაფე. ფრანგული ნაკლებად ვიცი. ვსწავლობდი ლათინურ და ბერძნულ ენებს, ასევე ლაზურს.

- ახლახან მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველი მოზარდები ორენოვნები უნდა იყვნენ და პირველივე კლასიდან დაიწყონ ინგლისური ენის შესწავლა...

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ: ეს არის სულელი და დივერსანტი პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სულელური და დივერსანტული ნაბიჯი. შესანიშნავია, როცა ადამიანმა ორი ან მეტი ენა იცის, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორი: დაუშვებელია ბავშვი ერთდროულად, თანაბრად იყოს დატვირთული ორი ენით. პირველი კლასიდან მოსწავლე აცნობიერებს, რომ ენა ბუნების მოვლენათა შორის დამოუკიდებელი საგანია და მას ყურადღების კონცენტრაცია სჭირდება. ამ დროს ორი ენის სწავლება პედაგოგიკის ჩარჩოებს სცდება. ამის დამადასტურებელი მაგალითებიც არსებობს: ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბევრი იაპონელი ცხოვრობს, არის ინგლისური და იაპონური სკოლები.

მეცნიერული კვლევებით დაადგინეს, რომ ბავშვი, რომელიც იაპონურ სკოლაში სწავლობს, მარტო მშობლიურ ენას კი არ ითვისებს უკეთესად, არამედ სხვა საგნებსაც. ამავე დროს, ინგლისური ენაც წყალივით იცის. ხოლო მისი თანატოლი, რომელიც დედაენაზე არ სწავლობს, მას ზოგად განვითარებაში ჩამორჩება. აი, ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა არასწორი ლინგვისტური პედაგოგიკა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"