ავტორი:

"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები

"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები

მცირეწლოვანი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით თბილისში ჩამოიყვანეს. ის შუაღამეს, ერთ-ერთ კლინიკაში, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით გადმოიყვანეს. მანამდე კი, ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.

ადგილობრივ სააგენტო cominf.org-თან საუბარში, ბავშვთა ქირურგი ლუიზა ჯიოევა ამბობს, რომ 5 წლის ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შემდეგ მისი თბილისში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.

"ექიმის ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, შუადღეს მოხდა. ცხინვალში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმა პირმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მის მცირეწლოვან შვილს კი, მუცელში ახლო მანძილიდან ესროლა... ბავშვს, ჭრილობის გარდა, შოკური მდგომარეობა ჰქონდა, რადგან ყველაფერი მის თვალწინ მოხდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ის თბილისში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო - მას ორი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული ღვიძლითა და ნაწლავებით შემოიყვანეს. მას ასევე, მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა წინამხრის ძვლები. ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს", - წერს გამოცემა.

მოკლული რიჩარდ მამიევია. ოსური გამოცემის ცნობით, მამიევს, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

რიჩარდ მამიევი

მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ე.წ. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილიციის განყოფილებაში გამოცხადდა ასევე ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელმაც მკვლელობა აღიარა და ნებაყოფლობით ჩაბარდა უწყებას. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი მტრული ურთიერთობები იყო", - წერს გამოცემა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ბავშვი გამოჯანმრთელებამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარჩება, შემდეგ კი, ისევ ცხინვალში გადაიყვანენ.

  • გამოცემის ცნობით, არსებობს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ უხსნის მანქანიდან გადმოსული ხუგაევი ცეცხლს მამიევის მანქანას, როდესაც ის ავტომანქანის პარკირებას ცდილობს. კამერებში ჩანს, რომ ავტომანქანაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

ადგილობრივი ინტერნეტმოხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის თეთრი ავტომობილიდან ახალგაზრდა კაცი იარაღით ხელში, მიდის მძღოლის მიმართულებით და ხსნის ცეცხლს, იქიდან კი, მძღოლი გადმოდის, რომელიც მის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ თავდამსხმელი სროლას არ წყვეტს...

"თითქოს საშინელებათა ჟანრის ფილმი ვნახე. ასე უბრალოდ, არ ვიცი, რის გამო, დღისით, ადამიანი ცეცხლს უხსნის მთელ ოჯახს... ამბობენ, რომ დაპირისპირება ჰქონდათ, ბიზნეს წილების გამო, ფულისა და გავლენებისთვის, ხომ ყველაფერზე მივდივართ, არც მილიცია არსებობს, აღარც კანონი. ამიტომაც, ადამიანები თავად ცდილობენ ერთმანეთს გაუსწორდნენ. ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ", - წერს ალისია ჩიბიროვა.

"სრული გაუკითხაობა გვაქვს, ისეთ სახეს ნუ იღებთ, თითქოს ახლა პირველად გესმოდეთ მსგავსი ფაქტების შესახებ. ვიდრე ქვეყანას მაფიოზები მართავენ, ასე იქნება... ისინი კი დიდხანს იქნებიან. მადლობა ღმერთს, ბავშვს უკვე აღარაფერი ემუქრება. გაირკვა, რომ ბებიამისს თბილისის საავადმყოფოდან ვიდეოთვალით ესაუბრა. არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე სამართალი იზეიმებს, მაგრამ ბავშვს არაფერი დაუშავებია, არც ერთ მხარეს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ემირ ნარტიკოევი.

ნახეთ ასევე: