ავტორი:

"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

რამდენიმე თვის წინ, "ვივამედში" მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის ქართული პოლიტიკიდან გადის. ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით კი, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატობის შესახებ კითხვას ასე უპასუხა: "მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია“.

  • ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის შესაძლო პოლიტიკაში ჩართვაზე AMBEBI.GE-ს მიხეილ სააკაშვილის მამა ესაუბრა. ნიკოლოზ სააკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მიშას პოლიტიკაში მობრუნებას, მის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას. როგორც ის ამბობს, ეს ხმები მართლაც დამაბნეველია და ვიღაცის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს.

"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ადამიანი საჭიროებს მძლავრ რეაბილიტაციას, მკურნალობას და სიცოცხლის შენარჩუნებას. ჩემი აზრით, უნდა იყოს მეტი ლაპარაკი ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მეტი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მიშა გაიყვანონ სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის. აქ ლაპარაკი არაა გამოჯანმრთელებაზე, მიშას სჭირდება სიცოცხლის შენარჩუნება. რაც შეეხება მის პოლიტიკაში მობრუნებას, ეს ინფორმაცია ტელევიზიით გავიგე და ცოტა არ იყოს, გავოგნდი, ვინაიდან ამაზე ოჯახში ლაპარაკი არ ყოფილა, მსგავსი რამ არც გამიგია. რა დროს პრემიერობაზე და პოლიტიკაში ჩართვაზეა ლაპარაკი, კაცმა ხმამაღლა თქვა, ქართული პოლიტიკიდან მივდივარო. არ ვიცი, ეს ხმები რას ემსახურება, მე არც ვანგა ვარ და არც ვიღაც ნათელმხილველი, თუმცა ვფიქრობ, ეს ვიღაცების წისქვილზე წყლის დასხმას უფრო ჰგავს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მთელი ოჯახი პოლიტიკისგან შორს ვართ, მიშაც ამ აზრზეა, დღეს მთავარია და ლაპარაკია მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის უფლების შენარჩუნებაზე, მეტი არაფერი. კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, მასთან არ გვიშვებენ, მაქსიმალურად შეზღუდეს მნახველების რაოდენობა, მხოლოდ იურისტს აქვს იქ შესვლის უფლება. რამდენჯერ ვცადეთ მეც და გიულიმაც, მაგრამ იყო კატეგორიული უარი, უბრალოდ, ვიცით ყოველდღიური ამბები. დილას იმ იმედით ვიღვიძებ, რაიმე უკეთესობისკენ ხომ არაა, ვინმემ რამე საიმედო ხომ არ თქვა, მაგრამ ჩავრთავ ტელევიზორს და იქიდან მიშას ლანძღვის მეტი არაფერი მესმის.

10 წლის შემდეგაც მიშა მაგარი ყოფილა, რადგან ამ ხელისუფლების დროსაც თურმე ყველგან გავლენა აქვს. კარგით, რა... არც მელიაზე და არც ლევანზე კომენტარს არ გავაკეთებ, შვილი პრეზიდენტი მყავდა და პოლიტიკისგან მაშინაც აბსოლუტურად შორს ვიყავი, მარტო ჩემი საქმე ვიცოდი და ჩემი ერთადერთი პოლიტიკა დღესაც საქართველოს და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის სურვილია. გინდ დიპლომატიურ პასუხად ჩათვალეთ და გინდ - გულწრფელად.

ნიკოლოზ სააკაშვილს ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზეც ვკითხეთ. როგორც ცნობილია, ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება ექსპრეზიდენტის ძმამ - დათო სააკაშვილმაც დაადასტურა:

"მინდა გითხრათ, არაფრის საქმის კურსში არ ვიყავი და არ ვარ, ამ თემაზე აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, ჭორებს არ დავდევ... ეგრე, ჩემზეც ლაპარაკობენ, რომ ბალნეოლოგიური დღესაც ჩემი საკუთრებაა და თურმე მე ვდგავარ მის უკან", - გვიპასუხა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: