ავტორი:

ქალაქი თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც არცერთი შენობა არ დანგრეულა - რა გახდა ამის მიზეზი და ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა

ქალაქი თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც არცერთი შენობა არ დანგრეულა - რა გახდა ამის მიზეზი და ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

მაშინ, როცა სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციაში არის ერთი ქალაქი, ერზინი, სადაც ერთი შენობაც კი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე ორჯერ გამეორებული მიწისძვრის ძალა ამ ქალაქშიც ისეთივე იყო, როგორც ჰათაის სხვა ადგილებში.

დღეს მედია ცდილობს მიზეზების გარკვევას და ეძებენ კითხვებზე პასუხს - რატომ იყო ასეთი დამაგრეველი მიწისძვრა და რატომ არ დაინგრა არცერთი შენობა ერზინში. პასუხების ძიებას კი ქალაქის მერამდე მივყავართ, რომელმაც არ დაუშვა უკანონო მშენებლობები. ის დღეს ადგილობრივებისთვის გმირია.

მიწისძვრამ გაანადგურა ასობით ახალი აშენებული კორპუსი, ერზინში კი, სადაც დაახლოებით 42 000 ადამიანი ცხოვრობს, დააზიანა მხოლოდ მეჩეთები, ნგრევა არ ყოფილა და არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

  • აღნიშნულის შესახებ ერზინის მერმა ოქეშ ელმასოღლუმ TV5-ის ეთერში ისაუბრა.

"მადლობა ღმერთს, ერზინში ჩვენ არ გვქონია მსხვერპლი, არც დაზიანებები და ნგრევა. გვიხარია, რომ ჩვენს რაიონში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ძალიან ვწუხვართ ყველა გარდაცვლილის გამო.

მიწისძვრის საშინელი ბიძგები ჩვენც გამოვცადეთ. ეს ენით აღუწერელია. მე ერთსართულიან კერძო სახლში ვცხოვრობ და მიწისძვრის ბიძგები ძალიან იგრძნობოდა.

ბავშვებთან ერთად მაშინვე კარისკენ გავიქეცით. გადაადგილება ძალიან რთული იყო, ველოდით მის დასრულებას, მაგრამ არ სრულდებოდა, ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. როდესაც რყევა შემსუბუქდა, ავიღეთ ნივთები, რომელთა აღებაც შეგვეძლო და დაუყოვნებლივ დავტოვეთ სახლი", - ამბობს ქალაქის მერი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ დაუშვია ქალაქში უკანონო მშენებლობები.

  • ოქეშ ელმასოღლუს თქმით, ამის გამო არაერთ ადამიანთან ჰქონია კონფლიქტი.

"მე არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი უკანონო მშენებლობებს და ხანდახან, ამის გამო ბრაზდებოდნენ. მეუბნებოდნენ, შენ გარდა, ამ ქვეყანაში სხვა პატიოსანი და წესიერი კაცი არ არისო?!

სამი თვე იყო ჩემი არჩევიდან გასული, როდესაც მოვიდა ერთი, ჩვენი ნათესავი და მითხრა: "უკანონო მშენებლობისთვის დაგვაჯარიმეს..." და როცა ვუთხარი, რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი, მან მითხრა: "ნუთუ შენ ხარ აქ ერთადერთი წესიერი ადამიანი. ეს სიტყვები ჩემი ყურით გავიგონე.

ჩემი მხრივ, მე მაქვს ძალიან სუფთა სინდისი, იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუშვით უკანონო მშენებლობა. რა თქმა უნდა, თუ არ დაუშვებთ, გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვა გზას იპოვის ამგვარი მშენებლობისთვის და როგორღაც ააგებს უკანონოდ კონსტრუქციას. გვაქვს კონკრეტული ჯარიმები ამის აღსაკვეთად.

თუ უკანონო მშენებლობას ასი პროცენტით ვერ აფერხებ, გარკვეულწილად მაინც შესაძლებელია მისი შემცირება. არანაირ დათმობაზე არ წავედი და ეს ბევრ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებად დამიჯდა“, - ამბობს მერი.

  • ვინ არის ოკეშ ელმასოღლუ?

44 წლის ოქეშ ელმასოღლუ ერზინში დაიბადა. სწავლობდა მარმარას უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის თავის მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, რომელიც ძალიან უყვარს. ის დაქორწინებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს.

მერობის კანდიდატად ადგილობრივ არჩევნებში 2019 წელს თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან დაასახელეს და გამარჯვებაც მოიპოვა.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეტში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების დიდი წილი ახალაშენებულ ნაგებობზებზე მოდის. თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება. ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისგან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.

იხილეთ ასევე: